ოპოზიციის საპროტესტო აქცია საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgias-სთან

„ქართული ოცნების“ ყრილობის წინ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

124
(განახლებულია 14:12 16.01.2021)
როგორც კი მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, მათსა და პოლიციას შორის მოხდა შეხლა-შენოხლა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს წინ, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქცია გამართეს, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

სიტუაცია გამწვავდა მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა სცადეს პლაკატის გაშლა წარწერით „ნუ იპარავ“, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ ხელისუფლებას „არჩევნების გაყალბების შესახებ“.

როგორც კი მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, მათსა და პოლიციას შორის მოხდა შეხლა-შემოხლა. პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ფარულავას თქმით, უკვე ათზე მეტი ადამიანია დაკავებული.

შეხლა-შემოხლა და დაკავებები ახლაც გრძელდება. ადგილზე დაძაბული სიტუაციაა.

„ქართული ოცნება“ ყრილობაზე აირჩევს პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს წევრებს. პარტიის განახლება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა საბოლოოდ დატოვა.

124
სალომე ზურაბიშვილი

„ჩვენგან ელიან მეტ პატრიოტიზმს“: საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციას მიმართა

24
(განახლებულია 23:26 02.03.2021)
პრეზიდენტი მიესალმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთა კონსტრუქციულ ჩართულობას, მაგრამ გაკვირვება გამოხატა დღევანდელი მოვლენების გამო

თბილისი, 2 მარტი  — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის, რა დროსაც დეპუტატებს „სირცხვილის დერეფნის“ გავლა მოუწიათ.

გუშინ საპრეზიდენტო რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. მიშელის თქმით, ევროკავშირი ორი კვირის განმავლობაში ელოდება საქართველოსგან პროგრესს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის კუთხით. მიუხედავად ამისა, ოპოზიციას თავის გეგმებზე ჯერჯერობით უარი არ უთქვამს. 2 მარტს, დილიდან ოპოზიციის აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს.

„ევროკავშირმა უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისთვის. ამ ფონზე კი პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ – სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული – პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მისი აქტიური მონაწილეობისთვის მოლაპარაკებებში, მიესალმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთა კონსტრუქციულ ჩართულობას. თუმცა, მისი თქმით, ის, რაც გუშინ ორბელიანის სასახლეში მოხდა, „კარგად გააზრებული არ არის“.

„ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გამწვავდა. გაერთიანებულმა ქართულმა ოპოზიციამ საქართველოს დედაქალაქში საპროტესტო აქციების რამდენიმედღიანი განრიგი დაგეგმა. ქალაქის ცენტრში მსვლელობები და დემონსტრაციები ჩატარდა.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

24
პარლამენტის პრენარული სხდომა

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

17
კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს სამართლებრივი მექანიზმების შეიქმნას გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის მომზადებული.

„კანონის მიზანია, გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად“, - აღნიშნულია სამინისტროს გვერდზე.

კანონის თანახმად, საქართველოში საწარმოს მიერ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში კომპანია ვალდებული იქნება თავად განახორციელოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები.

„ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები პირველ რიგში მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენაზე“, - აღნიშნულია უწყების გვერდზე.

ყველა საჭირო ღონისძიება გაიწერება გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში, რომელიც კომპანიისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.

საწარმოები საქმიანობის დაწყებამდე მოახდენენ ფინანსური გარანტიების/რესურსების მობილიზებას, რათა საქმიანობის შედეგად გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად.

ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიმართული იქნება სპეციალურად შექმნილ „გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში“.

„მსგავსი ტიპის ფონდები უკვე არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველო არის პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ასეთ ფონდს ქმნის“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

აღნიშნულ ფონდში აკუმულირებული თანხები მოხმარდება ქვეყნის მასშტაბით დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში შევა მიმდინარე წელს, ხოლო „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის გარკვეული ნაწილი 2022 წლის 1 ივლისს.

17
გაზაფხული

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 მარტი

0
(განახლებულია 11:56 02.03.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 3 მარტია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

სასიამოვნო, როდესაც იღვიძებ და მოზღვავებულ ენერგიასა და ძალას გრძნობ. სწორედ ასეთია დღევანდელი დღე. ენერგია თუ გაღვიძებისთანავე არა, დღის განმავლობაში აუცილებლად მომძლავრდება. საქმეების თვალსაზრისით შესაფერისი დროა იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი თვალსაზრისი და გამოაჩინოთ ხასიათი (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ). არცთუ წარმატებული დღეა მოლაპარაკებებისა და საქმეების განხილვისთვის.

ზოდიაქოს ხუთი რჩეული ნიშანი – ვის გაუმართლებს ამ გაზაფხულზე>>

ვერძი: დღეს თქვენ მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შეეჯახებით. ვიღაცას შეუძლია, პირში მოგახალოთ საკმაოდ არასასიამოვნო სიტყვები. მაგრამ ეს არ შეგაშფოთებთ – საბრძოლველად ხართ განწყობილი და არ გაუშვებთ შანსს ხელიდან, რომ კონკურენტი მიწასთან გაასწოროთ... ან დაუმეგობრდეთ მას – არც ესაა გამორიცხული, რადგან დღეს პარადოქსული მოქმედებები თქვენგან გამორიცხული არაა. სინამდვილეში, შეგიძლიათ, ვითარება რამდენიმე ნაბიჯით წინ გათვალოთ და შორს მიმავალი გეგმები შეადგინოთ.

კურო: დღეს დისკუსიის განწყობაზე ხართ და თან ნებისმიერთან, ნებისმიერ თემაზე. მზად ხართ, ყველას დაუმტკიცოთ თქვენი თვალსაზრისი და სიმართლე. თუნდაც გარშემომყოფები გეთანხმებოდნენ, მაინც იპოვით საბაბს, რომ იკამათოთ. მოხერხებულად შეგიძლიათ ირგვლივ მყოფების პროვოცირება მხოლოდ იმისთვის, რომ სათქმელი გქონდეთ – ისინი მართლები არ არიან. ვერაფერს გავაწყობთ – ასეთ განწყობაზე ხართ დღეს.

ტყუპი: დღეს რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერს სერიოზულად გააკეთებთ, ისე, თითქოს ამაზე იყოს თქვენი ცხოვრება დამოკიდებული. ეს ცუდი არაა, როდესაც საქმე სამუშაოს ან ნამდვილად მნიშვნელოვან პროექტებს ეხება. თუმცა ყოფით საკითხებში ასე ჯიქურ მოქმედება არ ივარგებს. ყველა ფრონტზე ერთდროულად ამგვარი დამოკიდებულებით მოქმედება თქვენს ძალებს გამოფიტავს. ეს რომ ასე არ მოხდეს, აჯობებს, თუ პრიორიტეტებს დილითვე გაანაწილებთ და გადაწყვეტთ, რა საქმეში ღირს „რქებით მიწოლა“ და რაში – არა.

კირჩხიბი: მზად ხართ, გარშემომყოფებს თქვენი უპირატესობანი აჩვენოთ. ზოგჯერ ეს თავისდაუნებურად გამოგივათ, რადგან ბევრ საქმეს არაჩვეულებრივად გაართმევთ თავს. ხართ ენერგიული, მტკიცედ განწყობილი, გონებაგამჭრიახი და ამის წყალობით ყველაზე ჩახლართული საქმეების გადაწყვეტაც შეგიძლიათ. ამასთან, არ იქნებით ქედმაღალი და გარშემომყოფებს ზემოდან არ დაუწყებთ ყურებას. თუ ვინმეს თქვენი შეშურდება – ეს მისი პრობლემაა.

ლომი: დღეს უცნობ თანამოსაუბრეშიც კი სულიერად მონათესავე ადამიანის დანახვა შეგიძლიათ. ხართ გულწრფელი, პირდაპირი, გაქვთ ურთიერთობების სურვილი. ამასთან, ახლობლებისა და მეგობრების წრე ვიწრო მოგეჩვენებათ და ახალი კონტაქტების, ან ვინმეს უფრო ახლოს გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ. გულითადი საუბარი შეიძლება ვინმე ბავშვთან, კოლეგასთან, ან, სულაც, შემთხვევით გამვლელთანაც კი გააბათ, და ეს საუბარი ბევრ რამეზე დაფიქრებას გაიძულებთ.

ქალწული: დღეს აჩქარება არ ივარგებს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯებით, სპონტანურად რამის ყიდვის გადაწყვეტილებით ან საქმის სწრაფად გაკეთების სურვილით შეცდომები შეიძლება დაუშვათ. თუნდაც დარწმუნებული იყოთ საკუთარ გადაწყვეტილებები, მაინც ღირს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, ხოლო საუკეთესო იქნება, თუ ამ საქმეს საერთოდ გადადებთ შემდეგი დღეებისთვის. დღეს ვითარებამ თქვენ წინაშე, შესაძლოა, საბედისწერო საკითხები დააყენოს, ხოლო არასწორი პასუხის ფასი საკმაოდ დიდი იქნება.

სასწორი: დღეს რამე საკითხში თქვენი ძალის ჩვენება ნამდვილად არ გაწყენთ – ეს საჭირო შედეგს უზრუნველყოფს. ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული. მტკიცე და მშვიდი. ამის წყალობით ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეში – სამსახურსაცა და სახლშიც შეგიძლიათ სიმტკიცე აჩვენოთ. პრინციპული პოზიციებითა და საკუთარი აზრის დაცვით ბევრ რამეს მიაღწევთ, ხოლო გარშემომყოფებს თქვენი მოსაზრებების გათვალისწინება და ნებსით თუ უნებლიეთ კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ.

მორიელი: დღეს უზარმაზარი ენერგია გაქვთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ადრე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. მიზნისკენ ნაბიჯის გადადგმა, რთული ამოცანის ამოხსნასთან მიახლოება ან ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა – ეს ყველაფერი თქვენთვის დღეს ძალიან ადვილია. შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ გზაზე არანაირი ისეთი დაბრკოლება არ არის, რომელსაც ვერ გადალახავთ. და ეს ბევრ რამეში სიმართლეცაა.

მშვილდოსანი: დღეს მთელი ძალით მოგიწევთ დამალვა სხვა ადამიანების მცდელობებისგან, რომ თქვენს ცხოვრებაში უცერემონიოდ შემოიჭრან და თავი მოგაბეზრონ. განწყობა გაქვთ, რომ მშვიდად გააკეთოთ თქვენი საქმეები, მაგრამ გარშემომყოფები ხშირად არ გაცდიან: რაღაცას გთხოვენ, რაღაცას ითხოვენ თქვენგან, პრეტენზიებს გიყენებენ... დღის ბოლოს უზარმაზარი დაძაბულობა შეიძლება დაგიგროვდეთ და საკმარისი იქნება ერთი ნაპერწკალი, რომ მძლავრი აფეთქება მოხდეს.

თხის რქა: დღეს ძვირფას იდეებსა და აზრებს აფრქვევთ. გასაკვირი არაა, რომ მათი სწრაფად გაზიარება გინდათ სხვებისთვის. მაგრამ თუ ვერ მოახრეხებთ თქვენი აზრების „სამსჯავროზე“ გატანას, დიდად არ შეწუხდეთ. საკმარისი იქნება, თუ ერთ დაინტერესებულ და კარგ მსმენელს იპოვით და ასევე მყუდრო ადგილს, სადაც არავინ შეგიშლით ხელს. ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი იდეა სრულყოთ და დაუმუშავებელი ალმასი ბრწყინვალე ბრილიანტად აქციოთ.

მერწყული: დღეს გარშემომყოფები გაგაღიზიანებენ. თუნდაც გზაზე არ გეღობებოდნენ და თქვენს მუშაობას არანაირად არ უშლიდნენ ხელს, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ მყოფები მხოლოდ თავიანთი არაორგანიზებული იერით გწყვეტენ მნიშვნელოვან საქმეებს. დიდ დროსა და ძალას დახარჯავთ იმაზე, რომ გარშემომყოფები „გონზე მოიყვანოთ“. ადამიანები კი იფიქრებენ, რომ არაფრის გამო ედავებით და მართალიც იქნებიან.

თევზები: დღეს გაქვთ შანსი, რომ რამე ახალსა და საინტერესოს წააწყდეთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე აისახება. ეს, შეიძლება, იყოს ადამიანი, ან ახალი ცოდნა, შთაბეჭდილება, გრძნობა... თქვენი განწყობაც იმგვარია, რომ ერთ ადგილზე გაჩერება არ გინდათ, მზად ხართ მოძრაობისა და სირბილისთვისაც კი, რომ თქვენს ბედს შეეგებოთ. თქვენი გულიცა და გონებაც გახსნილია იქნება, ხოლო ცნობისწადილი თამამი, რომელიც მოულოდნელი საქციელის ბიძგს მოგცემთ.

0