ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა

78
ახლანდელ მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სახეა - თავდაცვის მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით, ორის წინააღმდეგ, ნდობა გამოუცხადა განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით.

„დამიჯერეთ მე...“ – ღარიბაშვილი პარლამენტიდან ოპოზიციას მიმართავს >>

საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო და აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ვერ მიაღწია თანხმობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

ღარიბაშვილის მთავრობაში ორი ახალი მინისტრია - თავდაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის.

ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა
  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი
  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი
  • სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - თეა ახვლედიანი.

ოფიციალურად მინისტრები თანამდებობებზე უახლოეს დღეებში დაინიშნებიან.

მთავრობის დამტკიცების პარალელურად საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა სამთავრობო პროგრამასაც - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

პროგრამის მთავარი პრიორიტეტებია ეკონომიკური კრიზისის გადაჭრა, ჯანდაცვის საკითხები და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება.

78
ეუთოს სიმბოლიკიანი დროშა

ეუთო-ოდირის შემაჯამებელი ანგარიში საპარლამენტო არჩევნებზე და რეაქციები საქართველოში

43
(განახლებულია 09:16 07.03.2021)
ეუთო/ოდირის საბოლოო მოხსენებაში საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულად და კონკურენტულად არის მიჩნეული, მაგრამ ბევრი შენიშვნით, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის, ისე ხმების დათვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამო.

თბილისი,  6 მარტი – Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურომ (OSCE/ODIHR) გამოაქვეყნა შემაჯამებელი მოხსენება, რომელიც ეყრდნობა 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს. მოხსენებამ საქართველოში უამრავი კომენტარი გამოიწვია.

არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ძალაუფლების მესამედ შენარჩუნება და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება შეძლო. თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბებულია და მათ შედეგებს არ აღიარებს, რამაც ქვეყანა მიიყვანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისამდე, რომლიდან გამოსავალი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

რა წერია მოხსენებაში

ეუთო/ოდირის საბოლოო მოხსენებაში საქართველოში ჩატარებული არჩევნები აღიარებულია როგორც დემოკრატიული და კონკურენტული, მაგრამ ბევრი შენიშვნით, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით, ისე ხმების დათვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამო.

ეუთო/ოდირის შენიშვნები გამოიწვია საარჩევნო კანონმდებლობაში არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შესულმა შესწორებებმაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცვლილებები კანონმდებლობაში ტექნიკურად იყო შეტანილი, ხოლო ბევრი დებულების განმეორებადმა და დაღმავალმა ხასიათმა სამართლებრივ ბაზაში არსებითი არათანმიმდევრულობა და არასტაბილურობა გამოიწვია.

მოხსენებაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რამდენიმე წინანდელი რეკომენდაცია, მათ შორის ისიც, რომელიც ეხებოდა აგიტაციას, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, საჩივრების, აპელაციების შეტანის პროცესს და ა.შ.

გარდა ამისა, მოხსენებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების არსებულმა წესებმა გამოიწვია მმართველი პარტიის წარმომადგენლობის დომინირება, რაც ნეგატიურად აისახა საზოგადოების მხრიდან კომისიების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმაზე.

აგრეთვე მოხსენებაში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებების ნაწილი საზოგადოებაში ხმების მოსყიდვად მიიჩნიეს.

მოხსენებაში კრიტიკის საგანი ასევე არჩევნების დღე გახდა. ეუთო/ოდირის თვალსაზრისით, საარჩევნო უბნების ფარგლებს გარეთ დიდი რაოდენობით პარტიული კოორდინატორები და აქტივისტები შეინიშნებოდნენ.

გარდა ამისა, მოხსენებაში მითითებულია, რომ თუმცაღა საარჩევნო კაბინაში კენჭისყრის საიდუმლო ძირითადად დაცული იყო, დათვალიერებულ საარჩევნო უბნების უმეტესობაში ამომრჩეველთა თანხმობის გარეშე მათი ვიდეო- და ფოტოგადაღება პოტენციურად შემაშინებელ ვითარებას ქმნიდა.

მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია, რომ საარჩევნო დავების გადასაჭრელად სამართლებრივი ბაზა არის რთული და გაუმართლებლად შემზღუდავი, ხოლო მისი შესრულების ვადები - მოკლე.

მომხსენებლებმა ასევე შენიშნეს, რომ არჩევნების შემდეგ საჩივრების განხილვა წარმოადგენდა მეტწილად ზედაპირულ პროცესს, სადაც არ არსებობდა გადაცდომების საგნობრივი გამოძიება და სანდო საფუძვლები გადაწყვეტილებების მისაღებად.

„საჩივრების უმეტესობის სისტემატურმა დაუკმაყოფილებლობამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აზრთა სხვადასხვაობა

მმართველ პარტიაში მოხსენებით მთლიანობაში კმაყოფილები დარჩნენ.

„დღეს საბოლოოდ დაესვა წერტილი და დადასტურდა ის სიმართლე, რასაც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, ძირითადი უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები ჰქვია... ეუთო/ოდირის დასკვნა არის ბეჭედი იმ სიმართლის დასამტკიცებლად, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცოტა არ იყოს რთული გასატანი გახდა, მაგრამ საზოგადოებამ საბოლოოდ ყველაფერი ნათლად დაინახა“, - განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ის მოხსენებაში არსებულ შენიშვნებსაც გამოეხმაურა.

„ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში წარმატებული არჩევნების დროს, აქაც იყო ხარვეზები და ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ მზაობას, რომ საარჩევნო რეფორმა მხარეებს შორის შეთანხმებით ჩატარდეს ისე, რომ ყოველი შემდეგი იყოს წინაზე უკეთესი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მოხსენებაში თავისი სიმართლის დადასტურება ოპოზიციამაც დაინახა.

„რაც შეეხება შინაარსს, რა დარღვევებზეც არის აქ საუბარი, რა თქმა უნდა, ეს არის ის ფუნდამენტური დარღვევები, რაზეც ჩვენ ვამბობთ, რომ შედეგზე მოახდინა ძალიან დიდი გავლენა“, - აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

რა მოხდება შემდგომში

ოპოზიცია და ხელისუფლება ამჟამად იმყოფებიან მოლაპარაკებების სტადიაში. მოლაპარაკების საგანს ექვსი პუნქტი წარმოადგენს. მათ შორისაა ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, პოლიტპატიმრების და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, ძალთა გადანაწილება პარლამენტში, პოტენციური ვადამდელი არჩევნები, მომზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.

აღნიშნულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად და პროგრესის მისაღწევად მათ აქვთ ორი კვირა, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა მისცეს.

43

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

72
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

72
საპატრულო პოლიცია

წავიდა და არ დაბრუნებულა: რამდენი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2020 წელს

0
(განახლებულია 09:12 07.03.2021)
დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მაგრამ 2020 წელს ასევე ეძებდნენ რუსეთის, თურქეთის და ნიდერლანდების თითო მოქალაქეს. აქედან თურქეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. საქართველოში 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 1000 ადამიანი, აქედან 2020 წელს დაიკარგა 42 ადამიანი, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად.

უწყების მონაცემებით, 2020 წელს სულ დაიკარგა 126 ადამიანი, აქედან 69 ცოცხალი იპოვეს, 15 - გარდაცვლილი. პოლიცია დღემდე ვერ ახერხებს 42 ადამიანის მოძებნას, მათ შორის 6 ბავშვია.

დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მაგრამ 2020 წელს ასევე ეძებდნენ და იპოვეს რუსეთის ერთი მოქალაქე, თურქეთის ერთი მოქალაქე და ნიდერლანდების ერთი მოქალაქე. ამასთან თურქეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს. დღემდე მიმდინარეობს ყაზახეთის ერთი და პოლონეთის ერთი მოქალაქის ძებნა.

საქართველოს შსს ძებნას 1973 წლიდან ახორციელებს, იმ დროიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა 6.097 და უკვე მოძებნილია 5.097 ადამიანი.

0