პარლამენტის სხდომა

საგამოძიებო კომისია და თანამედროვე საარჩევნო ტექნიკა: რა შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას

68
(განახლებულია 20:19 11.01.2021)
მმართველი პარტია არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის, ხოლო დაუბალანსებელი  ოქმების 30-წლიან პრობლემას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით მოაგვარებს.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თებერვლის პირველ კვირაში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

კობახიძის განცხადებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მათ შორის OSCE/ODIHR-ის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მუშაობის მაქსიმალური ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა.

„კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობენ, გადაამოწმონ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება სიმართლის დასადგენად.

„ამასთან, ბუნებრივია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.

„ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის აზრით, აშკარაა, რომ საქართველოში დღეს არსებულ ძირითად ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არა აქვთ დემოკრატიულ პროცესებში დადებითი წვლილის შეტანის რესურსი. მათ ამის საშუალებას არ აძლევს უმძიმესი პოლიტიკური წარსული და თანდაყოლილი დესტრუქციული ბუნება.

„თუმცა, რადგან დღეს ისინი განასახიერებენ ოპოზიციას, ვალდებული ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, არჩევნების შედეგების გადამოწმებასა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში. იმედი გვაქვს, ისინი ამჯერად მაინც არ შეუშინდებიან და არ აარიდებენ თავს არჩევნების შედეგების გადამოწმებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო მუშაობაში უკვე ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი. ამ ვითარებაში პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა.

„მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებსაც კი, შანტაჟის შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ზეწოლისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების გზით მოიგო. სწორედ ამას უკავშირდება მათი პროტესტი და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის უარი სადეპუტატო მანდატებზე. ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტია დატოვეს და შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით „ევროპული სოციალისტები“.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხნის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დაეთანხმებინათ, თუმცა – უშედეგოდ.

68
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი

მშვიდობა და თანამშრომლობა: რაზე ისაუბრეს საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა

32
(განახლებულია 22:20 15.04.2021)
საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც სომხეთის, ისე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. კავკასიის განვითარებისთვის მშვიდობასა და თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სომხეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად თბილისს ხუთშაბათს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა. შეხვედრის საზეიმო ცერემონია ორბელიანის სასახლეში გაიმართა. შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

„ეს ვიზიტი ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. პანდემიამ, რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა ხელი ძალიან შეგვიშალა და ვერ შევძელით აქამდე ამ ვიზიტის ორგანიზება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, მიგიღოთ ორბელიანების სასახლეში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, კავკასიის ყველა ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

„თუმცა ბევრად მძიმე იყო რეგიონისთვის და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა, ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო, თანაგრძნობა გამოგიცხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო. კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას, ამის ნიშნად შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს... ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს - ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული პროექტების განმტკიცებასა და განხორციელებას.

„ვამაყობთ, რომ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ამ ქვეყანაში ყველა საშუალებით, რათა შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა. ამავე დროს მეტი უნდა გაკეთდეს და ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან, რათა სახელმწიფო ენას სრულყოფილად დაეუფლონ და მიიღონ სრულყოფილი ინტეგრაცია ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განვითარებაში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის... ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მრავალ სხვა სფეროში. არის ასევე თანამშრომლობის დიდი პოტენციალი თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მაღალი ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების განვითარების, კიბერუსაფრთხოების, სურსათის უზრუნველყოფის საკითხებში. ეს თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივია“, – განაცხადა სარქისიანმა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ინსტიტუტების თანამშრომლობით შესაძლებელია საქართველოსა და სომხეთს შორის თანამედროვე ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავება.

„მზად ვარ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, რომ ბიზნესურთიერთობები განვითარდეს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. თანამშრომლობის ხელშესაწყობად ძალისხმევას არ ვიშურებთ“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა როგორც სომხეთ-საქართველოს მთავრობათშორისი კომისიის, ასევე უწყებათაშორის დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელი დონის ასამაღლებლად.

„გეთანხმებით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტებს შეუძლიათ, განსაკუთრებული როლი შეიტანონ ამ საქმეში“, - აღნიშნა სარქისიანმა.

დასასრულს სომხეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში სალომე ზურაბიშვილი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

32
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ხელისუფლება ოპოზიციასთან კომპრომისისთვის მზადაა

35
(განახლებულია 15:32 15.04.2021)
ბოლო პერიოდში აშშ-ის კონგრესის და სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი წარმომადგენელიც გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და მმართველი და ოპოზიციური პარტიების უშედეგო მოლაპარაკებების გამო.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მზადაა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში კომპრომისზე წავიდეს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

მარტის ბოლოს თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მეორედ ჩამოვიდა, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა. თუმცა, მისი წინადადებები უგულებელყოფილი იქნა. კონსენსუსის მიღწევა ორ საკითხთან – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა – დაკავშირებით ვერ მოხერხდა.

„ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით, რაც ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც მზად ვართ, გამოვავლინოთ აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა პრინციპების დაცვით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ პრინციპებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერისას.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც მმართველი პარტია დათმობაზე წასვლას არ აპირებს „პოლიტპატიმრების“: ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის გიორგი რურუას  გათავისუფლებაა.

35
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში 16 აპრილის მონაცემები

23
(განახლებულია 10:53 16.04.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.831 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 442), გარდაიცვალა – 3.916 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 331, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.720 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 400 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.077-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 293.321-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.831 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 442), გარდაიცვალა – 3.916 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 331, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.720 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 400 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 31.645 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.727, PCR–ტესტით – 10.918.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,4%, ბოლო 14 დღის - 2,77%, ბოლო 7 დღის - 2,04%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

23
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები