კანონი „ამნისტიის შესახებ“ დამტკიცებულია – რა შეიცვალა

გამოწერა
კანონის აღსრულებას ერთი თვე დასჭირდება. მანამდე კი თითოეული ამნისტირებული პირის საქმეს შესაბამისი უწყებები განიხილავენ.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით დაამტკიცა ახალი კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც 1500-ზე მეტი მსჯავრდებულისა და ბრალდებულის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ამნისტია ძალაში შევა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე მისი გამოქვეყნების შემდეგ. თუმცა მის აღსრულებას ერთი თვე დასჭირდება. მანამდე კი თითოეული ამნისტირებული პირის საქმეს შესაბამისი უწყებები განიხილავენ.

ბრალდებულის მიმართ გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე მიიღებს შესაბამისი პროკურორი, საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე კი – შესაბამისი სასამართლო. ხოლო მსჯავრდებულების მიმართ საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე – თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

ვის შეეხება ამნისტია

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და განაჩენებისგან სრულად გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით; გაუფრთხილებლობით; შრომის დაცვის წესის დარღვევის შედეგად. 

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
„ამნისტია ყველას უნდა შეეხოს“ – პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

ასევე გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები ფალსიფიკაციისთვის, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა/გასაღებისთვის; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევისთვის გადახდისუუნარობისას; გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობისთვის გადახდისუუნარობისას; საბაჟო გადაზიდვების წესების დარღვევისთვის; იარაღის დაუდევრად შენახვისთვის; ხულიგნობისთვის; სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის; ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის; სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, თუ ამას სერიოზული ზიანი ან ადამიანის გარდაცვალება არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, ამნისტია შეეხება მსჯავრდებულებს ფსიქოტროპული ნივთიერებების, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების და კანაფის უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის.

ასევე გათავისუფლდებიან ისინიც, ვინც მსჯავრდებულია სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც არ გამოიწვია მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება.

ამნისტია შეეხება ასევე მსჯავრდებულებს უკანონო თევზჭერისა და უკანონო ნადირობისთვის, წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდებისთვის; სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებისთვის; დეზერტირობისთვის; სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებისა ან განადგურებისთვის.

ასევე გათავისუფლდება ისიც, ვინც პირველად ჩაიდინა ისეთი დანაშაული, როგორიცაა ქურდობა და სანადირო და სპორტული იარაღის უკანონო შენახვა. 

დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებმაც ჩაიდინეს ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანება, ძალადობა, მომხმარებელთა მოტყუება, უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ასევე დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო იმ მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, ასევე სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება.

ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს გათავისუფლებას მსჯავრდებულის მხრიდან ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, კრედიტის უკანონო მიღებისთვის ანდა ჩეკისა თუ საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენებისთვის.

ციხე - Sputnik საქართველო
ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით დაკავებული პირები და ამნისტია: რას ითხოვენ პანკისში

გარდა ამისა, პატიმრობის ვადა გაუნახევრდებათ იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენისთვის, ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება-გასაღებისთვის, ლიცენზიის გარეშე აღმასრულებელი საქმიანობისთვის, ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენებისთვის, ჯანმრთელობისთვის საშუალო სიმძიმის ზიანის მიყენებისთვის, დახურულ სივრცეში შეღწევით ქურდობისთვის, მასშტაბური ან პირთა ჯგუფის მიერ თაღლითობისთვის, მითვისებისა ან გაფლანგვისთვის, კრედიტორებისგან ქონების დამალვისთვის.

მეოთხედით შეუმცირდებათ პატიმრობის ვადა იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ვალუტის უკანონო ბრუნვისთვის, სანადირო იარაღის დაუდევარი შენახვისთვის, ადვილად აალებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვის წესების დარღვევისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვა-შეძენისთვის, მუქარისთვის, საბაჟოზე საქონლის გადატანის წესების დარღვევისთვის, გადასახადების დამალვისთვის, დანაშაულის პროვოცირებისთვის.

ამნისტია ითვალისწინებს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობამისჯილთათვის ვადის შემცირებას - ის 20 წლის ვადით პატიმრობით შეიცვლება.

ყველა ახალი ამბავი
0