ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: გახარიამ „ქართული ოცნება“ კატასტროფისგან იხსნა

77
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე უარი არ უნდა თქვას.

 

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. გიორგი გახარიამ მმართველი გუნდი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ კატასტროფისგან იხსნა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. 

დღეს გიორგი გახარიამ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა და ამის მიზეზად ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით  მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

„უნდა ვთქვა, რომ   სხვებთან შედარებით  ერთადერთი გონიერი ადამიანი გახარია იყო და ისიც აღარ არის ახლა ხელისუფლებაში. ასე რომ, ამ ხელისუფლების პროგნოზირება შეუძლებელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, ბურჯანაძის თქმით, ისინი უცვლელია – ვადამდელი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.

 „რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლება წამოვა მოლაპარაკებებზე, ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, რამდენადაც ჩვენ  გვირჩევნია, ვითარება განიმუხტოს სწორედ მოლაპარაკების მაგიდასთან...  ნამდვილად მინდა,  პოლაპარაკებები პოლიტიკურ პროცესებში ისე წარიმართოს,  რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე. დღეს ბატონმა გახარიამ „ქართული ოცნება“ რეალურად იხსნა კატასტროფისგან“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა. 

რაც შეეხება შსს–ს გადაწყვეტილებას, რომელმაც მელიას დაპატიმრების ღონისძიება გადადო, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვისაა მზად.

 „პროგნოზი შეიძლება გააკეთო ადეკვატური პოლიტიკური ძალის ან ადეკვატური ადამიანის მოქმედებებთან დაკავშირებით...  ამიტომ, ჩვენ მოვლენების ყველანაირი განვითარებისათვის, ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, რათა ქვეყანა არ შევიდეს კრიზისში. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებს სწორი მიმართულება მიეცეს. ჩვენი მხრიდან ეს უზრუნველყოფილი იქნება“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის მზადება არ უნდა შეწყვიტოს, რადგანაც „ხელისუფლებას პოლიტიკური დიალოგის ენა არ ესმის“.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს „ნაცმოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ და მას გაყალბებულს უწოდებენ. თითქმის 2,5 თვეა ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვს წლამდე პატიმრობა ელოდება.

იმისთვის, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის მელიას დაკავების თხოვნით მიემართა, საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს მას დეპუტატის ხელშეუხებლობა მოუხსნა.

77
თემები:
გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა (13)
შარლ მიშელი

პლებისციტი არჩევნების ნაცვლად? შარლ მიშელმა ქართულ ოპოზიციას მიმართა

18
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართული ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად კომპრომისისკენ მოუწოდა, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სტუმართან შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს >>

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კვირას ეწვია. მისი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კრიზისი გამწვავდა და ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა. ის ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

„გარკვეულ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ეს, ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, ვაშაძემ არ გამორიცხა, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე თვის ბოლომდეა შესაძლებელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციას დაპირდნენ, რომ ევროკავშირი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესში.

„ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი... ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“, - აღნიშნა სამადაშვილმა. 

პლებისციტს მხარი დაუჭირა ასევე ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ჩვენ პლებისციტს მხარს ვუჭერთ, როგორც სერიოზულ კომპრომისს. პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმების წინადადება წამოაყენა.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო“, - აღნიშნა მან.

როგორც შარლ მიშელმა ამასწინათ განაცხადა, მისი ვიზიტი მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მეტად აწუხებს ევროკავშირს და პირადად მას. ამიტომ ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, ინტენსიურად იმუშაონ ვითარების განსამუხტად.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელი იმყოფებოდა მოლდავეთში. თბილისიდან კი კიევში გაემგზავრება.

 

18
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერი და ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკებებზე მიიწვია

26
პრემიერი დასთანხმდა ევროპული საბჭოს წარმომადგენლის წინადადებას ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაუყოვნებლივ შეხვედრაზე

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და ოპოზიციის ლიდერები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ერთობლივ შეხვედრაზე მიიწვია, ამის შესახებ მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიშელმა მხარეებს მოლაპარაკების ორშაბათს, საღამოს გამართვა შესთავაზა.

„ეს ყველაფერი თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში და თქვენი კოლეგების ძალისხმევითაც და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებისთვის იმოქმედოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს“, - აღნიშნა მიშელმა.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინადადებას იღებს და მზადაა დაუყოვნებლივ შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო“, - განაცხადა ბრიფინგზე ღარიბაშვილმა.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით,  აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან.

მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კარვებში დარჩენას აპირებენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

26