ირაკლი კობახიძე

კობახიძე: მანდატების გაუქმების საკითხი თებერვლის პირველივე კვირაში უნდა იყოს განხილული

115
(განახლებულია 23:05 16.01.2021)
მმართველი პარტია არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის, ხოლო დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით მოაგვარებს.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხი,  პარლამენტში სავალდებულო წესით თებერვლის პირველივე კვირაში უნდა იყოს განხილული, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“  ახლადარჩეულმა თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძემ.

დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართა, რომელზეც ყრილობის დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩია. 

პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 11 იანვარს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის, რადგან საკუთარ მისიას შესრულებულად მიიჩნევს.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის მიღებამდე გადავდოთ. ჩვენ ცვლილებათა  პაკეტი უკვე გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით  ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც, სავარაუდოდ,   მარტის დასაწყისში იქნება ცნობილი.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციის მოსმენა“, – განაცხადა კობახიძემ.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტია დატოვეს და შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით „ევროპული სოციალისტები“.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხნის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დაეთანხმებინათ, თუმცა – უშედეგოდ.

115
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (308)

მოთხოვნა: პრემიერ–მინისტრის გადადგომა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა

39
პარტია „ქართული ოცნების“ დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ვიდეოკადრები ადგილიდან

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც  საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის შენობიდან დაიწყეს და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან განაგრძეს,  საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.

აქციის ჩატარების საბაბი გახდა ოპოზიციური ტელეარხის, „ТV პირველის“ ეთერში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები. მასში, სავარაუდოდ, ფიგურირებენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ტელეკომპანიის მონაცემებით, აუდიოჩანაწერებში საუბარია რამდენიმე პირის დასჯაზე, რომლებიც ბერას სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების ავტორები არიან.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი არჩევნების ჩატარება რჩება, მაგრამ სანამ ჩვენი მოთხოვნა შესრულდება, ჩვენ ვითხოვთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას, რომელიც ამ საშინელების და ძალადობის ერთ-ერთი ავტორია“,  განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

39
ერთიანი ნაციონალური მოძღაობის მხარდამჭერთა მსვლელობა

ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

66
პოლიცია არ აძლევს აქციის მონაწილეებს რეზიდენციის კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვების საშუალებას. დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საპროტესტო აქციაზე მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მონაწილეებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს რეზიდენციის შესასვლელის კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვების საშუალება არ მისცა.

აქტივისტები პოლიციას „მონებს“ უწოდებდნენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ვაჟს - ბერას - „მანიაკს“.

„ბერა, ყველაფრისთვის დაისჯები“, - ასეთი წარწერის დატოვება მოსწრო ერთ-ერთმა მონაწილემ. კედლებზე ასევე უცენზურო გამონათქვამებს წერენ.

აქციაზე ოცზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ისინი მოითხოვენ იმ სკანდალური აუდიოჩანაწერის მონაწილეების გასამართლებას, რომელიც წუხელ ოპოზიციურმა ტელეარხმა „ტვ პირველმა“ გააჟღერა.

მედიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში ერთმანეთს ესაუბრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. საუბარი ეხება რამდენიმე პირის დასჯაზე, რომლებიც ბერას სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველ კომენტარებს ტოვებენ.

აქციის მონაწილეები ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

66
საპატრულო პოლიცია

თელავში 27 წლის  მამაკაცმა ოჯახის სამი წევრი მოკლა

0
(განახლებულია 18:49 07.03.2021)
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. კახეთში საშინელი ტრაგედია მოხდა - თელავში, გოშაძის ქუჩაზე 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა და მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.

ტრაგედიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) მიმდინარეობს.

 

0