ციხე

საქართველოში „ამნისტიის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა

119
(განახლებულია 19:53 12.01.2021)
კანონის მიხედვით, ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. ახალი კანონი „ამნისტიის შესახებ“ „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და, შესაბამისად, ძალაში შევიდა, განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

11 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ახალი კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც 1500-ზე მეტი მსჯავრდებულისა და ბრალდებულის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ინიციატივას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

„პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „ამნისტიის შესახებ“ უკვე ძალაში შევიდა. შესაბამისად, ჩაირთო ის ერთთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც აუცილებელია ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათების პრაქტიკული გავრცელება იმ პირებზე, ვისაც ამნისტია ეხება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

კანონის აღსრულებას ერთი თვე დასჭირდება. მანამდე კი თითოეული ამნისტირებული პირის საქმეს შესაბამისი უწყებები განიხილავენ.

ბრალდებულის მიმართ გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე მიიღებს შესაბამისი პროკურორი, საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე კი – შესაბამისი სასამართლო. ხოლო მსჯავრდებულების მიმართ საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე – თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

ვის შეეხება ამნისტია
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და განაჩენებისგან სრულად გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით; გაუფრთხილებლობით; შრომის დაცვის წესის დარღვევის შედეგად. 

 

ასევე გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები ფალსიფიკაციისთვის, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა/გასაღებისთვის; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევისთვის გადახდისუუნარობისას; გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობისთვის გადახდისუუნარობისას; საბაჟო გადაზიდვების წესების დარღვევისთვის; იარაღის დაუდევრად შენახვისთვის; ხულიგნობისთვის; სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის; ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის; სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, თუ ამას სერიოზული ზიანი ან ადამიანის გარდაცვალება არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, ამნისტია შეეხება მსჯავრდებულებს ფსიქოტროპული ნივთიერებების, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების და კანაფის უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის.

ასევე გათავისუფლდებიან ისინიც, ვინც მსჯავრდებულია სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც არ გამოიწვია მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება.

ამნისტია შეეხება ასევე მსჯავრდებულებს უკანონო თევზჭერისა და უკანონო ნადირობისთვის, წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდებისთვის; სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებისთვის; დეზერტირობისთვის; სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებისა ან განადგურებისთვის.

ასევე გათავისუფლდება ისიც, ვინც პირველად ჩაიდინა ისეთი დანაშაული, როგორიცაა ქურდობა და სანადირო და სპორტული იარაღის უკანონო შენახვა. 

დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებმაც ჩაიდინეს ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანება, ძალადობა, მომხმარებელთა მოტყუება, უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ასევე დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო იმ მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, ასევე სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება.

ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს გათავისუფლებას მსჯავრდებულის მხრიდან ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, კრედიტის უკანონო მიღებისთვის ანდა ჩეკისა თუ საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენებისთვის. 

გარდა ამისა, პატიმრობის ვადა გაუნახევრდებათ იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენისთვის, ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება-გასაღებისთვის, ლიცენზიის გარეშე აღმასრულებელი საქმიანობისთვის, ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენებისთვის, ჯანმრთელობისთვის საშუალო სიმძიმის ზიანის მიყენებისთვის, დახურულ სივრცეში შეღწევით ქურდობისთვის, მასშტაბური ან პირთა ჯგუფის მიერ თაღლითობისთვის, მითვისებისა ან გაფლანგვისთვის, კრედიტორებისგან ქონების დამალვისთვის.

მეოთხედით შეუმცირდებათ პატიმრობის ვადა იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ვალუტის უკანონო ბრუნვისთვის, სანადირო იარაღის დაუდევარი შენახვისთვის, ადვილად აალებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვის წესების დარღვევისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვა-შეძენისთვის, მუქარისთვის, საბაჟოზე საქონლის გადატანის წესების დარღვევისთვის, გადასახადების დამალვისთვის, დანაშაულის პროვოცირებისთვის.

ამნისტია ითვალისწინებს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობამისჯილთათვის ვადის შემცირებას - ის 20 წლის ვადით პატიმრობით შეიცვლება.

119
თემები:
საქართველოს პარლამენტი (249)

სიღარიბე ვირუსზე საშიშია: თბილისი პროტესტების ტალღამ მოიცვა

18
თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გამო პროტესტის ტალღამ იფეთქა. განსაკუთრებით მკაცრი აკრძალვები მოქმედებს დიდ ქალაქებში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოშ, თუ რას მოითხოვენ მომიტინგეები

საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმუშევრობაა. 

თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაშ აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.

ამავდროულად მეპროტესტეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.

18

საპროტესტო აქცია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

61
(განახლებულია 21:15 26.01.2021)
სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

კვირის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მომხრეები აკრძალვებსა და შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

61
ვაქცინაცია Sputnik V–თი

რით განსხვავდება ერთმანეთისგან კორონავირუსის ვაქცინები: Спутник V, Pfizer, Moderna

0
(განახლებულია 10:49 27.01.2021)
მსოფლიოში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი - ბოლო მონაცემებით, პლანეტაზე ინფიცირების 100 მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის იმუნიზაცია ხუთი სხვადასხვა ვაქცინის გამოყენებით უკვე მსოფლიოს დაახლოებით 50 ქვეყანაში დაიწყო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პანდემიის მეორე წელი შესაძლოა პირველზე მძიმე აღმოჩნდეს.

ვაქცინას მიიჩნევენ ახალი ტიპის კორონავირუსის საბოლოოდ დამარცხებისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების ერთადერთ საშუალებად. ამიტომ მთავარი საკითხი, რომელიც ყველა ქვეყანას და ზოგადად კაცობრიობას აწუხებს - არის იმუნიზაცია და ვაქცინის არჩევა.

Sputnik-საქართველო დაინტერესდა, უკვე რომელი ვაქცინების გამოყენება დაიწყეს მსოფლიოში და რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან.

რით განსხვავდება კორონავირუსის ვაქცინები

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსული ინფექციის აფეთქების შესახებ 2019 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ამჟამად მსოფლიოში მუშაობა მიმდინარეობს COVID-19-ის 200-ზე მეტ სხვადასხვა ვაქცინაზე, რომელთა ნაწილიც უკვე ადამიანებზე იცდება.

იმ ვაქცინებს შორის, რომელთაც კვლევების ყველა ეტაპი აქვთ გავლილი, უფრო პერსპექტიულად მიიჩნევა ამერიკული Pfizer-BioNTech, ბრიტანული AstraZeneca, ამერიკული Moderna და რუსული Спутник V.

კორონავირუსის ვაქცინები ერთმანეთისგან გასხვავდება ტიპით, ორგანიზმში შეყვანის მეთოდით, შენახვის პირობებითა და ვადით, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ღირებულებით.

Спутник V

კორონავირუსის ვაქცინა, სახელწოდებით Спутник V, რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა ადამიანის ადენოვირუსების სხვადასხვა შტამის საფუძველზე შეიმუშავა გამალეის სახ. ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ნაციონალურმა ცენტრმა.

მისი ეფექტურობა 92,4%-ია. ვაქცინა სრულად იცავს ორგანიზმს კორონავირუსით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან.

Спутник V შექმნილია ორი სახით: გაყინული სახით - თხევადი Gam-COVID-Vac ინახება არაუმეტეს მინუს 18 გრადუს ტემპერატურაზე, და ლიოფილიზებული სახით - Gam-COVID-Vac Lyo ფხვნილი ინახება პლუს 2-8 გრადუს ტემპერატურაზე.

ინექცია კეთდება ორჯერ სამკვირიანი შუალედით. ორივე აცრა ჯდება 20 დოლარი, თითქმის ორჯერ იაფი სხვა ვაქცინებზე, რომლებიც ანალოგიური დონის შედეგს აჩვენებენ.

რუსეთში Спутником V პრეპარატით მასობრივი ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყო.

  • რუსული პრეპარატი, რომლის მნიშვნელოვან უპირატესობად მიიჩნევენ უსაფრთხოებას, ეფექტიანობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას, რუსეთის გარდა, დარეგისტრირებულია არგენტინაში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, პარაგვაიში, ვენესუელაში, თურქმენეთსა და ბელარუსში.

ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც თავის ტერიტორიაზე Спутником V-ს გამოყენება ოფიციალურად დაუშვა, უნგრეთია. რუსული ვაქცინის 1,2 მილიარდი დოზის შეძენაზე განაცხადი 50-ზე მეტმა ქვეყანამ გააკეთა.

Pfizer-BioNTech

გერმანული კომპანია Pfizer-BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის ერთობლივი პროდუქცია კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ვაქცინა გახდა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად მოიწონა საგანგებო სიტუაციებში და მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა კვლევებმა დაამტკიცა. კლინიკური კვლევების ბოლო ფაზაზე Pfizer-ის პრეპარატმა 90%-ზე მაღალი შედეგიანობა აჩვენა.

რუსული პრეპარატისგან განსხვავებით, Pfizer-ის ვაქცინა ინახება არაუმეტეს მინუს 75 გრადუს ტემპერატურაზე, რაც მისი ტრანსპორტირების პრობლემას ქმნის, გალღობის შემდეგ კი ვარგისია მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში.

Pfizer-ის ვაქცინით აცრა კეთდება ორჯერ ორკვირიანი შუალედით. ორჯერ აცრის ფასი დაახლოებით 40 დოლარია.

პირველმა Pfizer-ის გამოყენება დიდმა ბრიტანეთმა დაუშვა. მას მოჰყვნენ კანადა, აშშ, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. აშშ-სა და კანადაში მასობრივი ვაქცინაცია 14 დეკემბერს დაიწყო, ევროპის ქვეყნებში - 27 დეკემბერს. ისრაელმა Pfizer -ით ყველაზე მეტი - უკვე 2 მილიონი მოქალაქე აცრა. კომპანია 2021 წელს 300 მილიონი დოზის დამზადებას გეგმავს.

Moderna

ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაშიც აცრა ორჯერ კეთდება ოთხკვირიანი ინტერვალით.

Moderna, განსხვავებით Pfizer-ისგან, ინახება პლუს 2-8 გრადუს ტემპერატურაზე 30 დღის განმავლობაში, თუმცა ის ორჯერ ძვირია - 64-74 დოლარი ორი აცრა.

წელს Moderna 600 მილიონი დოზის დამზადებას გეგმავს.

აშშ-ში Moderna-ს გამოყენება დეკემბერში დაუშვეს და შეუკვეთეს 200 მილიონი დოზა, დამატებით 300 მილიონის შესაძლო შეძენის პირობით. აშშ-ის შემდეგ ვაქცინის გამოყენება დაუშვეს კანადამ, ისრაელმა, დიდმა ბრიტანეთმა და შვეიცარიამ.

ამერიკული პრეპარატი იანვარში ევროპელმა რეგულატორმაც მოიწონა.

AstraZeneca

შიმპანზეს ადენოვირუსის საფუძველზე ბრიტანული კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ დამზადებული ვაქცინის საშუალო ეფექტიანობამ 70% შეადგინა. AstraZeneca-ს, როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, ორი უპირატესობა აქვს. გარდა იმისა, რომ ვაქცინის შენახვა და ტრანსპორტირება ექვსი თვის განმავლობაში ჩვეულებრივ სამაცივრე პირობებში შეიძლება (პლუს 2-8 გრადუსი), ერთხელ აცრა 4-5 დოლარი ჯდება. აცრა ერთხელ ან ორჯერ სხვადასხვა დოზით ხდება.

დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიოში პირველმა დაუშვა AstraZeneca-ს გამოყენება და შეუკვეთა 100 მილიონი დოზა. პრეპარატი მოიწონეს ინდოეთში, არგენტინაში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, სალვადორში, მექსიკასა და მაროკოში.

AstraZeneca-მ ექვსი მილიარდი დოზის შეკვეთა მიიღო.

Sinovac Biotech

ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ ადამიანის ერთი ადენოვირუსის საფუძველზე დამზადებული ვაქცინა, ასევე, ჩვეულებრივ მაცივარში პლუს 2-8 გრადუს ტემპერატურაზე ინახება.

CoronaVac-ის ეფექტიანობის შესახებ მონაცემები განსხვავებულია - ბრაზილიაში ჩატარებული ბოლო ცდებით შედეგიანობამ 50,4% აჩვენა, ინდონეზიაში - 65,3%, თურქეთში - 91,5%.

CoronaVac ვაქცინა ჩინეთში გასული წლის ივლისიდან მაღალი რისკის ჯგუფებში სასწრაფო გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში დაუშვეს. ვაქცინა 13 იანვარს თურქეთის ხელისუფლებამაც მოიწონა. აზიის რამდენიმე ქვეყანამ - სინგაპურმა, მალაიზიამ და ფილიპინებმა, ასევე, ბრაზილიამ და უკრაინამ, ხელი მოაწერეს CoronaVac-ის შეძენის შესახებ ხელშეკრულებებს.

იმუნიზაციისთვის კეთდება ორი აცრა. ფასი ცნობილი არ არის. Sinovac-ში განაცხადეს, რომ წელიწადში 300 მილიონ დოზას დაამზადებენ.

ვაქცინების ეფექტიანობისა და მსოფლიოში მათზე არსებული მოთხოვნილების მიუხედავად, მასობრივი ვაქცინაცია უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს - მასმედიაში პერიოდულად ჩნდება ცნობები ვაქცინაციის შემდეგ მორიგი მსხვერპლის შესახებ.

მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ყველა პრეპარატის გამოყენებას შეიძლება ახლდეს გვერდითი მოვლენა, მაგრამ არ შეიძლება კორონავირუსის აცრის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემებისა თუ ავადობის ავტომატურად დაკავშირება ვაქცინაციასთან. თუმცა არ უარყოფენ, რომ ვაქცინის გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება გაამწვავონ ქრონიკული დაავადებები. 

მასალა მომზადებულია ღია წყაროების საფუძველზე

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში