პარლამენტი

ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის ვიცე–სპიკერი გახდა

56
(განახლებულია 19:52 04.02.2021)
ლევან იოსელიანი მეორე დეპუტატია ოპოზიციიდან, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. მანამდე ვიცე–სპიკერი ავთანდილ ენუქიძე გახდა.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერის თანამდებობა დაიკავა.

მის კანდიდატურას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა.

იოსელიანი ვიცე–სპიკერის თანამდებობაზე ოპოზიციის კვოტიდან აირჩიეს. უფრო ადრე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ოპოზიციიდან „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ავთანდილ ენუქიძემ დაიკავა. ამგვარად, ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატიდან ორს სპიკერატში მაღალი თანამდებობა უკავია.

ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებმა“ არჩევნებზე ამომრჩეველთა 25,5 ათასი ხმა მიიღო და პარლამენტში ორი მანდატი მოიპოვა.

ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში 60 ოპოზიციური ადგილიდან მხოლოდ ექვსია დაკავებული – ოთხია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული, რომლებმაც შემდეგ თავიანთი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს, და ორი – „მოქალაქეების“ წარმომადგენელი.

პარლამენტის თავმჯდომარის მეოთხე მოადგილედ ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს>>

დანარჩენი ოპოზიციონერები, რომლებიც პარლამენტში გავიდნენ, ბოიკოტს აცხადებენ და მანდატებზე უარს ამბობენ.

56
თემები:
საქართველოს პარლამენტი (293)
არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ

37
(განახლებულია 15:51 14.04.2021)
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის დატოვების შემდეგ აღნიშნული პირები პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებენ.

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  ექვსი დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება და ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს პასუხისმგებლობიდან გაქცევა უწოდა. 

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა -  გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიმ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ დატოვეს და ისინი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებენ. როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან  პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად, რომელიც ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა... ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ თავის დროზე და დღეს უკვე მისმა მეგობრებმა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დგას იმ ვალდებულებების, პირობების უკან, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

მისი განმარტებით, ის არათანმიმდევრულობა, რომელიც ექს–პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღებისას და გუნდთან ურთიერთობაში გამოავლინა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში.  როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო,  გახარიამ სწორედ მაშინ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატის გასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 წევრი ჰყავს.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

 გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

37
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი

საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა

17
(განახლებულია 15:03 14.04.2021)
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებს გამართავს.

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი  15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ნუნე სარქისიაის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხუთშაბათს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  იგეგმება სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გარდა ამისა,  სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდება.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში სარქისიანი სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

17
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
საპატრიარქო

საპატრიარქო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე: დაუშვებელია სიტუაციის  ესკალაცია

0
(განახლებულია 17:19 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს. 

საპატრიარქო დაუშვებლად მიიჩნევს  სიტუაციის შემდგომ ესკალაციასა და კატეგორიულ ტონს, რომელიც, მათი განმარტებით,  არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას.

„პატივისცემით ვთხოვთ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

„ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

0