პარლამენტის სხდომა

საქართველოში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ

65
(განახლებულია 16:01 21.02.2021)
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვეს

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს - ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.

კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა. შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო იმ დროინდელი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება, 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების მიღწევად არის მიჩნეული.

ღონისძიება პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს. შეკრებილების წინაშე წარდგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, პარლამენტის დეპუტატები.

„ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება და ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. მჯერა, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს!“ – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს თარიღი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის ქვეყნის წინსვლისთვის ერის ერთსულოვნება.

„მე, პირადად, ამაყი ვარ, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციით ცოცხლობდა და ბოლომდე სწამდა მისი აღდგენისა. ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციისა და მისი პრინციპების ერთგულებაა. მჯერა, რომ ერთსულოვნებითა და მთავარი ფასეულობების გარშემო გაერთიანებით საქართველო გახდება ძლიერი ევროპული სახელმწიფო – სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ხოლო პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ, პირდაპირ ვიტყოდი, გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან, მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს დამნაშავე ძალა, მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი, რადგან ვერ შეძლებს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს, ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვეს. ორდენით გათვალისწინებულ ფულად პრემიას ის ონკოლოგიურ დაავადებათა მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.

გარდა ამისა, პარლამენტის 13 თანამშრომელს საკანონმდებლო ორგანოში 25 წლიანი წარმატებული მუშაობისთვის საპატიო ნიშნები გადაეცათ.

დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გახსნიან.

65
ელენე ხოშტარია

საქართველოში ახალი პოლიტიკური მოძრაობა გაჩნდა

69
(განახლებულია 20:28 08.03.2021)
ახალი თაობის პოლიტიკოსმა საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვაში მის მიერ დაფუძნებული მოძრაობის მიზნებზე ისაუბრა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ ჩამოაყალიბა.

გუშინ ელენე ხოშტარიამ YouTube-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ისაუბრა ახალი მოძრაობის ძირითად მიზნებზე – უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ახალი მოძრაობის პრეზენტაცია მარტის ბოლოს იგეგმება. 

„დროა, ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რაც ხდება და ამას არ შევეგუებით. მე ვამხელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს... მე ვამხელ ყველანაირ უსამართლობას და არ შევეგუები მას. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი უფლებები, უსამართლობისგან დაიცვათ თქვენი ოჯახი, თქვენი სოფლის, ქალაქის, რაიონის მოსახლეობა. თქვენ არ იქნებით მარტო, ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არც ერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

2020 წლის დეკემბრის ბოლოს ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ რიგები დატოვა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ.

რით არის ცნობილი ელენე ხოშტარია?

40 წლის ელენე ხოშტარია ქართულ პოლიტიკაში ახალი თაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია. იგი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. 2019 წლის ზაფხულში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მოითხოვა პარლამენტის დარბაზიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გაძევება. 

იგი სხდომებზე ჩნდებოდა სასტვენით და მაისურით წარწერით „სირცხვილია“ – პოლიტიკოსი ამ ფორმით გამოხატავდა პროტესტს „ქართული ოცნების“ მხრიდან პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენასთან დაკავშირებით.

ელენე ხოშტარია 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს თბილისის მერობის კანდიდატი იყო „ევროპული საქართველოდან“, ასევე იყო ამავე პარტიის და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარულ ოლქში.

69
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ევროპის მოედანი

„ძლიერი ქალები, ძლიერი საქართველო“: ქალების მხარდასაჭერად ევროკავშირი კამპანიას იწყებს

33
(განახლებულია 19:09 08.03.2021)
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ქალებისთვის თანასწორუფლებიანი, ინკლუზიური და უსაფრთხო გარემოს შექმნას და ასევე ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტის ღონისძიებებს.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ევროკავშირი საქართველოში ახალ საინფორმაციო კამპანიას – „ძლიერი ქალები – ძლიერი საქართველო“ იწყებს.

საინფორმაციო კამპანია, რომელიც სოციალურ მედიაში დაიწყო, მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, კამპანიის მიზანი იმ უმნიშვნელოვანესი როლის წარმოჩენაა, რომელსაც ქალები ასრულებენ როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში – უფრო თანასწორი მომავლის შესაქმენლად. 

„მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში იმ ლიდერი ქალების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავიანთი თემებისა და ქვეყნის განვითარებაში“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ და დროა ის ბარიერები ამოიფხვრას, რომელიც ხელს უშლის ქალებს, სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს გაძლიერებაში.

„საქართველოში ქალების წვლილი ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა, ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებული სახლს გარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან, ან, უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია“, – აღნიშნულია ჰარცელის განცხადებაში.

ელჩის განცხადებით, ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. ქალთა დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.

33
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები
ადამიანის ფსიქოლოგია

ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“

0
(განახლებულია 13:07 08.03.2021)
თითოეულ ადამიანს აქვს ხასიათის ბნელი მხარეები, რომლებსაც „შინაგანი დემონები“ ეწოდება. ასტროლოგებმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის დამახასიათებელი ბნელი მხარეები გამოყვეს

ძლიერ ადამიანებს შესწევთ უნარი, რომ ამ „შინაგან დემონებს“ ებრძოლონ და ბრძნული რჩევები გაითვალისწინონ. რას ამბობენ ექსპერტები ზოდიაქოს ნიშნების შინაგან ბნელ მხარეებზე და რას ურჩევენ მათ ამის დასაძლევად – შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>

ვერძი

ვერძების მთავარი დემონი – ეს ზედმეტობა და გადაჭარბების სიყვარულია. თქვენ არ იცით საზღვარი არც მუშაობაში, არც დასვენებაში, ცხოვრებით ტკბობასა და გართობაში, ოღონდ არა ერთდროულად, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. უბრალოდ, არ შეგიძლიათ შეჩერება, როცა ეს აუცილებელია. მეორე მხრივ, სწრაფვა, რომ ყველაფერი ერთად და ერთდროულად ჩაიგდოთ ხელში, თქვენთვის საოცარი მოტივაციის როლს ასრულებს.

კურო

კუროებს ძალიან გეშინიათ მარტო დარჩენის. გეშინიათ, რომ ერთ დღეს ყველა ზურგს გაქცევთ. ამის გამო ხშირად მეგობრობთ პირველ შემხვედრთან იმის ნაცვლად, რომ საუკეთესო ადამიანები იპოვოთ. ადამიანების ასეთი განურჩევლობა ხანდახან განგაშის გრძნობასთან ბრძოლაში გეხმარებათ, მაგრამ ეს არცთუ ხშირად ხდება.

ტყუპი

ტყუპის მთავარი დემონი – ეს თავისუფლებისმოყვარეობაა. ვერ იტანთ, როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, გმართავენ ან გზღუდავენ. ეს დემონი თქვენგან მტკიცე მოქმედებებს მოითხოვს. ხშირად უარყოფთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენზე ზრუნავენ.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

კირჩხიბი

გიყვართ ჭორაობა და ხმების გავრცელება და ამაში საკუთარ თავსაც კი არასდროს გამოუტყდებით. თქვენთან ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები. მეორე მხრივ, თუ ვინმე ძვირფასია თქვენთვის, მათ შესახებ არასდროს არავის არაფერს არ მოუყვებით.

ლომი

ლომები „ჩაციკლული“ ხართ იმაზე, რომ ყოველთვის ყველაზე უკეთესი იყოთ. ეს სასარგებლო სწრაფვაა, მაგრამ ხშირად ძალიან შორს „შეტოპავთ“ ხოკმე. ასეთ შემთხვევაბში ყველაფერი გავიწყდებათ და მხოლოდ სამუშაოზე, ბიზნესზე, წარმატებასა და ფულზე ხართ გადართული.

ქალწული

თქვენი მთავარი დემონი პერფექციონიზმია, რომელიც გაკეთებულ სამუშაოში, ადამიანებში, ნივთებბში მუდამ რაღაც ნაკლს ეძებს. გიყვართ, როდესაც ყველაფერი წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება. ამ შინაგანი „მეს“ გამო ხშირად გიცრუვდებათ იმედები.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

სასწორი

ერთი განსაკუთრებულად აქტიური დემონი გყავთ, რომელსაც ჰქვია „არაუშავს, კარგი“. ამას ხშირად ეუბნებით საკუთარ თავს, როცა რაღაც ცუდი ხდება, ირგვლივ ბევრი სირთულე და პრობლემაა. აზროვნებთ ოპტიმისტურად, რაც კარგია, მაგრამ ხშირად აგებთ იმის გამო, რომ არ აღიარებთ პრობლემის არსებობას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.

მორიელი

თქვენი მთავარი დემონი შურისმაძიებლობაა. ბევრი ამბობს, რომ ეჭვიანები ხართ, მაგრამ ეჭვიანობა ხშირად ნორმის ფარგლებს არ სცდება, რასაც ვერ ვიტყვით თქვენს გულღძოობასა და ბოღმის გულში ჩადებაზე. ხანდახან საკუთარ თავსაც აშინებთ, იმდენად კარგად გახსოვთ ადრინდელი წყენა.

მშვილდოსანი

თქვენი შინაგანი დემონი მანიპულაციებისადმი მიდრეკილებაა. შეგიძლიათ და გიყვართ ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე ადამიანებით მანიპულირება და ამას ისეთი უდიდესი ოსტატობით აკეთებთ, რომ ვერავინ ხვდება.

ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში>>

თხის რქა

თქენი დემონი უნდობლობაა. ამის გამო სწრაფად ვერ პოულობთ სიყვარულს, მეგობრებს. გეშინიათ, რომ მოგატყუებენ ან გიღალატებენ. აფასებთ საკუთარ დროსა და ძალებს, მაგრამ ხშირად ამის გამო მარტოობით ზღვევთ.

მერწყული

თქვენში ეჭვიანი დემონი ზის, რომელიც თავისუფლებას არ აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხართ. „შეშლილი“ ხართ კონტროლზე. გჭირდებათ, რომ ყოველდღე და ყოველ წუთს დარწმუნებული იყოთ, რომ ვინც თქვენ გარშემოა, სხვა არავინ ჰყავთ ისეთი, რომლებსაც თქვენნაირად ეპყრობიან. თქვენ გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოთ.

თევზები

თქვენი მთავარი მტერი და შინაგანი დემონი – ეს სიზარმაცეა. შეგიძლიათ მასთან გამკლავება, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებთ. სიზარმაცე ხშირად გძლევთ და ამის გამო არღვევთ დანაპირებს. შედეგად, ირგვლივ მყოფების თვალში არასაიმედონი მოსჩანხართ.

ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა">>

0