ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს არის საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხორციელდება.

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე ისაუბრეს, რომელიც ვენეციის კომისიაში ამჟამად განიხილება.

„ამჟამად ვმუშაობთ ორ პროექტზე. პირველი ეხება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შევთანხმდით, რომ რეკომენდაციის პროექტს ვენეციის კომისიის მიერ დამტკიცებამდე გავგზავნით. რაც შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების კანონს, ამ შემთხვევაში გავყვებით ჩვეულ პროცედურას და რეკომენდაციას 19-20 მარტს დავამტკიცებთ“, – განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარება. უახლოეს მომავალში ველოდებით რეკომენდაციებს, რომელსაც ვენეციის კომისია მოგვაწვდის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია „ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას შეაფასებს

2021 წლის იანვარში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ვენეციის კომისიას ის ორი სადავო კანონპროექტი გადაუგზავნა, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება (საარჩევნო კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესწორებების პროექტი; საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის პროექტი (პარტიის რეგისტრაციის გაუქმება).

სტრასბურგში 25 იანვარს გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, რომელზეც ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი კობახიძესთან ერთად ასევე შედიან კახა კუჭავა (დელეგაციის ხელმძღვანელი) და დეპუტატები ფრიდონ ინჯია, მარიამ კუბლაშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ხოჯევანიშვილი.

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციაში 47 სახელმწიფო შედის.

ყველა ახალი ამბავი
0