გიორგი გახარია

„დემოკრატია გაიმარჯვებს“ საქართველოს პირველმა პირებმა აშშ-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს

41
(განახლებულია 21:21 07.01.2021)
საქართველოს ხელისუფლებას სჯერა აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტების, აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა დაუშვებელია, ვაშინგტონში მომხდარი მოვლენების კომენტირებისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

უკვე ოფიციალურად: ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი არეულობის ფონზე გახდა >>

ოთხშაბათს დონალდ ტრამპის აჯანყებული მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების დღეს მოხდა. შენობაში სროლის ხმაც ისმოდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არეულობის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა.

„სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. კაპიტოლიუმზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი. გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, – წერს პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე.

ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გამოთქვა.

„30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვის აშშ მისაბაძი მაგალითია. გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება. საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად", – წერს სალომე ზურაბიშვილი თავის Twitter-ზე.

ვაშინგტონში მომხდარი მოვლენების მიუხედავად, აშშ-ის კონგრესმა არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება აღიარა. კონგრესის სხდომა შესვენებების ჩათვლით ათ საათს გაგრძელდა და ისტორიაში ყველაზე გრძელი გახდა.

ცალკეულ შტატებში ხმების დათვლის შედეგების გადახედვის ყველა განაცხადი უარყოფილია. ამჟამად დონალდ ტრამპს არჩევნების შედეგების გასაჩივრების კონსტიტუციური გზა აღარ დარჩა. ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

41
 ესესპანეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები

კორონავირუსი და პანდემია - რაზე ისაუბრეს საქართველოს და ესპანეთის მთავარმა დიპლომატებმა

61
დავით ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მაგრამ მთავარი თემა იყო მსოფლიო საზოგადოების ბრძოლა ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ესპანეთი უახლოეს მომავალში განაცხადებს „სოლიდარობის გეგმის“ შესახებ, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას და გადანაწილებას გულისხმობს, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონზალეს ლაიამ ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მადრიდის ხელისუფლება ქალაქის კატასტროფის ზონად გამოცხადებას ითხოვს: ვრცელდება ვიდეო >>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ მოქმედებებს გლობალური პანდემიის წინააღმდეგ და სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პანდემიის პერიოდში რთული ეკონომიკური ვითარების დასაძლევად.

„ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივი ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა”, - მოჰყავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები ქართული საგარეო უწყების პრესსამსახურს.

ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ ასევე განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა,  ქალთა უფლებების საკითხები და ბირთვული განიარაღების თემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით ესპანეთში, სადაც 20 იანვრამდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურების შერჩევა მოხდება.

საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV-ის სახელით და მასთან შეხვედრა.

61
გიორგი ვაშაძე

შეხვედრა არ შედგა: რატომ თქვა გიორგი ვაშაძემ უარი

36
(განახლებულია 22:15 18.01.2021)
„გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, რომელთაც 2020 წლის არჩევნების შედეგებით ჯამში ექვსი მანდატი ერგოთ, ოფიციალურად უარი არ უთქვამთ სადეპუტატო მანდატებზე.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. როდესაც ვთქვით, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრას ვაპირებდით, მას საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია, ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას. 

გასულ კვირაში „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“ დაკავშირებით შეთანხმდნენ ორ მოთხოვნაზე: ყველა შემდგომი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება 0%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის ფორმირება. მათი აზრით, დაგეგმილმა ადგილობრივმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება, უნდა აჩვენოს, თუ რამდენად აუცილებელია ქვეყნისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები. 

პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში დამარცხდება, მან საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი – პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ შიდა კონსულტაციების ახალი ეტაპის დაწყებას აპირებდა გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ შეხვედრით. კონსულტაციების მთავარი თემა მმართველ პარტიასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები და ის საკითხი უნდა ყოფილიყო, თუ რა პირობებში იქნება ოპოზიცია თანახმა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. 

აღნიშნულ საკითხს გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ის უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება. ასევე ის არასწორად მიიჩნევს ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლას და ფიქრობს, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა იყოს განხილული.

„ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა, მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა და რა შეიცვალა, ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი ვაშაძეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ოპოზიციური პარტიების – „გირჩისა" და "მოქალაქეების" მიერ დაწყებულ შიდა კონსულტაციებს სკეპტიკურად უყურებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.  

„არ მგონია, რომ აღნიშნული წინადადების განხილვა ცალ-ცალკე უნდა მოხდეს. ინდივიდუალური შეხვედრები სწორად არ მიმაჩნია. ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საჯარო სივრცეში ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრის დაწყება მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას „ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ", – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან ხუთმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადა. ესენია ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი). მათ ცესკოში წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმება მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა.

36
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნათლისღება

საეკლესიო კალენდარი: 19 იანვარი

0
(განახლებულია 02:05 19.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ღვთის განცხადებას ზეიმობს.

ნათლისღება

ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების მიხედვით ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

საეკლესიო სწავლების მიხედვით ამით მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.
ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

საეკლესიო კალენდარში ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.

0