არჩილ თალაკვაძე

არის თუ არა „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილება თალაკვაძის განმარტება

89
(განახლებულია 15:23 18.02.2021)
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრემიერ–მინისტრის გადადგომა ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ერთიანია და ქვეყანაში არანაირი დესტაბილიზაციას არ დაუშვებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე. 

აღნიშნული განცხადება მან პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვების შემდეგ გააკეთა, რომლის მიზეზად მთავრობის მეთაურმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

 „მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი. სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში. რასაკვირველია, ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის არანაირ მცდელობებს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი სწორედ საქართველოს პარლამენტია“,- განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს კონსტიტუციით, პრემიერ–მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, ხოლო მთავრობა ახალი პრემიერის დანიშვნამდე მოვალეობების შემსრულებელი იქნება. მთავრობის მეთაურის მოვალეობებს პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.

ქვეყნის ყველა მინისტრი ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებელია. ახლა პარლამენტს ორი კვირა აქვს, რომ ნდობა გამოუცხადოს ახალ პრემიერსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას.

ნიკა მელია ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს>>>

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ანუ „ქართული ოცნება“. თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მოაგროვებს 76 ხმას, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვს წლამდე პატიმრობა ელოდება.

იმისთვის, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის მელიას დაკავების თხოვნით მიემართა, საქართველოს პარლამენტმა მას დეპუტატის ხელშეუხებლობა მოუხსნა.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით შსს–მ ნიკა მელიას დაკავება გადადო.


 

89
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (301)
ხატია დეკანოიძე

გადაიხდის თუ არა გირაოს ნიკა მელია - დეკანოიძე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

48
(განახლებულია 20:58 25.02.2021)
პროკურატურა მზად არის, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიას სასამართლოსთან პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე უშუამდგომლოს.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გენერალური პროკურატურის განცხადებას ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მელიას გადაწყვეტილება გირაოს გადაუხდელობასთან დაკავშირებით არ იცვლება, იუწყება „პირველი არხი“.

„ნიკა მელიას გადაწყვეტილება იგივე რჩება... ნიკა არის ძალიან მხნედ, ძალიან კარგად“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დღეს გენერალურ პროკურატურაში გააკეთეს განცხადება, რომ უწყება მზად არის მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუ ის 2020 წლის ნოემბერში მისთვის დაკისრებულ 40 ათასიან გირაოს გადაიხდის.

უწყებაში გაკეთებული განცხადების პასუხად ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთლიანად ემსახურება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ხოლო მელიასთვის გირაოს დაკისრება უსამართლო ოყო.

„პროკურატურის ეს შეშინებული განცხადება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, მათ როგორმე მიაღწიონ სასურველ მიზანს, რომ ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და მხოლოდ ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით მიიღოს თავისუფლება.

შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავა. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა.

მელიას დაკავებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა და გაამწვავა. ოპოზიციის მომხრეები პარასკევს 26 თებერვალს თბილისში მასშტაბურ აქციას გეგმავენ, სადაც ოპოზიცია თავის მოთხოვნებს გააჟღერებს, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვს.

48
საპროტესტო აქცია ბათუმში

საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლიდან თბილისში გადაინაცვლებენ

34
(განახლებულია 22:25 25.02.2021)
ბათუმში აქციის მონაწილეები დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ოპოზიციური პარტიები აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტს წყვეტენ და აქციებს თბილისში გააგრძელებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირდება.

ბათუმში აქციები 31 ოქტომბრიდან არ შეწყვეტილა. ოპოზიცია აპროტესტებს საპარლამენტო არჩევნების და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს და მათ გაყალბებულს უწოდებს. 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად აჭარის უმაღლეს საბჭოში ბარიერი ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. 21 მანდატიდან 14 მმართველმა პარტიამ, ხოლო შვიდი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

„ბათუმის „თავისუფლების კვარტალი“ გადაინაცვლებს საქართველოს დედაქალაქში, თავისი ინფრასტრუქტურით და იმ ხალხით, რომელიც „თავისუფლების კვარტალს“ წარმოადგენს. მადლობას ვუხდი ყველას ვინც ერთხელ მაინც მოსულა აქციაზე. ასეთივე შეუპოვარი ბრძოლა დედაქალაქში გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

საქართველოში პოლიტიკური ვითარება „ნაციონალური მოძრაობის წევრის“ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. რასაც, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა და პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა მოჰყვა. გახარიამ ღიად განაცხადა უთანხმოების შესახებ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოსთან, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ დაუშვებდნენ მელიას დაკავებას და მზად იყვნენ, რომ ის ფიზიკურად დაეცვათ.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამშაბათს, დილით პარტიის ოფისში დააკავეს. ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. საქართველოს დასავლელი პარტნიორები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.

განვითარებული მოვლენების შემდეგ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ 26 თებერვალს და 31 მარტს მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა. მთავარი მოთხოვნებია ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

34
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა

0
(განახლებულია 23:21 25.02.2021)
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!“ - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

 

0