მიხეილ სააკაშვილი

ოპოზიციის რებრენდინგი ქართულად - სააკაშვილი რეიტინგულ ლიდერებს იბრუნებს?

3132
(განახლებულია 00:03 14.02.2021)
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართულ ოპოზიციაში საკმაოდ საინტერესო პროცესები ვითარდება. როგორც ჩანს, ამ პროცესების დიდი ნაწილის რეჟისორი ისევ მიხეილ სააკაშვილია.

როგორც გაირკვა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას კიევში ვიზიტისა და მისი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ, ისევე, როგორც რამდენიმე მათმა თანამოაზრემ. მაგალითად ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გადაწყვიტეს „ევროპულ საქართველოში“ გზა სხვებს დაუთმონ, შესაძლოა, იფიქრონ პოლიტიკიდან წასვლაც, თუმცა - არა ოპოზიციური მოძრაობიდან.

როგორც ირკვევა, პარტიის მიერ მიღწეული ცუდი შედეგებიდან გამომდინარე, ლიდერები მარცხზე პასუხისმგებლობას იღებენ. თუმცა, როგორც ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, სინამდვილეში პარტიის ლიდერშიპს აღარ სურს ბოკერიას და მისი მეუღლის გადაწყვეტილებებით სვლა და ამიტომაც აპირებენ პარტიისგან გამიჯვნას. უფრო ადრე კი პარტია ელენე ხოშტარიამ დატოვა.

„რა ხდება კულისებს მიღმა ევროპულ საქართველოში: პარტიის ლიდერშიპი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ბოკერია უნდა გაწიონ (იგულისხმება ჩერგოც), სხვაგვარად, 3% განელდება, ამიტომ ორმა ლიდერმა ყრილობამდე განცხადება დაწერა და თანამდებობიდან გადადგა, ბოკერიამ იგივე არ გააკეთა, არ მივდივარო... ჰოდა,ახლა კულისებში დიდი კარის შეთქმულებაა. რომელი მხარე მოიგებს, ვნახოთ. ჰო, გიგი მიშას შეხვდა კიევში! ოცნების მეორე ვადა ბოკერიას "დამსახურებაა" და მარტო დარჩება პარტიაში, თუ გადადგება მას პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს!“ - წერს კარგად ინფორმირებული კილაძე ფეისბუქში.

თავის მხრივ გიგა ბოკერია არც პარტიისა და არც პოლიტიკის დატოვებას არ აპირებს და ამბობს, რომ ამ რთულ ოპოზიციურ ბრძოლაში უკან დახევა ღალატია.

პარალელურად, საინტერესო პროცესები ვითარდება ნაციონალურ მოძრაობაში. სააკაშვილმა, როგორც ჩანს, პარტიის ლიდერის პოსტზე ყველაზე აგრესიულ და მებრძოლ ნიკა მელიას დაუჭირა მხარი, რომელსაც, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დაიჭერენ, თუ საერთაშორისო საზოგადოება არ ჩაერია პროცესებში. თავის მხრივ მელიამ პარტიის რებრენდინგის გეგმა დადო და 12 ახალი ლიდერი წარმოადგინა, რომელთაც თავისი საქმიანობით დღემდეც იცნობდა საზოგადოება. განახლებული ენმ შესაძლოა, უფრო სიმპატიურად გამოიყურება, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ამ სქემაში იკითხება, ისაა, რომ სააკაშვილი ბოკერიას „აბაროტს“ უღებს და დაშლილი პარტია შესაძლოა, ისევ უნდა, გააერთიანოს. ანუ როგორც დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ აღნიშნეს, მათთვის ეხლა მთავარი ოპოზიციის საბრძოლო მუხტისა და ოპოზიციის ერთობის შენარჩუნებაა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაისში „ევროპული საქართველოს“ ყრილობის შემდეგ შესაძლოა, საინტერესო პროცესები დაიწყოს და ბაქრაძე-უგულავა დედა პარტიას და სააკაშვილს დაუბრუნდნენ. თუმცა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ეს მისთვის ძნელი წარმოსადგენია. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ენმ-ის მარტივ მამრავლებად დაშლას და 2016 წლის არჩევნების კვირიკაშვილისათვის „გაპრავებას“ ნაციონალების მხარდამჭერები სწორედ გიგა ბოკერიას აბრალებდნენ. გაჩნდა მითი, რომ მათ ივანიშვილი აფინანსებდა, ისევე, როგორც პალიკო კუბლაშვილსა და მის უკან მდგომ „გირჩს“. სხვათა შორის, ანალოგიური დაშლა-არმოშლის საკითხები აქტუალურია „გირჩშიც“, თუმცა აქ ამ პროცესებს საფუძვლად პარლამენტში შესვლა-არშესვლა უდევს და არა - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნების სურვილი.

ასევე სრულიად რეალურია ის ამბავი, რომ პარლამენტში 113 დეპუტატის შეკრება გაჭირდეს საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის და ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზეც 5 პროცენტიანი ბარიერი ძალაში დარჩეს. ამას კი საბოლოოდ იქით მივყავართ, რომ როგორც 2021-ის, ასევე 2024-ის არჩევნებზე შესაძლოა, პარლამენტში და, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში ორი დომინანტური ძალა გამოიკვეთოს - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც შეხმატკბილებულად გაიყოფენ ძალაუფლებას, რადგან მესამე ძალა, რომელიც 2020-ის უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავდა, უბრალოდ არ ჩანს. ვნახოთ, უშველის თუ არა დარისპანის გასაჭირს ოპოზიციის რებრენდინგი და შესაკრებთა გადანაცვლება.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

           

 

3132
არჩილ თალაკვაძე

საარჩევნო რეფორმა: თალაკვაძემ ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

3
(განახლებულია 16:04 04.03.2021)
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას საარჩევნო კოდექსში შესწორებების პაკეტზე მსჯელობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

საარჩევნო სისტემის რეფორმა ერთ–ერთი მოთხოვნაა ოპოზიციის იმ ნაწილისა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.

თებერვლის დასაწყისში პარტიებმა „მოქალაქეები“ და „ქართული ოცნება“ საარჩევნო რეფორმისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს. ეს გახდა პირველი ნაბიჯი, რომელიც ორ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით გადაიდგა. მოგვიანებით მემორანდუმს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შეუერთდნენ. ცვლილებები ეხება როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ არჩევნებს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ისინი თვალს ადევნებენ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას.

„მოგეხსენებათ, ოპოზიციამ ეს საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგშიც კი შეიტანა. მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფის წევრებს, ვინც საარჩევნო რეფორმის ახალ პაკეტზე იმუშავა. ეს არის ეუთოს რეკომენდაციების განხორციელების მიზნით შემუშავებული პაკეტი, სადაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმებია გათვალისწინებული“, – აღნიშნა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

რა ცვლილებები შედის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „საარჩევნო კოდექსში“>>

პარლამენტის თავმჯდომარე ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს მიმართა.

„ოპოზიციის მეორე ნაწილს პროცესში ჩართვა თუ სურს, კონკრეტული მოსაზრებები, დასაბუთებული შეთავაზებები თუ აქვთ, პროცესი სამი მოსმენის ფარგლებში  გახსნილი იქნება იმ ოპოზიციისთვის, ვისაც სურს, პარლამენტში ჩაერთოს ამ სამუშაო პროცესსა და განხილვებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კანონპროექტს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ პარლამენტის მუშაობაში კიდევ 17 დეპუტატი ჩაერთვება –საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებოლად 113 ხმაა საჭირო.

საარჩევნო რეფორმა მთელ რიგ ცვლილებას ითვალისწინებს. პირველ რიგში, ესაა ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმების დათვლის ელექტრონული სისტემების შემოღება, იზრდება საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები. მომდევნო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%–ზე ქვემოთ დადგინდება – ზღვარის განსაზღვრა მოხდება საჯარო და საპარლამენტო დებატების ფარგლებში.

მომდევნო არჩევნებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის თვითმმართველ ქალაქებში ყოველ ერთი მაჟორიტარ წევრზე იქნება ოთხი პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.

„ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ პარლამენტს საარჩევნო რეფორმის პროექტი წარუდგინეს>>

საარჩევნო ბარიერი ქალაქის თვითმმართველობებში – თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შეადგენს 2,5%–ს, სხვა თვითმმართველობებში არაუმეტეს 3,2%–ს. ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად განახლდება.

3
თემები:
საქართველოს პარლამენტი
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

შედგება თუ არა მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?

26
(განახლებულია 13:54 04.03.2021)
ორიოდე დღის წინ საქართველოს ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს მომლაპარაკებლად ცნობილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია და ფაქტობრივად 31 ოქტომბრის შემდეგ გაბუტული ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლეში მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასვა.

ამ შეხვედრას შეიძლება თამამად ეწოდოს მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, რადგან ეს სწორედ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მიერ დაწყებული დიალოგის გაგრძელებას ჰგავდა. თუმცა უცნაური ის აღმოჩნდა, რომ მხარეებმა ევროპელ სტუმართან მოლაპარაკებებზე თანხმობა დააფიქსირეს, ორკვირიანი ვადაც დათქვეს კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად და შეთანხმების გასაფორმებლად. მაგრამ მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირება დაიწყო. ცნობილია, რომ პიკეტირება და შემდეგ მომიტინგეების დაკავება მაინცადამაინც სასიკეთოდ ვერ მოქმედებს შეთანხმების პროცესზე.

და, მაინც, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება? ერთ-ერთი მთავარი თემა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გამოშვებაა, რისი რამდენიმე სამართლებრივი საფუძველი ნამდვილად არსებობს და ეს ხელისუფლებას ნამდვილად არ გაუჭირდება, თუ სურვილი იარსებებს. მაგალითად, კახა კუკავა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობს, მელიას ორ-სამ დღეში გაათავისუფლებენო. ვნახოთ, შესრულდება თუ არა ეს პროგნოზი. აქ ყველაზე მეტად სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტის სამედიაციო ფუნქციის გამოყენება შეიძლება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს:

ვადამდელი არჩევნები – ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი დანიშვნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც შექმნა კომისია, რომელიც პარლამენტში საარჩევნო დარღვევებს გამოიძიებს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ თუ 1 პროცენტის გაყალბებას მაინც დაამტკიცებს ოპოზიცია, ის მზადაა გადადგეს და ვადამდელ არჩევნებზეც თანახმაა. თუმცა ოპოზიციამ შესანიშნავად იცის, რომ ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებს, რადგან თუ რაიმეს დამტკიცება შეეძლოთ, ეს „ცხელ კვალზე“, არჩევნების დროს იყო ყველაზე უკეთ შესაძლებელი. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ მმართველ გუნდს მხარს არჩევნებზე მოსული მოსახლეობის 48 პროცენტი უჭერს, უმრავლესობის გული კი ან ინდიფერენტულია, ან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტო მოსწონს. ამ ფონზე ყველაზე გონივრული სწორედ საარჩევნო ცვლილებებია.

საკონსტიტუციო ცვლილებები – ცნობილია, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის კონსტიტუციაში 5-პროცენტიანი ბარიერია ჩაწერილი, რაც მოლაპარაკების ერთ-ერთი თემაა. საუბარია როგორც ამ ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევაზე, ასევე საერთოდ ბუნებრივი ბარიერის შემოღებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი, ვინც 1 პროცენტს მაინც აიღებს, პარლამენტში მოხვდება. 5-პროცენტიან ბარიერს კი, დღევანდელი მოცემულობით, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავენ. ახლა ექსპერტები გახარიას პოპულარობის გამო საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა გახარიამ ე.წ. მესამე ძალა შექმნას, რომელიც სრულიად შეცვლის ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს. მაგრამ ჯერ არც არავინ იცის, ბრუნდება კი გიორგი გახარია პოლიტიკაში, თუ მას მხოლოდ ასეთი დემარშით წასვლა სურდა და ამით მოსახლეობის მხრიდან მთავრობის მიმართ არსებული პრეტენზიების გადამისამართება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება. ეს მაშინ, როცა პარლამენტში დღეს 100 დეპუტატიც კი არ არის. რამდენჯერმე გაიჟღერა ხათუნა სამნიძისა და თამარ კორძაიას მხრიდან, რომ ისინი მზად არიან, ერთჯერადად შევიდნენ პარლამენტში და ხმა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს მისცენ. თუმცა პარლამენტში ერთჯერადი მხოლოდ საშვია და ისიც არაა სრულფასოვანი. საქმიან ადამიანებს იქ მუდმივი საშვი აქვთ. ასე რომ, იქ შესვლა, დისკუსიებში მონაწილეობა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სწორედ იმ საკანონმდებლო პროცესის ნაწილია, რის გამოც ხალხმა აირჩია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია.

პლებისციტი – აი, ეს კი გაცილებით მარტივია. „ლელო“ და ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც ჩანს, მუდმივად ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით დაიღალნენ. თანაც, ხელისუფლება ამტკიცებს, ეს წითელი ხაზია, ვადამდელს არ დავნიშნავთ და სხვა რაც გინდათ, მოითხოვეთო. პლებისციტი თემაზე, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – ამაზე ევროპელი დიპლომატებიც საუბრობენ. თუმცა ძალიან მარტივი ლოგიკით, პლებისციტი და შემდეგ ისედაც გეგმური ადგილობრივი არჩევნები ამ კორონაპანდემიის ხანაში შეიცავს როგორც ჯანმრთელობის რისკებს, ასევე ეკონომიურად საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბიუჯეტს.

საარჩევნო ცვლილებები – ყველა ის ცვლილება, რაზეც საუბარი იყო ხელისუფლებასა და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ შორის მოლაპარაკებისას, უკვე ინიცირებულია პარლამენტში. სავარაუდოდ, ორ კვირაში მათი პირველი მოსმენით მიღებაც შეიძლება. ცვლილებები ნამდვილად სასარგებლოა იმ კუთხით, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში ყველა პარტიის წარმომადგენლობას და ხმების ელექტრონულად დათვლას ითვალისწინებს. წესით, ამ ცვლილებების შემდეგ ოპოზიციამ გაყალბებაზე საუბარს ან თავი უნდა დაანებოს, ან საკუთარ თავს დააბრალოს.

რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია დამატებით ამ ორი კვირის ვადაში, სულ მალე გახდება ცნობილი. მანამდე კი იმ ნაბიჯებზე მოგახსენეთ, რაც უკვე გადაიდგა და მომავალშიც, სავარაუდოდ, გადაიდგმება პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

 

26
მაია ასათიანი

„ბუბუ შეყვარებულია...“ - მაია ასათიანი უსაყვარლეს ფოტოებს აქვეყნებს

0
(განახლებულია 13:49 04.03.2021)
მაია ასათიანის თეთრმა ცუგა ბუბუმ რჩეული იპოვა. ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში

ცნობილი ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში სასიხარული ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, მისმა საყვარელმა ძაღლმა ბუბუმ სიყვარული იპოვა. მაიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ძაღლების წყვილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნა.

მაია ასათიანს ორი ძაღლი ჰყავს - ბუბუ და ჰასკი დუდი. ცნობილმა ტელეწამყვანმა ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. ჟურნალისტი წერდა, რომ მისი ძაღლი თუთა დაიღუპა, ამის მიზეზი კი ეზოში მომხდარი შემთხვევა გახდა. „ეზოში დიდ ძაღლს დაუყეფა და იმან დაგლიჯა“, - დაწერა მაია ასათიანმა.

პოპულარული ჟურნალისტი ბოლო დროს სამ ძაღლთან და თუთიყუშთან ერთად ცხოვრობდა. თუთა, დუდი და ბუბუ მაიას „ინსტაგრამის“ „სთორების“ მთავარი გმირები იყვნენ. ასათიანის სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და თუთიყუში დომინირებს.

მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება