გიორგი გახარია

„საუკეთესო პრემიერი ბოლო 20 წლის განმავლობაში“: რეაგირება სოცქსელებში გახარიას წასვლაზე

277
(განახლებულია 16:18 18.02.2021)
გიორგი გახარიას სხვადასხვანაირად აცილებენ: ვიღაც კეთილი სიტყვებით, ვიღაც სინანულით, ვიღაც იმედით, რომ ის ახალი იპოსტასით დაბრუნდება, ვიღაც კი – არცთუ კეთილი სიტყვებით

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმრავლესობისთვის საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მტკივნეული აღმოჩნდა.

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არაერთი პრემიერი შეიცვალა, არც ერთის გადადგომას არ გამოუწვევია ასეთი საზოგადოებრივი რეაქცია.

მომხმარებელთა უმრავლესობა გახარიას გადაწყვეტილების გამო განაწყენებული და იმედგაცრუებულია.

„სამწუხაროა, ჩემი აზრით ბოლო ათწლეულების ერთადერთი ღირსეული პოლიტიკოსია“, – წერს იზა ჭანტურია.

„საუკეთესო პრემიერი მთელი 20 წლის განმავლობაში“, – მიიჩნევს ელენა კლიუევა.

„არ შეიძლება ასე... ადამიანები გენდობიან, სჯერათ.. ფიქრობენ, რომ ხვალ უკეთესობისკენ შეცვლით რამეს... და უცებ იხსნით პასუხისმგებლობას და მიდიხართ... არასწორია კრიზისის დროს მიტოვება ქვეყნის!“ – წერს Sopho Diasamidze.

„ბატონო, გიორგი ერთადერთი საღად მოაზროვნე ადამიანი იყავით, დარჩა მთლად უპატრონოდ ქვეყანა. ბრავო „ოცნებას“, მაგრამ ვერ აიტანდით თქვენ გვერდით ჭკვიან ადამიანს, ცალუჯრედიანები რომ ხართ დანარჩენები ყველა“, – წერს Teona Chokolashvili.

„იცით, ამ მართლაც უაზრო და ყოვლად ალოგიკური კოვიდ პოლიტიკის მიუხედავად, ჩემი აზრით გახარია ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილი იყო ამ ხელისუფლების“, – წერს ბლოგერი გურამ შეროზია.

„ეს ნათელი წერტილი ძალიან გადაიღალა, მივა სახლში, გათიშავს ტელეს და სამი დღე და სამი ღამე იძინებს ალბათ გაუნძრევლად“, – ნაღვლიანად ხუმრობს Lika Dzigoshvili.

ზოგიერთი მომხმარებელი უარს ამბობს, შეეგუოს გახარიას გადადგომას და იმედი აქვს, რომ ის პოლიიკიდან არ წავა, არამედ გააგრძელებს ბრძოლას ოპოზიციურ ფლანგზე.

„ბატონო პრემიერო ახალი გუნდით იქნებ მოხვიდეთ! ჩვენ ბევრნი ვართ და თქვენ გიჭერთ მხარს! არ მიგვატოვოთ!“ – წერს ნატო დუმბაძე.

„საუკუნისა და „ფეისბუქის“ სიახლე. „წმინდა კოვიდონისგან“ მაინც გადავერთეთ. ის არც პირველია და არც უკანასკნელი, პოლიტიკაში ასე უბრალოდ არ მოდიან და არ მიდიან მხოლოდ თავიანთი სურვილით. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. არ გამიკვირდება, თუ მალე ის თავის აპრტიას შექმნის და ოპოზიციის რიგებში ჩადგება“, – წერს Tatsiana Geladze.

სოცქსელებში ენთიზიასტების ჯგუფიც გამოჩნდა, რომელიც მზადაა გახარიას პრემიერად დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეადგინოს.

„დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება, არ უნდა ვიყოთ ესე, გავაკეთოთ პეტიცია, რამე ვქნათ, მივმართოთ მას, გახარია ჩემი პრემიერია და ჩვენს ქვეყანას სჭირდება. რას ვაკეთებთ? პეტიცია, ხელმოწერები და მივმართოთ თვითონ პრემიერს“, – წერს ლუკა სუმბაძე.

გამოჩნდნენ ასევე გახარიას პოლიტიკით უკმაყოფილოები, რომლებმაც გახარია არცთუ კეთილი სიტყვებით გააცილეს.

„უცნაურია, რომ ზოგი აღფრთოვანებულია მისი პრემიერობის პერიოდით და თვითონ მისით. რა გააკეთა ისეთი, გარდა იმისა, რომ ივანიშვილის „ხელის ბიჭი“ იყო? უკან გაჰყვა, როგორც ერთგული ძაღლი“, – წერს მამუკა აფაქიძე.

„ქართველი „გორბაჩოვი“ – დემაგოგი და ცინიკოსი. წააგო ბრძოლა, როგორც შსს–ს მინისტრმა და პასუხისმგებლობისგან გაიქცა დემოკრატიის ნიღბით აფარებული“, – წერს კანტ კანტრომი.

პრემიერმა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი მმართველ პარტიასთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე.

277
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (308)
ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ

„არ იმუშავა“: ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციის ფუნდამენტურ შეცვლას მოითხოვს

80
(განახლებულია 21:34 05.03.2021)
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა 2004-2012 წლებში შევიდა, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ კი ქვეყანაში განახლებული კონსტიტუცია ამოქმედდა

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რადგან მიიჩნევს, რომ დღევანდელი კონსტიტუცია ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოს კონსტიტუციის წინა ვერსია დღევანდელზე უკეთესი იყო. ქვეყნის უმაღლეს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებიც უჭერენ მხარს. 

„ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, ბევრი ადამიანის, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით, რომ შევქმნათ ისეთი ინსტიტუციები, რომლებსაც ნდობა ექნება ხალხის მხრიდან“, — განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა,  გიორგი ვაშაძემ.

ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას ეთანხმება პარტია „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც. მას მიაჩნია, რომ კონსტიტუციის ახალმა მოდელმა „ვერ იმუშავა“ და დარწმუნებულია, რომ ვიდრე პოლიტიკურ ელიტებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ ინტერესებს მოარგონ კონსტიტუცია, მანამ ქვეყანა სწორ გზით ვერ განვითარდება.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიცია გაერთიანდა „ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო და ეს მისასალმებელია“, თუმცა ერთიან პლატფორმაზე საუბარი ნაადრევია.

საქართველოს პირველ კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა. მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იყო იმ პერიოდის მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების მიღწევად მიიჩნევა.
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა შევიდა 2004-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.

2018 წლის 16 დეკემბრიდან კი ქვეყანაში განახლებული კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის თანახმად საქართველო გადავიდა საპარლამენტო მოდელზე, ხოლო პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილების მქონე სიმბოლურ ფიგურად იქცა.

 

 

80
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (308)
არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: შშმ პირთა უფლებების დოკუმენტის რატიფიცირება ისტორიული მნიშვნელობისაა

29
(განახლებულია 22:54 05.03.2021)
ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით საქართველო იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი ხდება, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შშმ პირთა უფლებები

თბილისი,  5 მარტი – Sputnik.  საქართველომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა, რაც ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე.

დადგენილების პროექტის „გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის“ რატიფიცირებას 82–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

„ადამიანის უფლებადამცველებს და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, თუ რას ნიშნავს ამ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას, ვისაც სპეციალური საჭიროებები აქვს, ეს გადაწყვეტილება გააუმჯობესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UNCRPD), რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2013 წელს მოახდინა, სახელმწიფოებს ავალდებულებს შშმ პირთა სტატისტიკური და კვლევითი მონაცემების შეგროვებას, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობა, შეუძლებელს ხდის პრობლემის რეალური სურათის გამოვლენას და შშმ პირთა საჭიროებების დანახვას. 

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება კი ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას, კონვენციით და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული პრინციპებისა და ღირებულებების სრულფასოვან იმპლემენტაციას. 

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი უფლებამოსილია განიხილოს წევრი სახელმწიფოებიდან განხორციელებული ინდივიდუალური მიმართვები, ჩაატაროს გამოკითხვის პროცედურები, განიხილოს ქვეყნების პერიოდული ანგარიშები და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები.

საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სრულად ამოქმედდა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელშიც მკაფიოდაა გაწერილი შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა. 

როგორც კანონის ზოგად დებულებებშია ნათქვამი, კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრების ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით.

„ჩვენ შევუერთდებით იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მაღალ დონეზე აყენებენ ადამიანის უფლებებს, კონკრეტულად შშმ პირთა უფლებებს და რომელთაც დამატებითი ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერა ექნებათ გაეროს შშმ პირთა უფლებების კომისიისაგან“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, შესაბამისი საექსპერტო მხარდაჭერა, რეკომენდაციები დაეხმარება მთავრობას, რომ მათი მხარდაჭერა შშმ მოქალაქეების მიმართ იყოს უფრო სრულყოფილი და გამართული.

ბოლო, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 124,5 ათასი შშმ პირი ცხოვრობდა. ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს საქართველოში, ვინაიდან კონფიდენციალური მონაცემების გავრცელება აკრძალულია.

 

29
თემები:
საქართველოს პარლამენტი
 „სპუტნიკV“-ს ლოგო

რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“ გაცემული ნებართვების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს

0
(განახლებულია 11:28 06.03.2021)
იმ ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობამ, რომლებმაც ვაქცინა „სპუტნიკV“ დაარეგისტრირეს, 1,2 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“-მ სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გაუსწრო Pfizer-ს, ნათქვამია ვაქცინა „სპუტნიკV"-ს Twitter-ის ოფიციალურ აკაუნტში.

სახელმწიფოების რაოდენობით, რომლებმაც პრეპარატის გამოყენება დაუშვეს, პირველ ადგილს იკავებს ვაქცინა AstraZeneca (49 ქვეყანა), შემდეგ მოდის „სპუტნიკV“ (45 ქვეყანა). მესამე პოზიციას იკავებს Pfizer (43 ქვეყანა). შემდეგ მოდის Moderna (19 ქვეყანა), სამი ჩინური ვაქცინა Sinopharm (18), Sinovac (16), CanSino (4). მერვე ადგილზეა Johnson & Johnson-ის ვაქცინა, რომელიც ოთხმა ქვეყანამ მოიწონა.

იმ 45 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ, რომლებმაც ვაქცინა „სპუტნიკV“ დაარეგისტრირეს, 1,2 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა.

ამჟამად „სპუტნიკ V“-ს გამოყენება დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ირანში, გვინეას რესპუბლიკაში, ტუნისში, სომხეთში, მექსიკაში, ნიკარაგუაში, სერბთა რესპუბლიკაში (ბოსნიას და ჰერცეგოვინის ენტიტეტი), ლიბანში, მიანმარში, პაკისტანში, მონღოლეთში, ბაჰრეინში, მონტენეგროში, სენტ-ვინსენტი და გრენადინებში, ყაზახეთში, უზბეკეთში, გაბონში, სან-მარინოში, განაში, სირიაში, ყირგიზეთში, გაიანაში, ეგვიპტეში, ჰონდურასში, გვატემალაში, მოლდოვაში, სლოვაკეთში, ანგოლაში, ჯიბუტიში, კონგოს რესპუბლიკაში, შრი-ლანკაში, ლაოსსა და ერაყში.

პარასკევს ევროპის წამლების სააგენტომ (ЕМА) დაიწყო „სპუტნიკ V“-ს სარეგისტრაციო დოსიეს ექსპერტიზა - პრეპარატს ამოწმებენ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაზე ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“-ს 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის ცენტრში შემუშავდა.

სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

0