პარლამენტი

პარლამენტში შესულ ოპოზიციას უფლებამოსილება გაეზარდა

71
(განახლებულია 22:18 28.01.2021)
პოლიტიკური კრიზისის ფონზე პარლამენტში ოპოზიცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს მაქსიმუმ ცხრა დეპუტატით, რაც ზუსტად ცნობილი ჯერ კიდევ არ არის და დამოკიდებულია პარლამენტში შესვლის შესახებ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს, გაფართოებულ უფლებამოსილებას მიიღებენ – რიგგარეშე სხდომაზე რეგლამენტში შესაბამისი შესწორებები დაამტკიცეს.

შესწორებებს მესამე მოსმენით მხარი 78-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, უფრაქციო ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლება ეძლევათ დაიკავონ პარლამენტის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობები, ხოლო კანონპროექტების განხილვების ან დებატების დროს ისარგებლონ დამატებითი 15 წუთით. 

ახლა პარლამენტში 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ოთხია წარმოდგენილი, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით მოხვდნენ. შესაძლოა ახლო მომავალში დეპუტატის სავარძელი ოპოზიციური პარტიების – „მოქალაქეების“ ორმა და „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ სამმა წარმომადგენელმა დაიკავოს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ოპოზიციამ 60, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კი 90 მანდატი მიიღო. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და პროტესტის ნიშნად პარლამენტში შესულმა „ნაცმოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „ლეიბორისტული პარტიის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებმა სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადეს.

ექვსიდან ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ პარტიული სიები კანონის მოთხოვნების შესაბამისად გააუქმა, რათა არ მომხდარიყო როტაცია.

ერთადერთი, ვინც ასე არ მოიქცა, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გახდა, რამაც პარტიულ სიაში წარმოდგენილ მომდევნო ოთხ სუბიექტს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მისცა. მათ საკანონმდებლო ორგანოში „პატრიოტების“ ადგილი დაიკავეს და საკუთარი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

71
თემები:
საქართველოს პარლამენტი (293)
არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ

40
(განახლებულია 15:51 14.04.2021)
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის დატოვების შემდეგ აღნიშნული პირები პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებენ.

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  ექვსი დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება და ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს პასუხისმგებლობიდან გაქცევა უწოდა. 

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა -  გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიმ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ დატოვეს და ისინი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებენ. როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან  პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად, რომელიც ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა... ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ თავის დროზე და დღეს უკვე მისმა მეგობრებმა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დგას იმ ვალდებულებების, პირობების უკან, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

მისი განმარტებით, ის არათანმიმდევრულობა, რომელიც ექს–პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღებისას და გუნდთან ურთიერთობაში გამოავლინა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში.  როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო,  გახარიამ სწორედ მაშინ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატის გასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 წევრი ჰყავს.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

 გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

40
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი

საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა

17
(განახლებულია 15:03 14.04.2021)
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებს გამართავს.

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი  15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ნუნე სარქისიაის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხუთშაბათს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  იგეგმება სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გარდა ამისა,  სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდება.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში სარქისიანი სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

17
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
სახანძრო

სენაკში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 18:25 14.04.2021)
ჯერჯერობით, უცნობია თუ რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გამოწვევის მიზეზი – შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik.  სენაკის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

 შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო–სამაშველო ბრიგადებს, სამწუხაროდ, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ნიკა ლატარია

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში