იუსტიციის სახლი

წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

52
(განახლებულია 20:47 16.02.2021)
დოკუმენტი სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნული და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

დოკუმენტი ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული, რომელიც 16 თებერვალს ონლაინ ფორმატში გაიმართა.

სამოქმედო გეგმა სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნული და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

დოკუმენტი ოთხ მიზანს ემსახურება:

  • არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება;
  • არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა;
  • არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია;
  • არასათანადო მოპყრობის შესახებ სწავლების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სხვა პარტნიორ უწყებათა და ორგანიზაციათა რეკომენდაციები.

საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს 2019-2020 წლებში არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ამ მხრივ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვ.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი უძღვებოდა.

ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები; სახელმწიფო ინსპექტორი; სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნული და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

52

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

33
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

33
მსვიდობის ხიდი

საქართველოში ცნობილი ფიგურანტების მონაწილეობით ფარული აუდიოჩანაწერების სკანდალი აგორდა

25
საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე დაგმო აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება და უკანონო მოპოვება და აღნიშნა, რომ საზოგადოება დიდი ხანია ითხოვს მსგავსი ფაქტების დროულ და ობიექტურ გამოძიებას, მაგრამ უშედეგოდ.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოში ცნობილ პირთა მონაწილეობით ფარული აუდიოჩანაწერების გამო აგორდა ახალი სკანდალი, რომელმაც პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.

ოპოზიციურმა ტელეარხმა ТV Pirveli-მ შაბათს დილით გამოუშვა შემაჯამებელი გადაცემის ანონსი, სადაც საუბარია სკანდალური აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებაზე. ჩანაწერში ფიგურირებენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ტელეკომპანიის მონაცემებით, აუდიოჩანაწერებში საუბარია იმ პირთა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რომლებიც ბერა ივანიშვილის სოციალურ ქსელებში არასასურველი „კომენტატორები“ არიან.

აუდიოჩანაწერში ხმების ავთენტურობა უკვე დაადასტურა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ, მაგრამ, მისი თქმით, ჩანაწერი ჯერ კიდევ 2011 წელს არის გაკეთებული.

„აუდიოჩანაწერი 2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტებია ამოღებული და შეკოწიწებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ტელეკომპანია მიზანმიმართულად ავრცელებს ტყუილებს.

„სამწუხაროა, რომ ამ „ფეიკ“ ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რათა ახალგაზრდები დაარწმუნონ, თითქოს მათ პერიოდში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ, რომ იქნება მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მმართველი პარტიის სხვა ლიდერი, სოზარ სუბარი ტელეარხის მიერ სიუჟეტის გამოქვეყნების აკრძალვის წინადადებით გამოვიდა.

„სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას, მაგრამ ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია და შეაფასოს, რა ჰქვია ასეთი უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაგმო აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება და მოპოვება და აღნიშნა, რომ საზოგადოება დიდი ხანია ითხოვს მსგავსი ფაქტების დროულ და ობიექტურ გამოძიებას, მაგრამ უშედეგოდ.

ამასთან სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებისა და ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურების შემდეგ შესაძლებელია საუბარი იმაზე, შეიცავს თუ არა ეს ჩანაწერები დანაშაულის ნიშნებს.

აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება ოპოზიციაშიც დაგმეს.

„ფარული ჩანაწერების ფორმით პოლიტიკის წარმოება ვერ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ამ ფაზაში, რომელშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით. ჩვენ გვჭირდება ახალი მორალური სტანდარტი პოლიტიკაში და „ლელო“ ყოველთვის, რაც დავფუძნდით, ვემხრობით და ვნერგავთ ახალ ეთიკურ სტანდარტს ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ.

აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას მავნებელს უწოდებს ასევე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

„პირადად მე და „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს იგივე პოზიცია და ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის“, - განაცხადა ბოკერიამ.

პოლიტიკური სპექტრის მხრიდან უარყოფითი შეფასებების მიუხედავად, ტელეკომპანია სიუჟეტის მოხსნას ჯერ არ აპირებს, ის ეთერში შაბათს საღამოს გავა.

 

25