პარლამენტი

საგაზაფხულო სესიის სხდომაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს

43
(განახლებულია 20:30 02.02.2021)
საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას 83 დეპუტატი, მათ შორის ექვსი ოპოზიციონერი – ოთხი „ვროპელი სოციალისტების“ და ორი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი ესწრება.

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

სესიის გახსნისას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკუთარი გამოსვლა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ყველა იმ ადამიანისთვის მადლობის გადახდით დაიწყო, ვინც COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.

„საგაზაფხულო სესია მინდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის მადლობის გადახდით დავიწყო. ჩვენ ერთად შევძელით, რომ დღეს ქვეყანაში ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და ჩვენი საზოგადოება ეკონომიკური, სოციალური, კულტურული სფეროების გახსნისთვის ემზადება. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

ამ დროისათვის დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე განცხადებებს აკეთებენ.  დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხია. 

თუმცა, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მმართველმა პარტიამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენებისგან თავის შეკავებისა და ოპოზიციისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.

ანუ, უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრებითაა დაკომპლექტებული, ოპოზიციონერებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერს.

სხდომა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ერთპარტიულ პარლამენტს და იმ ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლებმაც ბოლო მომენტში დაიკავეს დეპუტატის სავარძლები. 

ამჟამად უცნობია, საერთოდ განიხილება თუ არა სხდომის დღის წესრიგში შეტანილი 51 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართეს. ესენი არიან: ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (ხუთი მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (ოთხი მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (ოთხი მანდატი) და ლეიბორისტული პარტიის (ერთი მანდატი) წარმომადგენლები. ასევე ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კენჭს იყრიდა პარტია „გირჩის“ სახელით.

დღეს 60 ოპოზიციური ადგილიდან პარლამენტში მხოლოდ ექვსია დაკავებული: ოთხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომელთაც ახალი პარტია შექმნეს, და ორი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ, რომლებიც დღეს პირველად შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, „არ მიეცნენ ერთპარტიული მართვის ცდუნებას“ და „მისცენ დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად“.

43
თემები:
საქართველოს პარლამენტი (293)
არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ მზადაა „გირჩის“ მოთხოვნები პარლამენტში განიხილოს

9
(განახლებულია 17:53 14.04.2021)
საქართველოს ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ მზადაა პარლამენტში შევიდეს, თუმცა გარკვეული პირობით.

 

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წამომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მათ მიერვე  შეთავაზებული რეფორმების განსახილველად მიიწვია. 

პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“ შვიდი მოთხოვნა წამოაყენა და მათგან თუნდაც ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში მზადაა საქართველოს პარლამენტში შევიდეს. „გირჩის“ მოთხოვნებს შორისაა: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. პარტია, რომელიც ცნობილია თავისი არაორდინალური გადაწყვეტილებებით, ასევე მოითხოვს მარიხუანის სრული ლეგალიზაციას და მულტისავალუტო რეჟიმის დაშვებას ქვეყანაში.

„მათ შვიდი პუნქტიც, და შესაძლოა მეტიც აქვთ ასეთი. ეს არის „გირჩის“ დღის წესრიგი, „გირჩის“, როგორც პოლიტიკური პარტიის პროგრამა და ამ პროგრამით ისინი გამოვიდნენ არჩევნებში. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენმა მოქალაქემ დაუჭირა ამას მხარი. ამიტომ, ერთადერთი შესაძლებლობა, „გირჩმა“ იმსჯელოს თავის სასურველ რეფორმებზე, არის პარლამენტში ყოფნა და პარლამენტში დისკუსია“, – აღნიშნა თალაკვაძემ. 

„გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.

„ვფიქრობ, უპირველესად, დასაფასებელია პოზიცია, რომელიც მათ დააფიქსირეს დიალოგის ბოლო რაუნდში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ მზად იყვნენ დოკუმენტზე ხელმოსაწერად, რაც ვფიქრობ, იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღესდღეობით პარლამენტში ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ პარტია „მოქალაქეები“ და პარტია „ევროპელი სოციალისტები“. დანარჩენი პარტიები უარს აცხადებენ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობაზე და არ იღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში.
იმ შემთხვევაში, თუ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“ პარლამენტში შევა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობა სამით გაიზრდება და 99-ს მიაღწევს, რომელთაგანაც 9 ოპოზიციონერი იქნება.

9
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ივიწყებ...

42
(განახლებულია 18:40 14.04.2021)
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის დატოვების შემდეგ აღნიშნული პირები პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებენ.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  ექვსი დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება და ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს პასუხისმგებლობიდან გაქცევა უწოდა. 

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა -  გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიმ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ დატოვეს და ისინი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებენ. როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან  პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად, რომელიც ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა... ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ თავის დროზე და დღეს უკვე მისმა მეგობრებმა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დგას იმ ვალდებულებების, პირობების უკან, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

მისი განმარტებით, ის არათანმიმდევრულობა, რომელიც ექს–პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღებისას და გუნდთან ურთიერთობაში გამოავლინა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში. როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო, გახარიამ სწორედ მაშინ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატის გასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 წევრი ჰყავს.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

 გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

42
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება