საარჩევნო ურნა

ვინ შევა არჩევნებზე დარღვევების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში

57
(განახლებულია 22:10 08.02.2021)
კომისია ორი კვირის შემდეგ შეიქმნება, როდესაც დადგენილებას მიიღებენ, მაგრამ მასში შესვლისთვის მზად ჯერჯერობით მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დეპუტატი პარტიიდან „მოქალაქეები“ ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა ჩაერთოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების გამოვლენის დროებითი საგამოიებო კომისიის მუშაობაში.

„სრული სიგიჟეა“: ოპოზიციონერი დეპუტატები დეკლარაციების შევსებას არ აპირებენ>>

საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი პირობაა, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციას მისცა. უმრავლესობამ პირობა დადო – შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ხმების დათვლაში ცდომილება თუნდაც 1%-ს შეადგენს.

„ოპოზიციას რატომ არ უნდა ჩართვა, მათ უნდა ჰკითხოთ. მინდა, რომ ჩაერთონ და მათთან ერთად ის დავამტკიცოთ, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენ არ გვყოლია დამკვირვებლები არჩევნებზე და რთული იქნება ყველას ნაცვლად იმ მტკიცებულების ტვირთის აწევა, რაც ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა დაადასტუროს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, პარტია „მოქალაქეებს“ წარმომადგენლები ჰყავდა საბურთალოს რაიონში, სადაც მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა.

„ამას დაემატა ოპოზიციის დანარჩენი პარტიების განცხადებები, რომ ყველგან ასეთი სიტუაცია იყო და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, მათ არ დავუჯეროთ. მაგრამ ვამბობთ, მოდით, ეს ყველაფერი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დავამტკიცოთ. ის მტკიცებულებები მოიტანონ, რაც სასამართლოში შეიტანეს და სასამართლომ განხილვაზე უარი თქვა“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ოპოზიცია კომისიის პრინციპს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა საარჩევნო ადმინისტრაციებმა უკვე „გაასუფთავეს“ უზუსტობები და გადათვლა შედეგს არ მოიტანს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ შედეგები არ აჩვენებს დარღვევებს უშუალოდ არჩევნების მსვლელობის დროს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც მმართველმა პარტიამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა.

„დღეს უკვე, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყველაფერი აქვს გაკეთებული, რომ ცხელი კვალი და გაყალბების ფაქტები წაშალოს, გაასწოროს და შესაბამისობაში მოიყვანოს, ბუნებრივია, აზრი არ აქვს. არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის მთავარი ხერხი მხოლოდ და მხოლოდ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტის შესახებ იმსჯელეს და მოიწონეს.

კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. კომისია დადგენილების მიღების შემდეგ ორ კვირაში უნდა შეიქმნას. მასში კვოტებს პროცედურულ საკითხთა კომიტეტი გადაანაწილებს.

რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს, უმრავლესობა კანდიდატურასთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს.

პარლამენტში შესულ ოპოზიციას უფლებამოსილება გაეზარდა>>

ამჟამად ოპოზიციას პარლამენტში ორი პარტია – „მოქალაქეები“ და უკვე არჩევნების შემდეგ შექმნილი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ წარმოადგენენ. ეს უკანასკნელი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გასული ოთხი დეპუტატია. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები პარლამენტის მუშაობაში არ მონაწილეობენ.

57
თემები:
საქართველოს პარლამენტი (293)
გიორგი გახარია

პირველი განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“ - გახარია შეტევაზე გადადის?

44
(განახლებულია 08:30 15.04.2021)
მიუხედავად იმისა, რომ გახარია ჯერ დუმილს ინარჩუნებს და გეგმებს არ ასაჯაროებს, მის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება

საქართველოს ყოფილ პრემიერს პარტია ჯერ არ შეუქმნია, მმართველი პარტია კი უკვე რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და გახარიას გუნდში გადასვლა გადაწყვიტა. ახლა პარლამენტში 84 დეპუტატი დარჩა და მმართველ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვასთან ცხრა ადამიანი აშორებს.

„ქართული ოცნება“ სამშაბათს ყველასთვის მოულოდნელად ექვსმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის არიან ყოფილი ომბუდსმენი, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები და სამი მსხვილი რეგიონის - სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის - ყოფილი ხელმძღვანელები.

ყველა მათგანი მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას თანამოაზრე იყო და ახლა მათ ღიად განაცხადეს, რომ მისი გუნდის წევრები გახდებიან.

„ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეიდან გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, - აღნიშნა „ოცნებიდან“ წასულმა ერთ-ერთმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მოგვიანებით ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ გახარიას და მისი პარტიის გეგმებში არჩევნებში მონაწილეობა შედის.

„იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადებას დაიწყებს ამ არჩევნებისთვის და შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში,“- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მან აღნიშნა ასევე, რომ ახლო მომავალში გაიმართება პარტიის პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი აქტივი და ამის შემდეგ პოლიტიკური ძალა მოემზადება შემოდგომის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

გახარიას გუნდის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი ლილუაშვილმა მომავალი პოლიტიკური ძალის გეგმებზე ისაუბრა.

„პოლიტიკური პარტიის მშენებლობის პროცესი ასევე ნებისმიერ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოიაზრებს და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ჩვენ რადიკალებთან არაფერი გვაქვს საერთო, დანარჩენებთან დაკავშირებით მომავალში გვექნება საუბარი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ რეაქცია

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გახარიას გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება ვერ დამალეს.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ აქტიურმა წევრმა დიტო სამხარაძემ კი ისიც შეახსენა ყოფილ თანაგუნდელებს, ვინ მოიყვანა გახარია პოლიტიკაში.

„ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ გახარიას, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა“, - განაცხადა სამხარაძემ.

რატი იონათამიშვილმა კი აღნიშნა, რომ გახარიას პარტიის ადგილი პარლამენტში საერთოდ არ არის.

„საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატის დატოვებას კანონი არ ავალდებულებს, თუმცა მორალურად ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. მანკიერი პრაქტიკაა, როცა ადამიანები ერთი პარტიის რესურსით სარგებლობენ, როცა არჩევნებს იგებენ და შემდეგ პარტიიდან გასული ადამიანები ოპონირებას იმ მანდატით იწყებენ, რომელიც მათთვის ამომრჩეველს არ მიუნიჭებია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ პარტიიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ განხეთქილება გარდაუვალი იყო.

„როცა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნებიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, დარჩნენ ადამიანები, ვინც მისი მხარდამჭერები იყვნენ და „ქართულ ოცნებაში" მისი ფაქტორის გამო იყვნენ. შესაბამისად, დღეს სხვა მოცემულობაა. ვფიქრობ, გიორგი გახარია არსად წავიდოდა პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამასთან დასძინა, რომ მიმდინარე მოვლენები განხეთქილების მხოლოდ დასაწყისია.

პარტიის ლიდერები, თავის მხრივ, ირწმუნებიან, რომ განხეთქილება არ მოხდება.

„ქართული ოცნების" გუნდს ექნება სრული უმრავლესობა ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, რაიმე ტიპის საფრთხე რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები... ასეთი რისკები გამორიცხულია“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა.

გახარიას ფაქტორი

ამჟამად გახარია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსი და გადამდგარი პრემიერ-მინისტრია. ნებისმიერი მისი გამოჩენა სოციალურ ქსელში ათასობით მოწონებას აგროვებს, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

IRI-ს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში გახარიამ ყველაზე პოპულარული ადამიანების რეიტინგში პატრიარქის ილია მეორის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ გახარია იქნება არა მმართველი პარტიის, არამედ იმათი კონკურენტი, ვინც თავს მესამე ძალად წარმოაჩენს.

„უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გახარიას აქვს პოპულარობა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, „ქართულ ოცნებას“ ბევრი ხმა წაართვას. „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლების ერთგული კოჰორტა ჰყავს - დაახლოებით 35%. „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ხმებს შეინარჩუნებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არსად წავა, მაგრამ გახარიამ სერიოზული დარტყმა შეიძლება მიაყენოს პარტიებს, რომლებიც თავს მესამე ძალას უწოდებენ“, - აღნიშნა სიხარულიძემ Sputnik-საქართველოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ჯერ გაუგებარია, კონკრეტულად რას შესთავაზებს გახარია საზოგადოებას და ახლა მას მოუწევს კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის საკითხზე ჩამოყალიბება.

„ამ საკითხში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ორი პოზიცია: მელიას ციხეში დატოვება ან გათავისუფლება. გახარიას მესამე, ალტერნატიული პოზიცია ვერ ექნება“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, გარკვეულმა ნაწილმა გახარია შეაფასა, როგორც ივანიშვილის პროექტი.

„მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა „ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს“, - განაცხადა „ევროპული საქართელოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

გიორგი გახარია კი ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს და გეგმებზე არ საუბრობს.

44
ნიკა მელია სასამართლოში

ნიკა მელია ციხეში რჩება: როგორ შეიცვლება ოპოზიციის სტრატეგია

42
საქართველოს ხელისუფლების ღრმა რწმენით, მელიას პატიმრობა ოპოზიციას იმისთვის სჭირდება, რომ ამ თემით სპეკულირება გააგრძელოს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. სასამართლოს გადაწყვეტილებამ, პატიმრობაში დაეტოვებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ცეცხლზე ნავთი დაასხა - საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა.

მელიას პატიმრობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საგანია. ოპოზიცია მას პოლიტპატიმარს უწოდებს. დასავლეთის მხრიდან სერიოზული კრიტიკის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ გამოთქვა მზადყოფნა ეშუამდგომლა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, თუ მელია დათანხმდება 40 ათას ლარიან გირაოს გადახდაზე.

„ეს იყო აბსოლუტურად უაზრო სპექტაკლი. როგორი არგუმენტებიც არ უნდა მოიშველიონ, რაზეც არ უნდა ილაპარაკონ, მოსამართლე მომზადებული გადაწყვეტილებით მოვიდა... ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ მოლაპარაკებებს არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ.

ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი გუშინ „ლელოს“ ოფისში შეიკრიბა, რათა სამომავლო გეგმები განეხილა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას თქმით, 15 მაისს დაგეგმილი მასშტაბური აქციის ჩატარების გადაწყვეტილება ძალაშია.

„15 მაისი ძალაშია, უნდა ვაჩვენოთ, რომ მოლაპარაკების პარალელურად, რა ტკივილიც აქვს საზოგადოებას, არსად წასულა, არსად გამქრალა, პირიქით, მატულობს, სულ უფრო და უფრო დამუხტული ხდება“, - აღნიშნა უგულავამ.

მელიას გათავისუფლება ხელს შეუწყობდა ვითარების განმუხტვას, ფიქრობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

„გააუმჯობესებდა მოლაპარაკებების გარემოს, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ და მოსამართლემ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ვითარებას კვლავ ძალიან დაძაბულს ტოვებს და კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს“, – დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი სიტყვებით, მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების მიღწევის მზადყოფნა იარსებებს.

„მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება არ გვაქვს... როგორც თქვენთვის ცნობილია, შესათანხმებელი დაგვრჩა ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი – ეს არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების საპატიმროდან გათავისუფლება, ასევე რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზაზე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ხელისუფლების პოზიცია

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მელიას დღესაც შეუძლია ციხის დატოვება, თუ გირაოს გადაიხდის.

„ნიკა მელიას დღესაც შეუძლია გადაიხადოს გირაოს თანხა და დატოვოს საპატიმრო, რომლის შემდგომაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ მივიღებთ პოლიტიკურ აქტს, სადაც ამინისტირებული იქნება 20 ივნისთან დაკავშირებული ყველა პირი, მათ შორის ნიკანორ მელია და ამით ეს საკითხი დაიხურება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ამილახვარმა.

მელია ციხეში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება, რათა გააგრძელოს თემით სპეკულირება, ფიქრობს პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი.

„კანონი უნდა აღსრულდეს, ოპონენტს გააჩნია შეხედულება, რომ კანონის აღსრულება ეწინააღმდეგება მათ იდეას და იდეა არის შემდეგი - არ არსებობს კანონი, სახელმწიფო და სახელმწიფო სტრუქტურები, რომელსაც შეიძლება დაემორჩილო. ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? - ეს სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას", რათა მუდმივად ამ თემაზე სპეკულაცია აწარმოოს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა არსებობს.

„მზად ვართ, ნებისმიერი მოლაპარაკებების ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა... თუ კონკრეტული ოპოზიციური ძალა ან კონკრეტული პოლიტიკოსები გადადგამენ სწორ და კონსტრუქციულ ნაბიჯებს, ჩვენ რა თქმა უნდა, მათთან შემდგომი მოლაპარაკებებისა და საკითხების განხილვისთვის ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში სიტუაციაზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ჯერ უშედეგოდ - პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ღრმავდება.

მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. თბილისში კრიზისის მოგვარების მიზნით მეორედ იყო ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

42
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში 15 აპრილის მონაცემები

0
(განახლებულია 10:54 15.04.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.389 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 706), გარდაიცვალა – 3.908 (ბოლო 24 საათში – 7), კარანტინის რეჟიმშია 155, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.616 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 394 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.030-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 292.244-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.389 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 706), გარდაიცვალა – 3.908 (ბოლო 24 საათში – 7), კარანტინის რეჟიმშია 155, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.616 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 394 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 32.801 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.919, PCR–ტესტით – 11.882.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,14%, ბოლო 14 დღის - 2,68%, ბოლო 7 დღის - 2,82%

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები