არჩილ თალაკვაძე

ოპოზიცია უკვე მონაწილეობს პარლამენტის სხდომებში თალაკვაძე

93
(განახლებულია 19:56 05.01.2021)
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ განაცხადა, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ სიის წევრები – გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტის დეპუტატები გახდნენ.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეიდან უკვე წარმოდგენილი არიან პარლამენტში და ამიერიდან მონაწილეობას მიიღებენ სხდომებში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ამის შესახებ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის სამი წევრის – გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე კომენტარისას განაცხადა. სამშაბათს რიგგარეშე სხდომაზე მათი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხზე კენჭისყრა ჩატარდა.

„ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ის მონაწილეობას მიიღებს ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებში და საპარლამენტო საქმიანობაში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე შეუერთდნენ რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომას.

მეორე მხრივ, პარლამენტს მოუწევს სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის შესახებ იმ დეპუტატების განცხადებების განხილვა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ სიებით, ასევე პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადების.

მმართველმა პარტიამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა მანდატების შეწყვეტის თაობაზე საშემოდგომო სესიის ფარგლებში და მათ დაფიქრების დრო მისცა. თუმცა ოპოზიცია მაინც მოითხოვს უფლებამოსილების შეწყვეტას.

მას შემდეგ, რაც მიიღებენ დადგენილებას ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის ცნობად მიღების შესახებ, პარლამენტში წარმოდგენილი იქნება 90 დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ და ოთხი – „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიიდან. პარლამენტს შეიძლება კიდევ დაემატოს სამი დეპუტატი „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩიდან“ და ორი – „მოქალაქეებიდან“. ამ ორ პარტიას ჯერ არც საარჩევნო პარტიული სია გაუუქმებია და არც განცხადება დაუწერია მანდატებზე უარის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე არც პარლამენტის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად მიიღო. ოპოზიციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების შედეგად გაიმარჯვა. ამავე დროს, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა სერიოზული დარღვევების გარეშე.

93
დროშები ოცნების ოფისთან

NDI-სა და „ქართული ოცნების“ ომი დასრულდა - კვლევითმა ორგანიზაციამ მისი წარმატება აღიარა

116
(განახლებულია 20:32 25.01.2021)
ხელისუფლებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის მრავალწლიანი დავა, როგორც ჩანს, დასრულდა. გუშინ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლებას იმდენად კარგი შედეგები აქვს, რომ ვეჭვობ, რომელიმე სახელისუფლებო პოლიტიკოსმა NDI გააკრიტიკოს.

არადა, ეს ტრადიციად იყო დამკვიდრებული ბოლო წლების საქართველოში. ახლა კი, NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად ფასებს, 38% - ცუდად, გიორგი გახარიას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 17% - ცუდად.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება". 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "ლეიბორისტული პარტია") ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა.

როგორც ირკვევა, ბოლო ერთ წელიწადში შემცირებულია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მათ პოზიციასთან ახლოს მდგომ პარტიად ოპოზიციურ ძალას ასახელებდა. კერძოდ, NDI-ის მიერ 2020 წლის იანვარში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, იგივე შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე ნაწილდებოდა: მოსახლეობის 19% თვლიდა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარი პარტია „ქართული ოცნება“ იყო, 14%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურდა, ხოლო მოსახლეობის 13%-ისთვის ყველაზე ახლოს მდგარი პარტია „ნაციონალურ მოძრაობა” იყო.

„ნაციონალური მოძრაობის‘‘  რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, - ამბობს მამუკა მდინარაძე. თუმცა არც პარლამენტის ნდობაა ისტორიულ მაქსიმუმზე ამ კვლევის მიხედვით. საქმე ისაა, რომ მთავრობის ნდობის ზრდის პარალელურად პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის რეიტინგი მეტად შემცირებულია. მის საქმიანობას კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 15% მიიჩნევს, 80% კი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, თუკი პარლამენტის საქმიანობაში ოპოზიცია ჩაერთვებოდა.

თუმცა ამ კვლევას ეჭვის თვალით უყურებს მთავარი ოპოზიციური არხის მთავარი წამყვანი ნიკა გვარამია: „NDI-ს სატელეფონო კვლევები არაფერს გვაჩვენებს, გარდა იმისა, როგორი შეშინებულია ხალხი უზურპატორი რეჟიმით. ყველაზე მძიმე პერიოდში - ოცნების ყველაზე მაღალი რეიტინგი - ეს რომ სტატისტიკური, ლოგიკური და პოლიტიკური აბსურდია, ამას ვინც ვერ ხვდება, სერიოზული პრობლემები აქვს, ან მკაფიო მიზანმიმართულობა“, - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქსტატუსში.

თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალბათ სჯობს გაანალიზონ, რამ გამოიწვია მათი რეიტინგის ასეთი კატასტროფული დაცემა ანდა NDI-ს შედეგები არ აღიარონ, როგორც ამას ადრე „ქართული ოცნება“ აკეთებდა.

კიდევ ერთი საინტერესო შეფასება კვლევის შედეგებს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მისცა. ის ფიქრობს, რომ მთავრობას გახარია ქაჩავს.

„ჩემის აზრით, კვლევის შედეგები კანონზომიერია. ოპოზიცია არ წარმოადგენს არანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს იმ პრობლემებთან დაკავშირებით... მაშინ, როდესაც მთავრობა რაღაცას მაინც ფაფხურობს ამ პრობლემებთან დაკავშირებით. კერძოდ გახარია, რომელიც "ჭაობის კაბინეტს" მთლიანად ქაჩავს. ის ობიექტურად ყველა ოპოზიციურ ლიდერზე ბევრად უფრო ადექვატურად გამოიყურება. ასევე კანონზომიერია პარლამენტის გაკოტრება, ანუ სრული უფუნქციობა და დელეგიტიმაცია“, - წერს ხუხაშვილი.

საერთო ჯამში, ეს კვლევა ბევრ რამეზეა, კორონაზე, ნატოზე, ჩვენს წარმოდგენებსა და ღირებულებებზე. ირკვევა, რომ ნატოში 80%-ს უნდა, ამასთან იმავე გამოკითხულთა 41% ვაქცინას არ გაიკეთებს...

შიშის ფაქტორი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ყოველთვის არსებობს, მაგრამ არც ამით თავის დაიმედებაა კარგი. ავტორიტეტული ძალა, რომელიც მას ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს, ამ კვლევებშიც არ ჩანს, ხოლო მომავალში რა იქნება, ეს ძნელი სათქმელია.

 ოპოზიციას ახლა ახალი, გაუსვრელი ძალა და დიდი ფინანსები სჭირდება, რომ თავისი სიტყვა თქვას და ეს კვლევის გარეშეც კარგად ჩანს.

 

 

 

116
პარლამენტი

რა უფლებამოსილება მიენიჭებათ ოპოზიციონერ დეპუტატებს: კომიტეტში ცვლილებებს დღეს განიხილავენ

30
(განახლებულია 16:07 26.01.2021)
რეგლამენტში ცვლილებების მიღების შემდეგ უფრაქციო დეპუტატებსაც გაუჩნდებათ შესაძლებლობა, დაიკავონ საპარლამენტო თანამდებობები. ცვლილება მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტს ეხება.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილებების მინიჭებას შეეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს დამატებითი უფლებები მიენიჭებათ.

კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობამ მოამზადა, უფრაქციო დეპუტატებსაც მისცემს საშულებას, საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთონ. რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებში ნათქვამია, რომ აღნიშნული გამონაკლისები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტს შეეხება.

„უფრაქციო დეპუტატებს მიეცემათ საშუალება იმისა, რომ საპარლამენტო ცხოვრების ყველა სრულფასოვანი ბერკეტი მათ ხელშიც იყოს, მათ შორის დებატები ინტერპელაციის წესით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობა და ა.შ.“ – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცვლილებების მიხედვით, ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს. ასევე კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას, ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს.

ამასთან, უფრაქციო დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტის განხილვების დროს, აგრეთვე ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში.

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა, პარტიის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტეს. ამის შემდეგ ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ, ავთანდილ ენუქიძემ და დავით ზილფიმიანმა ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს.

წილოსანი: იმედი გვაქვს, რომ პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატები შეემატებიან>>

თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც განაცხადეს. მათ ხმების 1,33% მიიღეს და ორი სადეპუტატო სავარძელი ერგოთ. „გირჩის“ კიდევ სამი წარმომადგენელი აცხადებს, რომ გააგრძელებს დიალოგს როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან, მაგრამ პარლამენტში შესვლას ჯერ არ აპირებს.

30
თემები:
საქართველოს პარლამენტი
არაგვი

ევროკავშირი საქართველოს აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება

0
(განახლებულია 15:29 26.01.2021)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მტკნარი წყლის აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში საქართველოს ევროკავშირის ექსპერტები დაეხმარებიან, რომლებიც თბილისში 2021 წლის გაზაფხულზე ჩამოვლენ, იუწყება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ოთხი საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი საქართველოს აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ზაფხულისთვის წარმოადგენს. 

ევროპელ ექსპერტებთან პირველი ონლაინ–შეხვედრა „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D) უკვე ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა მეთიუ ბრუკმა.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა  ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისათვის საჭირო პლატფორმა შექმნეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

პროექტი VCA4D დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს Agrinatura - ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ევროპის მასშტაბით  35-ზე მეტი წევრი ჰყავს.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა