ხათუნა სამნიძე

კიდევ ერთი: „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში შესასვლელად მზადაა

64
(განახლებულია 14:19 11.02.2021)
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მზად არიან დროებით უარი თქვან ბოიკოტზე, რათა მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თანაპარტიელ თამარ კორძაიასთან ერთად პარლამენტში მხოლოდ ერთი კანონის მხარდასაჭერად – საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად შევა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველ პარტიაში. 

სამნიძე და კორძაია პარლამენტში ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სიით მოხვდნენ. გასულ კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათი და კიდევ 49 დეპუტატის განცხადება პარლამენტის დატოვების შესახებ ჩავარდა.

სამნიძე აცხადებს, რომ მზადაა თანაპარტიელთან ერთად პარლამენტში ერთი კანონის კენჭისყრაზე შევიდეს, რათა საარჩევნო რეფორმის ცვლილებასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა, რომელზეც მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“ მუშაობენ. ლაპარაკია სრულად პროპორციულ სისტემაზე ბუნებრივი ბარიერით.

„თუ ისინი (ხელისუფლება) გაბედავენ და საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემას შემოგვთავაზებენ, ჩვენ, „რესპუბლიკელები“, მზად ვართ კენჭისყრის დროს პარლამენტში შევიდეთ და მხარი დავუჭიროთ კანონპროექტს“, – განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისი პარტია ოპოზიციური შეთანხმების ერთგული რჩება და არ აპირებს პარლამენტის დანარჩენ საქმიანობაში ჩართვას. 

„რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებას მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“, რომელიც ყველანაირად ცდილობს ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში დატოვოს, არასერიოზული უწოდეს.

„ვფიქრობ, ეს უკვე ბავშვობაა და აღიქმება როგორც თამაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

სამძინისა და კორძაიას გადაწყვეტილება არ მოიწონეს ოპოზიციაშიც.

„ლელოს“ პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ პარლამენტში ერთჯერადად შესვლა არაფრის მომცემია.

„მიუხედავად კოლეგებისადმი დიდი პატივისცემისა, ჩვენ ამ იდეას მხარს არ დავუჭერთ. გაუგებარი პოზიციაა: იყო ბოიკოტის რეჟიმში და რამდენიმე სხდომაზე მიხვიდე“, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

ანალოგიურ აზრს აფიქსირებენ საარჩევნო ბლოკში „რესპუბლიკელების“ კოლეგებიც.

„რას ნიშნავს პარლამენტში ერთხელ შესვლა? ჩვენ რა, პარლამენტის ლეგიტიმურობას ვაღიარებთ, შევალთ პარლამენტში, ერთხელ ხმას მივცემთ და წამოვალთ?! ჩვენ პარლამენტში შესვლას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გარეშე არ განვიხილავთ. პოლიტიკოსების სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის ცვლილება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. ამ ეტაპზე 150 დეპუტატიდან საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე განცხადება არ დაუწერია 99 დეპუტატს და სამნიძე და კორძაია რომც შევიდნენ პარლამენტში, მათი იქ ყოფნა საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ უზრუნველყოფს, რისთვისაც 113 დეპუტატია საჭირო.

64
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (306)
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე

დაუგეგმავი შეხვედრა: ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებებს მართავენ

39
ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის ინიციატივით საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოვიდა

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან - რამდენიმე წუთში აქ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით, მოლაპარაკება დაიწყება, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიშელმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია, თანაც დაუყოვნებლივ.

პრეზიდენტის სასახლეში იკრიბებიან ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი), „ევროპული საქართველოს“ (დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია), „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე), „პატრიოტთა ალიანსის“ (ირმა ინაშვილი), რესპუბლიკური პარტიის (ხათუნა სამნიძე), ლეიბორისტული პარტიის (შალვა ნათელაშვილი), „მოქალაქეების“ (ალეკო ელისაშვილი).

ორბელიანის სასახლეში იმყოფებიან ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები - მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ.

39
არჩევნები

პლებისციტი არჩევნების ნაცვლად? შარლ მიშელმა ქართულ ოპოზიციას მიმართა

42
(განახლებულია 21:17 01.03.2021)
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართული ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად კომპრომისისკენ მოუწოდა, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სტუმართან შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს >>

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კვირას ეწვია. მისი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კრიზისი გამწვავდა და ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა. ის ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

„გარკვეულ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ეს, ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, ვაშაძემ არ გამორიცხა, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე თვის ბოლომდეა შესაძლებელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციას დაპირდნენ, რომ ევროკავშირი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესში.

„ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი... ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“, - აღნიშნა სამადაშვილმა. 

პლებისციტს მხარი დაუჭირა ასევე ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ჩვენ პლებისციტს მხარს ვუჭერთ, როგორც სერიოზულ კომპრომისს. პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმების წინადადება წამოაყენა.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო“, - აღნიშნა მან.

როგორც შარლ მიშელმა ამასწინათ განაცხადა, მისი ვიზიტი მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მეტად აწუხებს ევროკავშირს და პირადად მას. ამიტომ ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, ინტენსიურად იმუშაონ ვითარების განსამუხტად.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელი იმყოფებოდა მოლდავეთში. თბილისიდან კი კიევში გაემგზავრება.

 

42
 შოუ The Voice Georgia

„ვიცე-მის საქართველო“, მძიმე როკი და რესტორნის მომღერლები: რა მოამზადა ქართულმა „ვოისმა“

0
(განახლებულია 22:21 01.03.2021)
პროექტში The Voice of Georgia თავი მოიყარეს ყველაზე, ყველაზე გამორჩეულებმა - მოდელებმა, ქუჩის მუსიკოსებმა, რესტორნის მომღერლებმა და უბრალოდ სიმღერის მოყვარულებმა

შაბათს ვოკალური ტელეპროექტის The Voice of Georgia სეზონის მეორე გამოშვება - ბრმა მოსმენების ეტაპი გაიმართა. Sputnik-საქართველო მკითხველს ყველაზე გამორჩეულ კონკურსანტებსა და ნომრებს აცნობს.

სანდრო ლაშხი

სანდრო ლაშხი 20 წლის სტუდენტი და ქუჩის მუსიკოსია სასიამოვნო ხრინწიანი ხმით. მუსიკა ლაშხის ერთადერთი გატაცება არ არის. ის დროს უთმობს ფოტოგრაფიასა და ხატვას, განსაკუთრებით კი მოტოციკლეტები უყვარს.

სანდრომ შეასრულა ჯგუფის The Animals სიმღერა The house of rising sun. დაიწყო დაბალი ტონალობით, შემდეგ კი ზედა რეგისტრში გადავიდა. იგი მძიმე და კლასიკური როკის თაყვანისმცემელია. სანდრომ ნიკა რაჭველი და სალიო შემოაბრუნა, არჩევანი კი სალიოს გუნდზე შეაჩერა. 

მარიამ დოკვაძე

ოცდასამი წლის მარიამ დოკვაძე რუსთავიდანაა. გოგონას დედის თქმით, იგი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სრულყოფილი სმენით, ამიტომ გადაწყვიტეს მუსიკალურ სკოლაში მიყვანა. მარიამმა იქ მხოლოდ რამდენიმე წელი იარა, ამიტომ მიაჩნია, რომ თვითნასწავლია. 18 წლის ასაკში მარიამმა შექმნა ბენდი, რომელთან ერთადაც რესტორნებში გამოდიოდა.

პროექტისთვის დოკვაძემ შეარჩია არეტა ფრანკლინის სიმღერა Respect. გოგონამ ენერგიითა და ძლიერი ვოკალით თავიდანვე დაიმსახურა სტეფანესა და სალიოს მოწონება. მან სტეფანეს გუნდი აირჩია.

ლარა იანი

ამ გამოშვების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მონაწილე თბილისელი 28 წლის ლარა იანი იყო. 2017 წელს ლარა მონაწილეობდა სილამაზის კონკურსში „მის მსოფლიო“, როგორც „ვიცე-მის საქართველო“, 2020 წელს კი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის პირველი „ვიცე-მის ოფისი“ გახდა.

გოგონამ შეასრულა ბიონსეს სიმღერა Runnin. მსმენელი და მეგობარი ბიჭი ამაოდ ელოდნენ, რომ მისკენ ჟიურის რომელიმე წევრი შემობრუნდებოდა, თუმცა სიმღერის დასრულების შემდეგ, გოგონას დანახვისას, სტეფანემ ის კომპლიმენტებით აავსო.

სალომე ხუჯაძე

18 წლის თბილისელი სალომე ხუჯაძე ბავშვობიდან გატაცებულია სიმღერით. გოგონა საკმაოდ თავდაჯერებულია და გამოსვლამდე თითქმის არ ღელავდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი პროექტია. ხუჯაძემ შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის სიმღერა I'm changing.

მან ხმის ტემბრით ჟიურის სამი წევრი მოხიბლა - სტეფანე, ნიკა რაჭველი და სალიო. არჩევანი კი მაესტრო რაჭველის გუნდზე შეაჩერა.

კატო ვერხვიაშვილი

31 წლის კატო თბილისში ცხოვრობს. დაიბადა მუსიკალურ ოჯახში, მაგრამ ძალები სპორტშიც აქვს მოსინჯული. ამჟამად მუსიკის გარდა ფოტოგრაფიითაა გატაცებული. პროექტ „ვოისის“ სცენაზე თავისი პირველი გამოსვლა კატომ მიუძღვნა მამას, რომელიც სამი თვის წინ გარდაიცვალა.

კატომ ტომ ჟობიმის სიმღერის Meditation პირველივე ნოტებიდან მიიქცია ყურადღება. სტეფანემ მომღერალი შეაფასა, როგორც ძალიან ალტერნატიული. ამასობაში მისკენ სალიო შემობრუნდა, რომელიც კატოს ნამღერმა ისე აღაფრთოვანა, რომ ჟიურის დანარჩენი წევრების ღილაკებსაც თავად დააჭირა ხელი. საბოლოოდ მომღერალი ნიაზ დიასამიძის გუნდში მოხვდა.

The Voice of Georgia - არის სატელევიზიო ვოკალური შოუ. 2012 წლიდან კონკურსი „იმედის“ არხზე გადიოდა, ამჟამად კი „პირველი არხით“ გადაიცემა.

ადრე მას ეწოდებოდა „ახალი ხმა“. პირველი ორი სეზონის გამარჯვებულები გახდნენ სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი არის ორიგინალური ფორმატის The Voice ქართული ანალოგი. პროექტი 2010 წელს ჰოლანდიურ ტელევიზიაში RTL4 გამოჩნდა, როგორც The Voice of Holland.

0