პარლამენტი

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 22 თებერვალს უყრის კენჭს

57
ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება – მმართველ პარტიას პარლამენტში 90 დეპუტატი ჰყავს.

თბილისი, 19 თებერვალი -  Sputnik. მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 22 თებერვალს პლენარულ სხდომაზე გავა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. „ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

თალაკვაძის განცხადებით, 20-21 თებერვალს მინისტრობის კანდიდატების მოსმენები საპარლამენტო კომიტეტებში გაიმართება. 22 თებერვალს პრემიერობის კანდიდატი და კაბინეტი პოლიტიკურ ჯგუფებს - საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ვალდებული ვარ, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რათა მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა 2021 წლის 22 თებერვლის 15:00 საათიდან. ეს სხდომა მთლიანად დაეთმობა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახეა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე - ირაკლი ქარსელაძე. თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.

ვინ არიან მინისტრთა კაბინეტის ახალი სახეები>>

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

57
თემები:
საქართველოს პარლამენტი (279)
ეუთოს სიმბოლიკიანი დროშა

ეუთო-ოდირის შემაჯამებელი ანგარიში საპარლამენტო არჩევნებზე და რეაქციები საქართველოში

43
(განახლებულია 09:16 07.03.2021)
ეუთო/ოდირის საბოლოო მოხსენებაში საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულად და კონკურენტულად არის მიჩნეული, მაგრამ ბევრი შენიშვნით, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის, ისე ხმების დათვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამო.

თბილისი,  6 მარტი – Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურომ (OSCE/ODIHR) გამოაქვეყნა შემაჯამებელი მოხსენება, რომელიც ეყრდნობა 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს. მოხსენებამ საქართველოში უამრავი კომენტარი გამოიწვია.

არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ძალაუფლების მესამედ შენარჩუნება და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება შეძლო. თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბებულია და მათ შედეგებს არ აღიარებს, რამაც ქვეყანა მიიყვანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისამდე, რომლიდან გამოსავალი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

რა წერია მოხსენებაში

ეუთო/ოდირის საბოლოო მოხსენებაში საქართველოში ჩატარებული არჩევნები აღიარებულია როგორც დემოკრატიული და კონკურენტული, მაგრამ ბევრი შენიშვნით, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით, ისე ხმების დათვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამო.

ეუთო/ოდირის შენიშვნები გამოიწვია საარჩევნო კანონმდებლობაში არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შესულმა შესწორებებმაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცვლილებები კანონმდებლობაში ტექნიკურად იყო შეტანილი, ხოლო ბევრი დებულების განმეორებადმა და დაღმავალმა ხასიათმა სამართლებრივ ბაზაში არსებითი არათანმიმდევრულობა და არასტაბილურობა გამოიწვია.

მოხსენებაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რამდენიმე წინანდელი რეკომენდაცია, მათ შორის ისიც, რომელიც ეხებოდა აგიტაციას, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, საჩივრების, აპელაციების შეტანის პროცესს და ა.შ.

გარდა ამისა, მოხსენებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების არსებულმა წესებმა გამოიწვია მმართველი პარტიის წარმომადგენლობის დომინირება, რაც ნეგატიურად აისახა საზოგადოების მხრიდან კომისიების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმაზე.

აგრეთვე მოხსენებაში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებების ნაწილი საზოგადოებაში ხმების მოსყიდვად მიიჩნიეს.

მოხსენებაში კრიტიკის საგანი ასევე არჩევნების დღე გახდა. ეუთო/ოდირის თვალსაზრისით, საარჩევნო უბნების ფარგლებს გარეთ დიდი რაოდენობით პარტიული კოორდინატორები და აქტივისტები შეინიშნებოდნენ.

გარდა ამისა, მოხსენებაში მითითებულია, რომ თუმცაღა საარჩევნო კაბინაში კენჭისყრის საიდუმლო ძირითადად დაცული იყო, დათვალიერებულ საარჩევნო უბნების უმეტესობაში ამომრჩეველთა თანხმობის გარეშე მათი ვიდეო- და ფოტოგადაღება პოტენციურად შემაშინებელ ვითარებას ქმნიდა.

მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია, რომ საარჩევნო დავების გადასაჭრელად სამართლებრივი ბაზა არის რთული და გაუმართლებლად შემზღუდავი, ხოლო მისი შესრულების ვადები - მოკლე.

მომხსენებლებმა ასევე შენიშნეს, რომ არჩევნების შემდეგ საჩივრების განხილვა წარმოადგენდა მეტწილად ზედაპირულ პროცესს, სადაც არ არსებობდა გადაცდომების საგნობრივი გამოძიება და სანდო საფუძვლები გადაწყვეტილებების მისაღებად.

„საჩივრების უმეტესობის სისტემატურმა დაუკმაყოფილებლობამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აზრთა სხვადასხვაობა

მმართველ პარტიაში მოხსენებით მთლიანობაში კმაყოფილები დარჩნენ.

„დღეს საბოლოოდ დაესვა წერტილი და დადასტურდა ის სიმართლე, რასაც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, ძირითადი უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები ჰქვია... ეუთო/ოდირის დასკვნა არის ბეჭედი იმ სიმართლის დასამტკიცებლად, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცოტა არ იყოს რთული გასატანი გახდა, მაგრამ საზოგადოებამ საბოლოოდ ყველაფერი ნათლად დაინახა“, - განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ის მოხსენებაში არსებულ შენიშვნებსაც გამოეხმაურა.

„ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში წარმატებული არჩევნების დროს, აქაც იყო ხარვეზები და ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ მზაობას, რომ საარჩევნო რეფორმა მხარეებს შორის შეთანხმებით ჩატარდეს ისე, რომ ყოველი შემდეგი იყოს წინაზე უკეთესი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მოხსენებაში თავისი სიმართლის დადასტურება ოპოზიციამაც დაინახა.

„რაც შეეხება შინაარსს, რა დარღვევებზეც არის აქ საუბარი, რა თქმა უნდა, ეს არის ის ფუნდამენტური დარღვევები, რაზეც ჩვენ ვამბობთ, რომ შედეგზე მოახდინა ძალიან დიდი გავლენა“, - აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

რა მოხდება შემდგომში

ოპოზიცია და ხელისუფლება ამჟამად იმყოფებიან მოლაპარაკებების სტადიაში. მოლაპარაკების საგანს ექვსი პუნქტი წარმოადგენს. მათ შორისაა ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, პოლიტპატიმრების და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, ძალთა გადანაწილება პარლამენტში, პოტენციური ვადამდელი არჩევნები, მომზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.

აღნიშნულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად და პროგრესის მისაღწევად მათ აქვთ ორი კვირა, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა მისცეს.

43

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

72
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

72
საპატრულო პოლიცია

წავიდა და არ დაბრუნებულა: რამდენი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2020 წელს

21
(განახლებულია 09:12 07.03.2021)
დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მაგრამ 2020 წელს ასევე ეძებდნენ რუსეთის, თურქეთის და ნიდერლანდების თითო მოქალაქეს. აქედან თურქეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. საქართველოში 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 1000 ადამიანი, აქედან 2020 წელს დაიკარგა 42 ადამიანი, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად.

უწყების მონაცემებით, 2020 წელს სულ დაიკარგა 126 ადამიანი, აქედან 69 ცოცხალი იპოვეს, 15 - გარდაცვლილი. პოლიცია დღემდე ვერ ახერხებს 42 ადამიანის მოძებნას, მათ შორის 6 ბავშვია.

დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მაგრამ 2020 წელს ასევე ეძებდნენ და იპოვეს რუსეთის ერთი მოქალაქე, თურქეთის ერთი მოქალაქე და ნიდერლანდების ერთი მოქალაქე. ამასთან თურქეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს. დღემდე მიმდინარეობს ყაზახეთის ერთი და პოლონეთის ერთი მოქალაქის ძებნა.

საქართველოს შსს ძებნას 1973 წლიდან ახორციელებს, იმ დროიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა 6.097 და უკვე მოძებნილია 5.097 ადამიანი.

21