ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმა პოლიციას სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა

73
(განახლებულია 16:27 23.02.2021)
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია დაახლოებით 1,5 საათს გაგრძელდა.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

23 თებერვალს, დილით შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, შტურმის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შეუძლოდ გახდა. პარტიის ოფისთან მელიას ასობით მხარდამჭერი იყო შეკრებილი. სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა.

„დღეს ჩვენ მომსწრე გავხდით იმისა, რომ ჩვენ ვართ ძლიერი და სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიცია და ძალზე ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ გომელაურს და მთელ პოლიციას იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და სტაბილურობა. მე ვამაყობ თქვენით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

პოლიცია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაკავებას 18 თებერვალსაც შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა – მელიას დაპატიმრება პრემიერ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის გამო გადაიდო.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.

73
ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ

„არ იმუშავა“: ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციის ფუნდამენტურ შეცვლას მოითხოვს

86
(განახლებულია 21:34 05.03.2021)
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა 2004-2012 წლებში შევიდა, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ კი ქვეყანაში განახლებული კონსტიტუცია ამოქმედდა

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რადგან მიიჩნევს, რომ დღევანდელი კონსტიტუცია ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოს კონსტიტუციის წინა ვერსია დღევანდელზე უკეთესი იყო. ქვეყნის უმაღლეს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებიც უჭერენ მხარს. 

„ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, ბევრი ადამიანის, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით, რომ შევქმნათ ისეთი ინსტიტუციები, რომლებსაც ნდობა ექნება ხალხის მხრიდან“, — განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა,  გიორგი ვაშაძემ.

ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას ეთანხმება პარტია „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც. მას მიაჩნია, რომ კონსტიტუციის ახალმა მოდელმა „ვერ იმუშავა“ და დარწმუნებულია, რომ ვიდრე პოლიტიკურ ელიტებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ ინტერესებს მოარგონ კონსტიტუცია, მანამ ქვეყანა სწორ გზით ვერ განვითარდება.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიცია გაერთიანდა „ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო და ეს მისასალმებელია“, თუმცა ერთიან პლატფორმაზე საუბარი ნაადრევია.

საქართველოს პირველ კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა. მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იყო იმ პერიოდის მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების მიღწევად მიიჩნევა.
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა შევიდა 2004-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.

2018 წლის 16 დეკემბრიდან კი ქვეყანაში განახლებული კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის თანახმად საქართველო გადავიდა საპარლამენტო მოდელზე, ხოლო პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილების მქონე სიმბოლურ ფიგურად იქცა.

 

 

86
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: შშმ პირთა უფლებების დოკუმენტის რატიფიცირება ისტორიული მნიშვნელობისაა

31
(განახლებულია 22:54 05.03.2021)
ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით საქართველო იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი ხდება, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შშმ პირთა უფლებები

თბილისი,  5 მარტი – Sputnik.  საქართველომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა, რაც ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე.

დადგენილების პროექტის „გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის“ რატიფიცირებას 82–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

„ადამიანის უფლებადამცველებს და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, თუ რას ნიშნავს ამ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას, ვისაც სპეციალური საჭიროებები აქვს, ეს გადაწყვეტილება გააუმჯობესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UNCRPD), რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2013 წელს მოახდინა, სახელმწიფოებს ავალდებულებს შშმ პირთა სტატისტიკური და კვლევითი მონაცემების შეგროვებას, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობა, შეუძლებელს ხდის პრობლემის რეალური სურათის გამოვლენას და შშმ პირთა საჭიროებების დანახვას. 

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება კი ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას, კონვენციით და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული პრინციპებისა და ღირებულებების სრულფასოვან იმპლემენტაციას. 

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი უფლებამოსილია განიხილოს წევრი სახელმწიფოებიდან განხორციელებული ინდივიდუალური მიმართვები, ჩაატაროს გამოკითხვის პროცედურები, განიხილოს ქვეყნების პერიოდული ანგარიშები და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები.

საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სრულად ამოქმედდა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელშიც მკაფიოდაა გაწერილი შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა. 

როგორც კანონის ზოგად დებულებებშია ნათქვამი, კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრების ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით.

„ჩვენ შევუერთდებით იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მაღალ დონეზე აყენებენ ადამიანის უფლებებს, კონკრეტულად შშმ პირთა უფლებებს და რომელთაც დამატებითი ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერა ექნებათ გაეროს შშმ პირთა უფლებების კომისიისაგან“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, შესაბამისი საექსპერტო მხარდაჭერა, რეკომენდაციები დაეხმარება მთავრობას, რომ მათი მხარდაჭერა შშმ მოქალაქეების მიმართ იყოს უფრო სრულყოფილი და გამართული.

ბოლო, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 124,5 ათასი შშმ პირი ცხოვრობდა. ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს საქართველოში, ვინაიდან კონფიდენციალური მონაცემების გავრცელება აკრძალულია.

 

31
თემები:
საქართველოს პარლამენტი
კარვები პარლამენტის წინ

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ქართველი მედიკოსები შეუერთდნენ

0
პროტესტში მონაწილეობასთან ერთად, მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ვაქცინაციის აუცილებლობა მოსახლეობისთვის

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ქართველი მედიკოსების ნაწილი შეუერთდა ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების აქციას - პარლამენტის წინ ისინი გადაუდებელი დახმარების კარავ დადგამენ.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თბილისში, პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„რამდენიმე დღეში ჩვენ დავდგამთ გადაუდებელი დახმარების კარავს, სადაც მუდმივად იქნებიან ექიმები და მედპერსონალი, რომლებიც მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ“, - განაცხადა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ.

სხვა მედიკოსმა განმარტა, რომ დახმარება სრულიად უსასყიდლო იქნება.

„ამით ჩვენი მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა გვსურს“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ექიმებმა, რომლებიც საპროტესტო აქციას შეუერთდნენ, კიდევ ერთხელ აღნიშნეს ვაქცინაციის აუცილებლობა მოსახლეობისთვის.

ვაქცინებთან დაკავშირებული სკანდალი მას მერე აგორდა, რაც ქვეყანამ ვერ მიიღო შეპირებული ვაქცინის (Pfizer) პირველი პარტია, რომელიც მედპერსონალის ასაცრელად იყო საჭირო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი განაცხადა, რომ COVAX–პლატფორმამ საქართველოს ჩათვლით 18 ქვეყანა განსაზღვრა, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინას გამონაკლისის სახით მიიღებენ.

COVAX-პლატფორმის დახმარებით ვაქცინის 1,4 მილიონი დოზის მისაღებად საქართველომ წინასწარ 5,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. ვაქცინების ეს რაოდენობა მოსახლეობის 20%-ის - 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის განკუთვნილი.

გაბუნიას თქმით, აგრეთვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაზე. სულ საქართველოს 2,5 მილიონი დოზა სჭირდება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძენ გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში შესაძლოა ინდოეთიდან იქ ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს.

ტიკარაძე: ვაქცინის პირველი პარტია შესაძლოა ინდოეთიდან ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს >>

ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება. 

0