ბიძინა ივანიშვილი

ჩრდილში მიდის ივანიშვილმა პოლიტიკოსის რანგში პირველ არხს „ბოლო“ ინტერვიუ მისცა

100
(განახლებულია 13:49 13.01.2021)
საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი არა მარტო მიდის პოლიტიკიდან, არამედ პირობას დებს, რომ არ ჩაერევა პარტიის საქმიანობაში.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი აღარ აპირებს კონსულტაციები გაუწიოს მმართველ გუნდს, ამის შესახებ მან „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსია ეთერში 22:30 საათზე გავა. 

ივანიშვილის განცხადებით, იგი წყვეტს საჯარო საქმიანობას და არ გამორიცხავს, რომ „პირველი არხისთვის“ მიცემული ინტერვიუ, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს.

„აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის. მე საჯაროობას ვწყვეტ და, ალბათ, თქვენთვის მოცემული ინტერვიუ ბოლო იქნება. რაც შემეძლო, გავაკეთე. რატომ მივდივარ? თუ ისევ დაბრუნება მიწევს, ე.ი. რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. თუ სწორად ვერ გავაკეთე, მაშინ რატომ უნდა დავბრუნდე? ასე არ არის? ეს მარტივი თემაა. ერთადერთი, რაც ვთხოვე გუნდს – არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი ნახა, მას აქვს არჩევის საშუალება და მან ისწავლა არჩევა, ისწავლა კონტროლიც. უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე არ გამორიცხა უახლოეს ოთხ წელიწადში ახალი „ჯანსაღი“ ძალის დაბადება, რომელიც „ქართული ოცნების“ მემკვიდრე იქნება და რომელიც უფრო ნიჭიერი პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მანამდე კი მან საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.

ამის შესახებ მმართველი პარტიის ყოფილმა ლიდერმა გამოცემა Entrepreneur-თან ისაუბრა. მისი განცხადებით, 1,5 მლრდ დოლარი, როგორც იგი აფასებს აღნიშნულ ქონებას, მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. 

100
თემები:
ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის – მიზეზები და რეაქციები (10)
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის შემცირება სთხოვა

39
(განახლებულია 10:51 22.01.2021)
ბრიუსელში ვიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი მაღალი რანგის ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს.

 

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი სთხოვა, რათა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნებში სწავლისას ჰქონდეთ ისეთი ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ,  ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

 ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი იყო ერთ–ერთი მთავარი თემა, რომელსაც ზურაბიშვილი ბრიუსელში  ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლისთან შეხვედრისას შეეხო.

სალომე ზურაბიშვილმა  თხოვნით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს  რეკომენდაციით მიმართოს ამ გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის ინსტანციებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე  კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის საკითხს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  ამ კუთხით ევროკავშირს აკისრია  არა მხოლოდ მორალური და სიმბოლური, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. პრეზიდენტის აღნიშნული პოზიცია გაიზიარა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა კოვიდ–სოლიდარობის მნიშვნელობას.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, რაზეც დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ მას სურვილი აქვს ევროპარლამენტის დეპუტატების დელეგაციასთან ერთად ესტუმროს ქვეყანას და  უკეთ გაიცნოს „ევროკავშირის უახლოესი მეგობარი“.

ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან. კერძოდ, პრეზიდენტი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 23 იანვარს დასრულდება.

39
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში შევა: ისევ ერთი ყველას წინააღმდეგ

538
(განახლებულია 23:29 21.01.2021)
პარტიამ „მოქალაქეები“ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 25,5 ათასი ხმა მიიღო, რაც 1,33%-ს შეადგენს

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში შევა და მის კუთვნილ ორ სავარძელს დაიკავებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

პარტიამ „მოქალაქეები“ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 25,5 ათასი ხმა მიიღო, რაც 1,33%-ს შეადგენს.

„ორი კაცის კი არა, გაცილებით მეტი დეპუტატის გასაკეთებელს გავაკეთებთ. რასაც ხალხს ვპირდებოდით, რომ ხალხის პრობლემების მთქმელები და გამხმოვანებლები ვიქნებოდით, იმას გავაკეთებთ... ყველაფერზე ვილაპარაკებთ, ხალხის რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკებთ, ვიბრძოლებთ, ვიჩხუბებთ იქ. არ შევდივართ გასართობად და სასეიროდ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამავე დროს ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციებს წყვეტს და მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მიმართავს თხოვნით, დაიწყოს დიალოგი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე.

ამასთან მმართველ პარტიაში მკაფიოდ განაცხადეს, რომ მხოლოდ ელისაშვილთან დიალოგის წარმართვას არ აპირებენ.

„ალეკო ელისაშვილს ისევე როგორც ნებისმიერ დეპუტატს, რომელიც არის არჩეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან, აქვს სრული არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ შევიდეს პარლამენტში“, - აღნიშნა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის შეასრულოს თავისი პირობა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და საარჩევნო კოდექსის რეფორმის თემაზე დიალოგი მთელს ოპოზიციურ სპექტრთან გააგრძელოს.

„ასეთ ცალკეულ ინიციატივებზე, ცალკეულ დეპუტატებთან „ქართული ოცნების" დიალოგი ალბათ, არ იქნება სწორი ფორმა. ეს არის პოლიტიკური პროცესი და დიალოგის პროცესი, რომელიც წარიმართება, მე იმედი მაქვს, რომ დანარჩენ ოპოზიციასთანაც დიალოგის მეხუთე რაუნდიც შედგება ადრე თუ გვიან“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მოლაპარაკებები

ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების დასრულებისთანავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით დიალოგი წამოიწყეს.

შუამავლების როლი შეასრულეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა - აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებმა.

ოპოზიცია მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს, საარჩევნო კოდექსის შეცვლას, საარჩვენო ადმინისტრაციის განახლებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

მმართველი პარტია მზადაა აწარმოოს დიალოგი მხოლოდ საარჩევნო რეფორმაზე. გარდა ამისა, „ქართული ოცნება" ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არჩევნების შესასწავლად და მზადაა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ კომისია კონკრეტულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად 1-2%-იან ცდომილებას გამოავლენს.

ოპოზიცია არ ეთანხმება კომისიის პრინციპს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" მიერ მართულმა ადმინისტრაციებმა უკვე ჩაასწორეს უზუსტობები და გადათვლა უშედეგო იქნება. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ შედეგები არ ასახავს არჩევნებზე და საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებს, როდესაც მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა.

ამასობაში, მოლაპარაკებების შუამავლებმა აღნიშნეს, რომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის პოზიციების დაახლოება დიალოგის ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს, ხოლო მოლაპარაკებები მოლაპარაკებების გულისთვის არ გაიმართება.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა უკვე დაწერა მანდატების მოხსნის შესახებ განცხადებები, რომლებსაც მმართველმა პარტიამ თებერვალში უნდა განიხილოს. ამრიგად, დიალოგისა და მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის დარჩენილი დრო თანდათან იწურება.

538
ეპიდემია საქართველოში

შეზღუდვები, რომელიც 1 თებერვლიდან გაუქმდება: სრული ჩამონათვალი

0
(განახლებულია 16:25 22.01.2021)
28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა ეპიდვითარების დასტაბილურებაზე პირდაპირი გავლენა იქონია, მაგრამ ეპიდემილოგების განცხადებით, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება  დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების გეგმა ასეთია:

1 თებერვლიდან:

– აღდგება რეგულარული ავიარეისები

– საქართველოს ხუთ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და სკოლებში სასწავლო პროცესი

– ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი

– აჭარაში საქმიანობას განაახლებს ღია ტიპის კვების ობიექტები

– ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და ფოთში ე.წ. კარანტინი უქმე დღეებში იმოქმედებს, როდესაც შაბათ–კვირას არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არ იმუშავებს მაღაზიები, რესტორნები და კაფე–ბარები

15 თებერვლიდან:

- ყველა ქალაქში  გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები 

შეზღუდვები, რომელიც ნარჩუნდება:

– ძალაში რჩება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა

– იკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება

– არ იხსნება ზამთრის კურორტები

– 21:00 საათიდან  05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა

–  სავალდებულოა პირბადის ტარება

–  იკრძალება მასობრივი ღონისძიებების გამართვა

– აკრძალულია სპორტდარბაზებისა და აუზების მუშაობა

1 მარტიდან

- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება

–  ქვეყნის მასშტაბით საქმიანობას განაახლებენ  სკოლები და საბავშვო ბაღები

-  პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან

– აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა

– მუშაობას განაახლებენ ზამთრის კურორტები

– გაუქმდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ქუჩაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა

როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნულ გეგმაში ცვლილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მოხდება

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები