პარლამენტთან აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ: ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
პირველად პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა, ივლისში კი დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერა.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯომარეს ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
საქართველოს პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს მოუხსნის

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი არიან ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები და ნიკა მელიას მხარდამჭერები. ისინი შეძახილებითა და სტვენით ხვდებიან დეპუტატებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს უყრიან კენჭს. ამ წუთებში მელიას საქმეზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. მათი დასკვნა პარლამენტს წარედგინება პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად. სხდომას დაესწრება საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი.

12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტს მიმართა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად. ასეთი გადაწყვეტილება პროკურორმა მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა. 

როგორც ცნობილია, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და დეპუტატის მხრიდან გირაოს არგადახდის შემთხვევაში უმრავლესობა პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
სკანდალი ნიკა მელიას ირგვლივ გრძელდება: ოპოზიციის და ხელისუფლების თვალსაზრისი

საქართველოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვამდე პროკურატურამ პარლამენტის ნებართვა უნდა მიიღოს.

პარლამენტი ნებართვას კომიტეტებზე განხილვის შემდეგ პლენარულ სხდომაზე გასცემს. თუ პარლამენტი მელიას თაობაზე პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს, ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც საკანონმდებლო ორგანო მსგავს გადაწყვეტილებას იღებს ერთსა და იმავე საქმეზე – 2019 წლის 20 ივნისის ღამეს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.

პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.

2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას ასევე საჯაროდ გამოსვლა აეკრძალა. მაშინ ის ამ წესებს დაემორჩილა, მათ შორის, გირაოს თანხაც გადაიხადა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთ მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი თავიდან დააკისრეს.

ყველა ახალი ამბავი
0