თბილისის აეროპორტში

ევროკავშირში გამგზავრება გართულდა: რა შემთხვევაში ვერ დავტოვებთ ქვეყანას

533
(განახლებულია 13:19 03.01.2021)
წესების გამკაცრების მიზეზი გახდა ის, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ახალი წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქვეყნის დატოვება და შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრება სურთ, ახალი წესები ამოქმედდა.

2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ნებართვა მიიღეს (180-დან საერთო ჯამში 90 დღით).

თუმცა 2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებას გარკვეული პირობების გარეშე ვერ შეძლებენ. ევროკავშირის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები: უკანა მიმართულების ბილეთი ან მისი ჯავშანი, სასტუმროს ჯავშანი, რომლის აღწერაც უნდა შეეძლოს გამგზავრების მსურველს, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდისთვის საკმარისი თანხა.

თუ საქართველოს მოქალაქე შენგენის ზონაში მცხოვრებ ადამიანთან სტუმრად მიემგზავრება, მას ხელთ უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ ადამიანის თანხმობას, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის საცხოვრებელი ხარჯი.

რომელიმე ზემოაღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებს.

მსგავსი მკაცრი წესები განპირობებულია იმით, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ევროკავშირში მკვეთრად გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რაც რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლების აღშფოთების მიზეზი გახდა და მათ საქართველოს რეჟიმის გაუქმებითაც კი დაემუქრნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა. გამკაცრდა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მოთხოვნათა დამრღვევების მიმართ. ყველა ხარჯი, დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეთა რეადმისიასთან, თავად გამოძევებულ მოქალაქეებს დაეკისრათ. გამკაცრდა ასევე გვარის შეცვლის პროცედურა.

გარდა ამისა, პარლამენტმა სისხლის სამართლებრივ დანაშაულთა კატეგორიას მიაკუთვნა ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელის მიზნით საქართველოს მოქალაქეთა სხვა ქვეყანაში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა.

საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ თავშესაფრის მიღების იმედი ქვეყნებში, რომლებმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს. მათ შორისაა კვიპროსი, ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტეინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, ჩეხეთი, დანია სლოვენია და გერმანია.

533
მოჰამად ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაგეგმა

62
(განახლებულია 09:53 21.01.2021)
მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ გეგმავს ვიზიტებს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც შეიძლება თანამშრომლობა მშვიდობის დამყარებისა და რეგიონში სტაბილურობის კუთხით

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ვიზიტით ეწვევა საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს, იუწყება სააგენტო Fars.

„შემდეგ კვირაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და კორონავირუსზე ჩვენი ტესტები უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, გავემგზავრო კავკასიასა და რუსეთში“, – განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმავს იმ ქვეყნებში ვიზიტს, რომლებთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მიღწევაში.

მისი თქმით, ვიზიტების თარიღები უკვე შეთანხმებულია.

გარდა ამისა, ზარიფმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთანაც.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირანს შორის 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო–ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ სფეროებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის საქონელბრუნვა 2018 წელს 38,7%–ით გაიზარდა და 251,9 მლნ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ირანიდან საქართველოში 291,1 ათასი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. 2019 წლის 11 თვეში ვიზიტორების რაოდენობამ ამ ქვეყნიდან 132,8 ათასი შეადგინა.

62
ზაალ უდუმაშვილი

ქართული ოპოზიცია ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება

395
(განახლებულია 16:55 20.01.2021)
საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გზით მოიგო

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ამა წლის თებერვლიდან პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას გეგმავს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

საგამოძიებო კომისია და თანამედროვე საარჩევნო ტექნიკა: რა შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას>>

უფრო ადრე რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ოპოზიცია პერმანენტული საპროტესტო აქციებისთვის მზადებას დაიწყებს.

„თებერვლიდან ოპოზიცია აქტიურ რეჟიმში გადავა. ბუნებრივია, როცა ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, ეს ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური იქნება ქუჩა, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს“, – განუცხადა უდუმაშვილმა ჟურნალისტებს.

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გზით მოიგო. ამას უკავშირდება მათი პროტესტი და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა.

ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილება 11 დეკემბერს შევიდა ძალაში და თითქმის ერთი თვე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, მაგრამ იანვრის დასაწყისში პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, თუმცა დეპუტატებმა ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა, უფლებამოსილების აღიარების შემდეგ, „ალიანსი“ დატოვეს და ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

395
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ვაქცინაცია COVID-19-ზე

კოვიდ-ვაქცინებისგან სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა: ჯანმოს ექსპერტი

0
(განახლებულია 12:29 21.01.2021)
ჯანმოს ექსპერტის თქმით, დაფიქსირებულია მხოლოდ გვერდითი ეფექტების რამდენიმე შემთხვევა, როგორიცაა ანაფილაქტიკური შოკი და სერიოზული ალერგიები

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ჯანმოს ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრის გამო სიკვდილის არცერთი შემთხვევა, განაცხადა ორგანიზაციის ექსპერტმა მარიანჯელა სიმაომ.

​„ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბაზარზე. ეს „ფაიზერია“. და ჩვენ ჯერჯერობით არ გვინახავს სიკვდილის არცერთი შემთხვევა იმ ვაქცინებისგან, რომლებიც ამ მომენტისთვის გამოიყენება“, — განაცხადა მან.

ჯანმოს წარმომადგენლის განცხადებით, დაფიქსირდა გვერდითი ეფექტების რამდენიმე შემთხვევა, მაგალითად ანაფილაქტიკური შოკი, რამდენიმე ვაქცინირებულს კი სერიოზული ალერგიებისადმი მიდრეკილება გამოუვლინდა. ასეთ შემთხვევებში, ექსპერტის თქმით, აუცილებელია აცრა სამედიცინო დაწესებულებებში დაკვირვების ქვეშ ჩატარდეს.

მარიანჯელა სიმაოს თქმით, ჯანმო გულდასმით აკვირდება ვაქცინების ნებისმიერ გვერდით მოვლენებს და შესაბამისად გასცემს განახლებულ რეკომენდაციებს.

ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ 12 პრეპარატი ელოდება ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებას.

მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში რეგისტრაციაზე განაცხადი შევიდა რუსული ვაქცინა Sputnik V–ს მწარმოებლებისგანაც. აღნიშნული ვაქცინა, რომელიც გამალეის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრში შეიქმნა, მსოფლიოში პირველად მიჩნევა.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა