საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი დღეს კენჭს უყრის მთავრობის ახალ შემადგენლობას

33
(განახლებულია 17:18 22.02.2021)
საპარლამენტო კომიტეტებმა გუშინ ხმათა უმრავლესობით ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადეს

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში დღეს გაიმართება კენჭისყრა მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ, მაგრამ პლენარულ სხდომამდე პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქციის ფორმატში „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან.

საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო და აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ვერ მიაღწია თანხმობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წამოაყენა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანდიდატებთან ფრაქციის ფორმატში შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ისინი თავიანთ კითხვებს სხდომაზე დასვამენ.

  • ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

საკანონმდებლო ორგანო ორი დღის განმავლობაში, დაჩქარებული წესით უსმენდა მინისტრობის კანდიდატებს, კანდიდატებს პროგრამის წარსადგენად 20–25 წუთი ჰქონდათ, შემდეგ ისინი დეპუტატების კითხვებს პასუხობდნენ. საპარლამენტო კომიტეტებმა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ხმათა უმრავლესობით ნდობა გამოუცხადეს.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, დღეს, დილით ფრაქციები გამართავენ შეხვედრას პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებთან. შემდეგ ბიურო კომიტეტების გადაწყვეტილების ინიცირებას მოახდენს სხდომაზე და დააყენებს საკითხს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გეგმის მხარდაჭერის შესახებ.

მინისტრთა ახალი კაბინეტი, რომელშიც სულ მცირე ცვლილებები შევიდა, ასეთია:

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
  • იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
  • თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

სამთავრობო გუნდში ორი ახალი სახე გამოჩნდა – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე.

33
თემები:
საქართველოს მთავრობა (120)
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია

„დიალოგი გაგრძელდება“: შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასრულდა

18
(განახლებულია 23:24 01.03.2021)
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შედგა ექვსპუნქტიანი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელსაც შეხვედრის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

შეხვედრაზე, რომელსაც მიშელის გარდა ესწრებოდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შედგა ექვსპუქნტიანი ჩარჩო-დოკუმენტი, რომელსაც შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს.

ამ ექვს პუნტქს შორისაა ისეთი საკითხები, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატმრების გათავისუფლება, მართლმსაჯულების რეფორმა. შემდგომ შეხვედრებზე მხარეებს შორის მსჯელობა სწორედ ამ საკითხების ირგვლივ გაგრძელდება.

მიშელის თქმით, საქართველოს საკითხი რამდენიმე კვირაში განიხილება ევროპარლამენტში. მანამდე კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს შეხვედრა, რომელზეც, ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს.

„ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები. მისი თქმით, ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გამართული კონსლუტაციების შემდეგ.

„ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მამართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გვაქვს ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული კითხვები და გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბნენ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი), „ევროპული საქართველოს“ (დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია), „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე), „პატრიოტთა ალიანსის“ (ირმა ინაშვილი), რესპუბლიკური პარტიის (ხათუნა სამნიძე), ლეიბორისტული პარტიის (შალვა ნათელაშვილი), „მოქალაქეების“ (ალეკო ელისაშვილი), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე).

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ.

18
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე

დაუგეგმავი შეხვედრა: ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებებს მართავენ

40
ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის ინიციატივით საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოვიდა

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან - რამდენიმე წუთში აქ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით, მოლაპარაკება დაიწყება, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიშელმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია, თანაც დაუყოვნებლივ.

პრეზიდენტის სასახლეში იკრიბებიან ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი), „ევროპული საქართველოს“ (დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია), „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე), „პატრიოტთა ალიანსის“ (ირმა ინაშვილი), რესპუბლიკური პარტიის (ხათუნა სამნიძე), ლეიბორისტული პარტიის (შალვა ნათელაშვილი), „მოქალაქეების“ (ალეკო ელისაშვილი).

ორბელიანის სასახლეში იმყოფებიან ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები - მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ.

40