საარჩევნო ყუთი

ვინ იმუშავებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ცნობილი გახდა დეპუტატთა ვინაობა

50
(განახლებულია 20:22 25.02.2021)
არჩევნების შედეგების შესასწავლად შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციიდან და მმართველი პარტიიდან ორ–ორი დეპუტატი იმუშავებს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნების დროს დარღვევების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის კომისიის წევრთა ვინაობა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციას მისცა. უმრავლესობამ პირობა დადო – შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ხმების დათვლაში ცდომილება თუნდაც 1%-ს შეადგენს.

არჩევნების შედეგების შესასწავლად შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება, სადაც უმრავლესობას ორი კანდიდატი ეყოლება. მმართველი გუნდიდან კომისიაში გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური იქნებიან, „ევროპელ სოციალისტებს“ კი დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია წარმოადგენენ.

პარლამენტში მყოფი მეორე ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

დროებით საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და კვოტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვრა.

17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“. საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა.

დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისია სიღრმისეულად შეისწავლის 2020 წლის პარლამენტის არჩევნებს და საბოლოოდ გასცემს პასუხს, არსებობდა თუ არა ისეთი დარღვევები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ამომრჩეველთა ნების გამოხატვასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

50
თემები:
საქართველოს პარლამენტი (293)
არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ

37
(განახლებულია 15:51 14.04.2021)
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის დატოვების შემდეგ აღნიშნული პირები პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებენ.

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  ექვსი დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება და ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს პასუხისმგებლობიდან გაქცევა უწოდა. 

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა -  გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიმ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ დატოვეს და ისინი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებენ. როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან  პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად, რომელიც ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა... ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ თავის დროზე და დღეს უკვე მისმა მეგობრებმა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დგას იმ ვალდებულებების, პირობების უკან, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

მისი განმარტებით, ის არათანმიმდევრულობა, რომელიც ექს–პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღებისას და გუნდთან ურთიერთობაში გამოავლინა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში.  როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო,  გახარიამ სწორედ მაშინ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატის გასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 წევრი ჰყავს.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

 გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

37
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი

საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა

17
(განახლებულია 15:03 14.04.2021)
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებს გამართავს.

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი  15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ნუნე სარქისიაის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხუთშაბათს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  იგეგმება სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გარდა ამისა,  სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდება.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში სარქისიანი სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

17
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
საპატრიარქო

საპატრიარქო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე: დაუშვებელია სიტუაციის  ესკალაცია

0
(განახლებულია 17:19 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს. 

საპატრიარქო დაუშვებლად მიიჩნევს  სიტუაციის შემდგომ ესკალაციასა და კატეგორიულ ტონს, რომელიც, მათი განმარტებით,  არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას.

„პატივისცემით ვთხოვთ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

„ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

0