მაია ცქიტიშვილი

ცქიტიშვილი: გულწრფელად ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს

96
მაია ცქიტიშვილი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა, ასევე იყო  ვიცე-პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება.

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“, იმ ხალხის გულშემატკივარი, რომელიც ასე გულწრფელად და კარგად აკეთებს საქმეს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.  „ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი მას შემდეგ წარადგინა, რაც  გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა. გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

მაია ცქიტიშვილი ერთადერთი მინისტრია, რომელიც მინისტრთა ახალ კაბინეტში აღარ იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პორტფელს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაიბარებს.

ცქიტიშვილის განცხადებით, მან თავად სთხოვა ღარიბაშვილს, საშუალება მიეცა, რომ აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორებოდა და ოჯახს დაბრუნებოდა.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მისასალმებელი და საინტერესოა, რომ მე უკვე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, დავუბრუნდე ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას... ის 9-წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების, ძალიან საინტერესო და დატვირთული ამით დავასრულო. ვფიქრობ, ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე სხვადასხვა პოზიციაზე“, - აღნიშნა მან.

ცქიტიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სრულად იზიარებდა „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, სულისკვეთებას და კვლავ დარჩება ამ ფასეულობების ერთგული.

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანოს დღის ბოლომდე წარედგინება. სავარაუდოდ, მომდევნო კვირას პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს.

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

96
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (306)
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერი და ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკებებზე მიიწვია

17
პრემიერი დასთანხმდა ევროპული საბჭოს წარმომადგენლის წინადადებას ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაუყოვნებლივ შეხვედრაზე

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და ოპოზიციის ლიდერები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ერთობლივ შეხვედრაზე მიიწვია, ამის შესახებ მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიშელმა მხარეებს მოლაპარაკების ორშაბათს, საღამოს გამართვა შესთავაზა.

„ეს ყველაფერი თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში და თქვენი კოლეგების ძალისხმევითაც და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებისთვის იმოქმედოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს“, - აღნიშნა მიშელმა.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინადადებას იღებს და მზადაა დაუყოვნებლივ შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო“, - განაცხადა ბრიფინგზე ღარიბაშვილმა.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით,  აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან.

მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კარვებში დარჩენას აპირებენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

17

მოძრაობამ „საქართველოსთვის“ ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართა ვიდეო

32
(განახლებულია 20:07 01.03.2021)
მოძრაობის „საქართველოსთვის“ აქტივისტებმა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს პარლამენტთან მოწყობილი კარვების ქალაქიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე.

მომიტინგეების მთავარი მოთხოვნები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმაა.

დემონსტრანტების თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, ის განაგრძობს ქვეყანაში პროცესების მართვას და მსვლელობით სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოხატეს პროტესტი.

 

32