ნიკა მელია

იოსელიანი: ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადახდაზე უარი არის პოლიტიკური პროტესტი

69
(განახლებულია 19:08 16.02.2021)
ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი არ დაუჭირა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, იურიდიული კომიტეტის წევრი ლევან იოსელიანი იყო.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. გირაოს გადახდაზე უარი დანაშაული არ არის და პარლამენტმა არ უნდა მისცეს თანხმობა იმ საკითხს, რომ ნიკა მელია საპატიმროში მოხვდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" გენმდივანმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ. 

როგორც ცნობილია, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და დეპუტატის მხრიდან გირაოს გადახდაზე უარის შემთხვევაში უმრავლესობა პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს. 

რამდენიმე დღის წინ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტს მიმართა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად. ასეთი გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა.  

იოსელიანის განცხადებით, მელიას მხრიდან გირაოს გადახდაზე უარი არის ოპოზიციონერის მხრიდან გამოხატული პოლიტიკური პროტესტის ფორმა და პარლამენტმა მას სადეპუტატო იმუნიტეტი არ უნდა მოუხსნას.

„თუ პროტესტის ფორმა იმუნიტეტით დაცულია, მაშინ რატომ ვუხსნით მას იმუნიტეტს, რატომ ვაძლევთ მწვანე შუქს იმას, რომ ეს ადამიანი საპატიმროში მოხვდეს? ხომ არ შეიძლება პარლამენტი პროკურატურის გაგრძელება იყოს?!“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა დღევანდელ ერთობლივ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.

საქართველოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვამდე პროკურატურამ პარლამენტის ნებართვა უნდა მიიღოს.

პარლამენტი ნებართვას კომიტეტებზე განხილვის შემდეგ პლენარულ სხდომაზე გასცემს. თუ პარლამენტი მელიას თაობაზე პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს, ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც საკანონმდებლო ორგანო მსგავს გადაწყვეტილებას იღებს ერთსა და იმავე საქმეზე – 2019 წლის 20 ივნისის ღამეს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.

პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს. 

2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას ასევე საჯაროდ გამოსვლა აეკრძალა. მაშინ ის ამ წესებს დაემორჩილა, მათ შორის, გირაოს თანხაც გადაიხადა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთ მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი თავიდან დააკისრეს.

69
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (306)
გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 26.02.2021

ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს

46
ყველაფერი დაიწყება დილით მჯდომარე პროტესტით პარლამენტთან, დღისით კი ოპოზიციის წარმომადგენლები შენობის პიკეტირებას აანონსებენ

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. 2 მარტს საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირების მიზანს არ წარმოადგენს ძალადობის პროვოკაცია, განაცხადა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციამ დააანონსა პარლამენტის შენობის პიკეტირება სამშაბათს, პლენარული სხდომის დღეს, რამაც ექსპერტებში სიტუაციის კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის პროვოცირების შიში გამოიწვია.

„აქცია მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე. ისინი იძულებული გახდებიან, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, გადმოსხდნენ საკუთარი ძვირად ღირებული მანქანებიდან, რადგან საავტომობილო გზაზე ვაპირებთ, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მან აღნიშნა, რომ პიკეტის მიზანია აიძულონ დეპუტატებს ხალხის ხმა გაიგონონ.

გარდა ამისა, აქციაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება ოპოზიციის მოთხოვნები: ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმართა გათავისუფლება.

ხოლო პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა თაზო დათუნაშვილმა დააზუსტა, რომ პარლამენტთან ასევე იქნება მჯდომარე პროტესტი, რომელიც 09:00 საათზე დაიწყება.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია გავიდა ქუჩებში და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს, რომლებიც, ლიდერების თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკების პროცესი განახლდება.

 

 

46
ოპოზიციის აქცია. 26/02/2021

რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ემიჯნება

64
(განახლებულია 16:53 27.02.2021)
ოპოზიცია გეგმავს პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის პიკეტირებას, ასევე აქციებს შსს-სთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის კარვებით გადაკეტვის იდეას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დისკომფორტი არა მოქალაქეებს, არამედ ხელისუფლებას უნდა შეექმნას.

ოპოზიცია ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ორკვირიან ვადას აძლევს >>

პარასკევს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ორკვირიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტიკური დევნის შეჩერებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალ დაკომპლექტებას ითხოვენ.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, არაძალადობრივი წინააღმდეგობის მთავარი იდეა არის ის, რომ ოპოზიციამ ხმა მიაწვდინოს და დისკომფორტი შეუქმნას ხელისუფლებას და არა ხალხს.

„ჩვენ მოძრაობის ლიდერებს დაველაპარაკებით და ჩვენს არგუმენტებს ვეტყვით. თუმცა, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი" არ ვემხრობით მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნას. მათ შორის არც კარვების გადმოტანას სავალ ნაწილზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.

დედაქალაქში გუშინ ოპოზიციურმა პარტიებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მათი მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. ოპოზიციამ ორი კვირის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციებისა და პიკეტების მოწყობა დააანონსა.

ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად დაანონსებული აქციების, ხელისუფლების მხრიდან დათმობების შემთხვევაში, აქციების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.

„თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდება, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, რა თქმა უნდა, შეიძლება, შევიდეს ცვლილებები ამ აქციების განრიგში, ეს არ არის რაღაც ქვაში გამოკვეთილი, ჩვენ ვართ საკმაოდ მოქნილები და საკმაოდ კონსტრუქციულად განწყობილები“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გაემიჯნა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვისაც“. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ყველა იმ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს, იმ შემთვევაში, თუ ხელსიუფლება არ შეასრულებს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს, ქმედებები იქნება რაც შეიძლება მკაცრი, თუმცა კონსტიტუციისა და სამართლის ჩარჩოებში. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

პარლამენტის შენობასთან ამ დროისათვის 11 კარავია გაშლილი.

 

64
ექიმი ევგენი კომაროვსკი

რა მეთოდებით არ ღირს იმუნიტეტის გაძლიერება - ექიმ კომაროვსკის რჩევები

0
(განახლებულია 09:22 28.02.2021)
ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია ჯანსაღი ძილი და დადებითი ემოციები

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. იმუნიტეტის ამაღლების ყველაზე არაეფექტური და ეფექტური მეთოდები - ამის შესახებ ექიმმა ევგენი კომაროვსკიმ თავის Instagram-ზე ისაუბრა.

მედიკოსის თქმით, ჯანმრთელობის გაუმჯობესების ყველაზე არაეფექტური მეთოდებია ბიოაქტიური საკვები დანამატების, ასევე ელეუთეროკოკის და ექინაცეის მიღება, ხახვის და ნივრის მირთმევა, ვირუსის საწინააღმდეგო ამულეტები, იმუნომოდულატორები და ჰომეოპათია.

კომაროვსკი განმარტავს, რომ იმუნიტეტის ამაღლების ყველაზე ეფექტური მეთოდებია - სრულფასოვანი ძილი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვები, უარი მავნე ჩვევებზე (თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება), ვაქცინაცია, სრულფასოვანი კვება და დადებითი ემოციები.

0