პარლამენტი

კომიტეტები ღარიბაშვილს შაბათ-კვირას მოუსმენენ, ორშაბათს კი მთავრობა დამტკიცდება

44
(განახლებულია 20:24 19.02.2021)
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია. მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის საკომიტეტო მოსმენები შაბათ-კვირას გაიმართება, ორშაბათს კი პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობა დამტკიცდება, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა. 

გუშინ ყველასთვის მოულოდნელად გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. მმართველმა პარტიამ კი გახარიას პოსტიდან გადადგომიდან რამდენიმე საათში პრემიერობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

„დღეს პარლამენტში ველოდებით, რომ შემოვა ოფიციალური წერილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენასთან დაკავშირებით, საღამოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კი ეს წერილი ოფიციალურად დარეგისტრირდება. შაბათ–კვირას კანდიდატსა და მის სამთავრობო პროგრამას მოვუსმენთ, ხოლო ორშაბათს მთავრობა პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. 

ქვეყნის ყველა მინისტრი ამ დროისათვის მოვალეობის შემსრულებელია. ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება – მმართველ პარტიას პარლამენტში 90 დეპუტატი ჰყავს.

პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ანუ „ქართული ოცნება“. თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მოაგროვებს 76 ხმას, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ გახდება. ეს თანამდებობა მას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე ეკავა.

როგორი იქნება ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი, ჯერჯერობით უცნობია.

44
თემები:
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს
ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ

„არ იმუშავა“: ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციის ფუნდამენტურ შეცვლას მოითხოვს

77
(განახლებულია 21:34 05.03.2021)
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა 2004-2012 წლებში შევიდა, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ კი ქვეყანაში განახლებული კონსტიტუცია ამოქმედდა

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რადგან მიიჩნევს, რომ დღევანდელი კონსტიტუცია ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოს კონსტიტუციის წინა ვერსია დღევანდელზე უკეთესი იყო. ქვეყნის უმაღლეს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებიც უჭერენ მხარს. 

„ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, ბევრი ადამიანის, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით, რომ შევქმნათ ისეთი ინსტიტუციები, რომლებსაც ნდობა ექნება ხალხის მხრიდან“, — განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა,  გიორგი ვაშაძემ.

ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას ეთანხმება პარტია „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც. მას მიაჩნია, რომ კონსტიტუციის ახალმა მოდელმა „ვერ იმუშავა“ და დარწმუნებულია, რომ ვიდრე პოლიტიკურ ელიტებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ ინტერესებს მოარგონ კონსტიტუცია, მანამ ქვეყანა სწორ გზით ვერ განვითარდება.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიცია გაერთიანდა „ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო და ეს მისასალმებელია“, თუმცა ერთიან პლატფორმაზე საუბარი ნაადრევია.

საქართველოს პირველ კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა. მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იყო იმ პერიოდის მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების მიღწევად მიიჩნევა.
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა შევიდა 2004-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.

2018 წლის 16 დეკემბრიდან კი ქვეყანაში განახლებული კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის თანახმად საქართველო გადავიდა საპარლამენტო მოდელზე, ხოლო პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილების მქონე სიმბოლურ ფიგურად იქცა.

 

 

77
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: შშმ პირთა უფლებების დოკუმენტის რატიფიცირება ისტორიული მნიშვნელობისაა

29
(განახლებულია 22:54 05.03.2021)
ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით საქართველო იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი ხდება, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შშმ პირთა უფლებები

თბილისი,  5 მარტი – Sputnik.  საქართველომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა, რაც ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე.

დადგენილების პროექტის „გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის“ რატიფიცირებას 82–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

„ადამიანის უფლებადამცველებს და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, თუ რას ნიშნავს ამ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას, ვისაც სპეციალური საჭიროებები აქვს, ეს გადაწყვეტილება გააუმჯობესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UNCRPD), რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2013 წელს მოახდინა, სახელმწიფოებს ავალდებულებს შშმ პირთა სტატისტიკური და კვლევითი მონაცემების შეგროვებას, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობა, შეუძლებელს ხდის პრობლემის რეალური სურათის გამოვლენას და შშმ პირთა საჭიროებების დანახვას. 

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება კი ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას, კონვენციით და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული პრინციპებისა და ღირებულებების სრულფასოვან იმპლემენტაციას. 

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი უფლებამოსილია განიხილოს წევრი სახელმწიფოებიდან განხორციელებული ინდივიდუალური მიმართვები, ჩაატაროს გამოკითხვის პროცედურები, განიხილოს ქვეყნების პერიოდული ანგარიშები და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები.

საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სრულად ამოქმედდა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელშიც მკაფიოდაა გაწერილი შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა. 

როგორც კანონის ზოგად დებულებებშია ნათქვამი, კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრების ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით.

„ჩვენ შევუერთდებით იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მაღალ დონეზე აყენებენ ადამიანის უფლებებს, კონკრეტულად შშმ პირთა უფლებებს და რომელთაც დამატებითი ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერა ექნებათ გაეროს შშმ პირთა უფლებების კომისიისაგან“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, შესაბამისი საექსპერტო მხარდაჭერა, რეკომენდაციები დაეხმარება მთავრობას, რომ მათი მხარდაჭერა შშმ მოქალაქეების მიმართ იყოს უფრო სრულყოფილი და გამართული.

ბოლო, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 124,5 ათასი შშმ პირი ცხოვრობდა. ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს საქართველოში, ვინაიდან კონფიდენციალური მონაცემების გავრცელება აკრძალულია.

 

29
თემები:
საქართველოს პარლამენტი
სასწრაფო დახმარება

COVID-19 საქართველოში 6 მარტის მონაცემები

17
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 266.344 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 91), გარდაიცვალა – 3.567  (ბოლო 24 საათში – 4), კარანტინის რეჟიმშია 312, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.387 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 142 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 355-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 266.344 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 91), გარდაიცვალა – 3.567  (ბოლო 24 საათში – 4), კარანტინის რეჟიმშია 312, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.387 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 142 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19.737, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12.307, PCR ტესტით - 7.430.

დადებითობის მაჩვენებელი:  დღიური - 1,8%, ბოლო 14 დღის - 1,6%, ბოლო 7 დღის - 1,44%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

17