ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილმა შესაძლოა პრემიერის პორტფელი ჩაიბაროს რა არის ცნობილი პოლიტიკოსზე

144
(განახლებულია 19:08 20.02.2021)
2013 წელს ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტზე პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ მოულოდნელი განცხადების შემდეგ საზოგადოებისთვის არანაკლებ მოულოდნელი გახდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან მთავრობის მეთაურის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელება – უკვე მეორედ. 

ღარიბაშვილს 2019 წლიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა უკავია. მან სამხედრო მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება მთავარ მიზნად დაისახა.

39 წლის ღარიბაშვილმა პრემიერის სავარძელი პირველად 8 წლის წინ დაიკავა. მაშინ, 2013 წელს იგი გახდა საქართველოს ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური მთელ ევროპაში. ღარიბაშვილი ამ დროს 31 წლის იყო.

მრავალწლიანი მეგობრობა

2013 წელს პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. 

მაშინ ღარიბაშვილი არ მალავდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ივანიშვილი და ღიად აცხადებდა, რომ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს ბიძინა ივანიშვილთან გადიოდა. სხვათა შორის, ისტორია მეორდება – ივანიშვილიც ასევე მეორედ დისტანცირდა პოლიტიკისგან და მიმდინარე წლის იანვარში „ქართული ოცნება“ დატოვა.

მილიარდერი ივანიშვილი ღარიბაშვილმა ახალგაზრდობაში გაიცნო. ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი 23 წლის ღარიბაშვილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ჩაუდგა სათავეში. მას შემდეგ ირაკლი ყოველთვის ივანიშვილის გვერდითაა.

ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა ირაკლის მესამე შვილის ნათლიაა. 

2015 წლის დეკემბერში ყველასთვის მოულოდნელად ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მან განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე დასვენებას აპირებდა. იმ პერიოდში ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ღარიბაშვილი „არცთუ კარგად“ უსმენდა მას.

ღარიბაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკური არენიდან გაქრა, თუმცა 2019 წლის მარტში იგი მმართველ პარტიაში დაბრუნდა, რათა თანამებრძოლებს პარტიის კრიზისიდან გამოყვანაში დახმარებოდა. მისი მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნებაზე“ გულაცრუებულ მომხრეთა ნდობის დაბრუნება.

ადრეული წლები

ღარიბაშვილი 1982 წლის 28 ივნისს თბილისში დაიბადა, თუმცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

ცნობილია, რომ სკოლის წლებში ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობაზე ოცნებობდა. უყვარდა კითხვა, ინტერესდებოდა უცხო ენებით. დღეს მშობლიურ ენასთან ერთად იგი ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

ადრე ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ემოციურია, მაგრამ აღმოსავლური ორთაბრძოლებით გატაცება ამის გამკლავებაში ეხმარება. იგი კიკბოქსში საქართველოს ჩემპიონი იყო. 

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1999-2004 წწ). 2002-2004 წლებში პარალელურად სწავლობდა სორბონის (პარიზი) უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2005 წელს მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი.

2004–2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია Cartu Group-ში სხვადასხვა ხელმძღვანელი პოსტები ეკავა.

2006 წელს იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის წარმომადგენელი. 2011 წლის ოქტომბერში ივანიშვილი ქართულ ოპოზიციას ჩაუდგა სათავეში. ღარიბაშვილი მის კვალდაკვალ „ქართულ ოცნებაში“ შევიდა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა, რომლის ლიდერიც ივანიშვილი იყო. აღნიშნულმა პარტიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობა შეცვალა.

2012–2013 წლებში ღარიბაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

ირაკლი ღარიბაშვილი დაოჯახებულია, ჰყავს ოთხი შვილი. მომავალი პრემიერის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი მისი თანაკლასელია.

საქართველოს მომავალ პრემიერზე ინფორმაცია მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

144
თემები:
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს
გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 26.02.2021

ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს

51
ყველაფერი დაიწყება დილით მჯდომარე პროტესტით პარლამენტთან, დღისით კი ოპოზიციის წარმომადგენლები შენობის პიკეტირებას აანონსებენ

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. 2 მარტს საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირების მიზანს არ წარმოადგენს ძალადობის პროვოკაცია, განაცხადა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციამ დააანონსა პარლამენტის შენობის პიკეტირება სამშაბათს, პლენარული სხდომის დღეს, რამაც ექსპერტებში სიტუაციის კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის პროვოცირების შიში გამოიწვია.

„აქცია მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე. ისინი იძულებული გახდებიან, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, გადმოსხდნენ საკუთარი ძვირად ღირებული მანქანებიდან, რადგან საავტომობილო გზაზე ვაპირებთ, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მან აღნიშნა, რომ პიკეტის მიზანია აიძულონ დეპუტატებს ხალხის ხმა გაიგონონ.

გარდა ამისა, აქციაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება ოპოზიციის მოთხოვნები: ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმართა გათავისუფლება.

ხოლო პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა თაზო დათუნაშვილმა დააზუსტა, რომ პარლამენტთან ასევე იქნება მჯდომარე პროტესტი, რომელიც 09:00 საათზე დაიწყება.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია გავიდა ქუჩებში და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს, რომლებიც, ლიდერების თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკების პროცესი განახლდება.

 

 

51
ოპოზიციის აქცია. 26/02/2021

რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ემიჯნება

66
(განახლებულია 16:53 27.02.2021)
ოპოზიცია გეგმავს პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის პიკეტირებას, ასევე აქციებს შსს-სთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის კარვებით გადაკეტვის იდეას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დისკომფორტი არა მოქალაქეებს, არამედ ხელისუფლებას უნდა შეექმნას.

ოპოზიცია ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ორკვირიან ვადას აძლევს >>

პარასკევს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ორკვირიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტიკური დევნის შეჩერებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალ დაკომპლექტებას ითხოვენ.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, არაძალადობრივი წინააღმდეგობის მთავარი იდეა არის ის, რომ ოპოზიციამ ხმა მიაწვდინოს და დისკომფორტი შეუქმნას ხელისუფლებას და არა ხალხს.

„ჩვენ მოძრაობის ლიდერებს დაველაპარაკებით და ჩვენს არგუმენტებს ვეტყვით. თუმცა, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი" არ ვემხრობით მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნას. მათ შორის არც კარვების გადმოტანას სავალ ნაწილზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.

დედაქალაქში გუშინ ოპოზიციურმა პარტიებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მათი მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. ოპოზიციამ ორი კვირის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციებისა და პიკეტების მოწყობა დააანონსა.

ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად დაანონსებული აქციების, ხელისუფლების მხრიდან დათმობების შემთხვევაში, აქციების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.

„თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდება, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, რა თქმა უნდა, შეიძლება, შევიდეს ცვლილებები ამ აქციების განრიგში, ეს არ არის რაღაც ქვაში გამოკვეთილი, ჩვენ ვართ საკმაოდ მოქნილები და საკმაოდ კონსტრუქციულად განწყობილები“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გაემიჯნა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვისაც“. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ყველა იმ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს, იმ შემთვევაში, თუ ხელსიუფლება არ შეასრულებს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს, ქმედებები იქნება რაც შეიძლება მკაცრი, თუმცა კონსტიტუციისა და სამართლის ჩარჩოებში. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

პარლამენტის შენობასთან ამ დროისათვის 11 კარავია გაშლილი.

 

66
მამაკაცი პირბადით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონები

0
საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე დადებითობის მაჩვენებელი კვლავ იკლებს. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში დაფიქსირდა

თბილისი,  28 თებერვალი – Sputnik. 28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0,89%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 1,96%, ბოლო 7 დღის - 1,55%. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ჩატარდა 27.885 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18.814, PCR ტესტით - 9.071.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 248 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 129 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: 

იმერეთი - 31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 17, აჭარა – 16, კახეთი – 16, შიდა ქართლი – 14, ქვემო ქართლი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 7, გურია – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.108 აქტიური შემთხვევაა.

1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 712, აჭარაში – 166, იმერეთში – 264.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 30, იმერეთში – 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში – 60, აჭარაში- 4, იმერეთში – 11.

171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 – თბილისში, 51 – აჭარაში, იმერეთში – ცხრა.

465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510  (ბოლო 24 საათში – 11).

კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება. 

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0