მთავრობის ადმინისტრაცია

კორუფციასთან ბრძოლის საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას მთავრობა განახორციელებს

36
დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წელს მექრთამეობის 33 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2019 წელთან შედარებით 47%-ით ნაკლებია

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მთავრობის იურისდიქციის ქვეშ გადადის, შესაბამისი ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შედის.

მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ უწყებათაშორისი საბჭოს ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ნაცვლად, მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს.

საქართველოს მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად გააქტიურდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და გაძლიერდება ანტიკორუფციული პოლიტიკა.

ცვლილების მიზეზად დასახელდა შეუსაბამობის აღმოფხვრა, როდესაც საბჭოს წესდებას ამტკიცებს და მის მიერ შესრულებულ სამუშაოს იბარებს მთავრობა, ხოლო საორგანიზაციო საკითხებს იუსტიციის სამინისტრო კურირებს.

კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ქვეყანაში არსებობს მკაცრი კანონმდებლობა საჯარო პირთა ანგარიშების გამჭვირვალობის, ასევე მექრთამეობის შესახებ.

დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წელს მექრთამეობის 33 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2019 წელთან შედარებით 47%-ით ნაკლებია.

36

მოძრაობამ „საქართველოსთვის“ ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართა - ვიდეო

30
მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს პარლამენტთან მოწყობილი კარვების ქალაქიდან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე

მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმაა.

დემონსტრანტების თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, ის განაგრძობს ქვეყანაში პროცესების მართვას და მსვლელობით სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოხატეს პროტესტი.

 

30
არჩილ თალაკვაძე

დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ბიუროს დღეს წარედგინება

42
(განახლებულია 18:11 01.03.2021)
არჩევნებზე დარღვევების შესასწავლად შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის კვოტებს ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი დაიკავებენ.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დღეს ბიუროს წარედგინება. 

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციას მისცა. უმრავლესობამ პირობა დადო – შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ხმების დათვლაში ცდომილება თუნდაც 1%-ს შეადგენს. 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა სამი დღის ვადაში გაიმართება, რომელზეც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს აირჩევენ. ასევე დაამტკიცებენ კომისიის წესდებას.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ოთხი წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, რომელშიც ოპოზიცია და უმრავლესობა ადგილებს თანაბრად გადაინაწილებენ – მმართველი გუნდიდან კომისიაში გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური იქნებიან, „ევროპელ სოციალისტებს“ კი დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია წარმოადგენენ.

პარლამენტში მყოფი მეორე ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. დროებით საგამოძიებო კომისიას ასევე უნდობლობას უცხადებენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები.

კომისიაში ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დეპუტატებს დარღვევების შესახებ მათ ხელთ არსებულ მასალებს მიაწვდიან.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და კვოტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვრა.

17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“. საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა.

დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისია სიღრმისეულად შეისწავლის 2020 წლის პარლამენტის არჩევნებს და საბოლოოდ გასცემს პასუხს, არსებობდა თუ არა ისეთი დარღვევები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ამომრჩეველთა ნების გამოხატვასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

 

42
თემები:
საქართველოს პარლამენტი

თბილისში რკინიგზის სადგურზე ავზს ცეცხლი მოეკიდა - ვიდეო

0
(განახლებულია 19:50 01.03.2021)
თბილისი რკინიგზის სადგურზე მაზუთის ავზს ცეცხლის წაეკიდა. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

„საქართველოს რკინიგზას“ ისანი-სამგორის რაიონში მომხდარი ხანძრისგან მინიმალური ზარალი მიადგა. იქ ძველი ავზი აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენები იყო. მაგრამ ხანძრისგან წარმოქმნილი კვამლი იმდენად დიდი იყო, რომ ლამის ქალაქის ცენტრიდანაც კი ჩანდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სპეცტექნიკა. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. აალების მიზეზები დგინდება. 

0