თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ საქართველოსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობის სტრატეგია და კონკრეტული პრიორიტეტები განიხილეს, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
კერძოდ, საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებებს.
გიორგი გახარიასა და ანა ბიერდეს შორის შეხვედრა ვიდეკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას პანდემიის პირობებში გაწეული მხარდაჭერისთვის მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა.
„მსოფლიო ბანკის პროგრამებმა საქართველოს მთავრობას ხელი შეუწყო ისეთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის რეფორმა და სხვა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა COVAX-პლატფორმის გარდა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფოსთან ვაქცინაზე დროული ხელმისაწვდომობის კუთხით.
პრემიერის შეფასებით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას სახელმწიფო წარმოების კომპლექსური რეფორმის განხორციელებასა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში.
„მსოფლიო ბანკის მხრიდან დადასტურდა მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოში იმ სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მთავრობის უმთავრესი გეგმით - 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრისას საუბარი შეეხო პანდემიით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებს, ასევე ტურიზმის როგორც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალის აღდგენის მნიშვნელობას.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია რომ საქართველო გახდეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ამიტომ საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეგიონული მნიშვნელობის პროექტების მხარდაჭერა, რაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნის შესაბამის პოზიციონირებას შეუწყობს ხელს.
მსოფლიო ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 2.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.
ვიდეოკონფერენციაში მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხრიდან მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, ასევე განსახილველი თემების შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელები, როგორც მსოფლიო ბანკის სათავო, ასევე რეგიონული ოფისებიდან, ხოლო საქართველოს მხრიდან - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.