ხატია დეკანოიძე

ოპოზიცია მზად არის დიალოგის დასაწყებად მასშტაბური საპროტესტო აქცია გადადოს

44
(განახლებულია 23:27 21.02.2021)
რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რასაც ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს, უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნა, მიაჩნიათ ოპოზიციაში

თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ოპოზიცია მზად არის გადადოს 25 თებერვალს დაანონსებული საპროტესტო აქცია, რათა მოლაპარაკებების დასაწყებად შესაძლებლობა გაჩნდეს, განაცხადა მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოში ამ კვირაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა სასამართლოს მიერ „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ. რასაც, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა მოყვა. მან ღიად განაცხადა უთანხმოების შესახებ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოსთან, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ მელიას დაკავებას და მზად არიან ის ფიზიკურად დაიცვან.

რამდენიმე დღის წინ რადიკალურმა ოპოზიციამ 25 თებერვალს და 13 მარტს მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა. მთავარ მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება წარმოადგენს.

დღესვე ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს შეხვედრა ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან. ის თბილისში ჩამოვიდა როგორც საერთაშორისო შუამავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. შაბათს პავილიონისი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთანხმების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია იმისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. იმისთვის, რომ შეასრულონ მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები, როგორიც იყო კონგრესიდან, სენატიდან და ყველა იმ საერთაშორისო აქტორიდან, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია", - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რასაც ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნა.

 

 

44
კარვები პარლამენტის შენობასთან

სკანდალი აქციაზე კარვის გამო: რა ხდება რუსთაველზე?

78
პოლიცია ოპოზიციის აქციაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქტივისტებმა ბათუმიდან ჩამოტანილი კარავი გზის სავალ ნაწილზე დადგეს

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ აქტივისტებს გონუვრული ვადა მისცა იმისთვის, რომ მათ პარლამენტის შენობასთან, გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი აიღონ, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

პოლიცია ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქტივისტებმა კარავი გზის სავალ ნაწილზე დადგეს.

ისინი ხელს ვერ შეგვიშლიან კარვის გაშლაში, რადგან აქ  ბევრი ხალხია, განაცხადა ერთ–ერთმა აქტივისტმა ნიკა ნარსიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კარავი პარლამენტის ტერიტორიაზე ბათუმიდან გადმოიტანა, სადაც საპროტესტო აქცია დღემდე მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება. ნაწილმა კარვები ტროტუარზე გაშალა და ახლა მუსიკას უსმენს.

78
ოპოზიციის აქცია

კარვების ქალაქი, პროტესტი კანცელარიასთან და კონცერტი: ოპოზიციის აქცია გრძელდება

34
ათასობით ადამიანი თბილისის ცენტრისკენ მსვლელობით გაემართა, შემდეგ კი აქცია პარლამენტის შენობასთან მოაწყო. ოპოზიციის ლიდერებმა აქ თავიანთი უახლოესი გეგმები გამოაცხადეს

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან, ამავე დროს პარლამენტთან საკონცერტო სცენა და კარვების ქალაქი ეწყობა.

თბილისის ცენტრისკენ ათასობით ადამიანი მსვლელობით გაემართა, შემდეგ გაიმართა აქცია პარლამენტის შენობასთან. ოპოზიციის ლიდერებმა აქ უახლოესი ორი კვირის გეგმა გამოაცხადეს.

ოპოზიციის გეგმებშია პარლამენტისა და სამთავრობო კანცელარიის პიკეტირება, აქციები შსს–სთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. ეს ყველაფერი ახალი მასშტაბური საპროტესტო აქციით დასრულდება.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიისკენ ინაცვლებენ. იქ განაცხადებენ თავიან მოთხოვნებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, შემდეგ დაბრუნდებიან პარლამენტთან, სადაც საკონცერტო სცენის მოწყობა მიმდინარეობს.

პარლამენტის გვერდით დგამენ კარვებს, სადაც მომიტინგეები ღამის გატარებას აპირებენ.

34
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
პატრული

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 20:18 26.02.2021)
სავარაუდო დამნაშავემ, სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოყვა

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტიდან უმოკლეს დროში დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. 

რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ინფორმაციით, გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში