შსს „ნაცმოძრაობის“ ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

© Sputnik / STRINGERპოლიცია „ნაცმოძრაობის“ ოფისთან
პოლიცია  „ნაცმოძრაობის“ ოფისთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია ამ დილით ჩაატარა. ოპოზიციის ლიდერი პარტიის ოფისში დააპატიმრეს.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა.

„ნაცმოძრაობის ოფისის შტურმი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეცსაშუალებები

23 თებერვალს, დილით შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, შტურმის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შეუძლოდ გახდა. შსს-ში განაცხადეს, რომ პოლიციამ დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

პარტიის ოფისთან და ოფისში მელიას ასობით მხარდამჭერი იყო მობილიზებული. სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა.

შსს-ს განცხადებით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასასვლელად უსაფრთხო დერეფანი მოუწყვეს.

„შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რისი ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მიმართავს პოლიცია ნიკა მელიას და იქ შეკრებილ მოქალაქეებს და აძლევს გონივრულ ვადას, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს, ასევე კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ისვრის „ნაცმოძრაობის" აქტივისტი მყარ საგანს პოლიციის მიმართულებით, რა დროსაც დაზიანდა ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოტექნიკა.

უწყების ცნობით, შსს ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს შეისწავლის და მათზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

ნიკა მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა მეორედ დანიშნული გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„ნაცმოძრაობის“ ოფისთან დაშავებულების მდგომარეობა: ჯანდაცვის უწყება ინფორმაციას ავრცელებს>>

მელია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ის პოლიტიკური პროცესებისგან მის იზოლირებას ცდილობს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0