საქართველოს პარლამენტის სხდომა

პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითზე იმსჯელებს

594
(განახლებულია 15:59 02.01.2021)
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით განცხადებით მიმართა

თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე სავარაუდოდ 4 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარიშვილმა პირველი არხის ეთერში.

მაჭარიშვილის განცხადებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განხილვის შემდეგ აღნიშნულ საკითხს ბიუროს სხდომას გადასცემს.

პროცედურის მიხედვით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, ასევე გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით 23 დეკემბერს მიმართეს.

მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადა მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომების გამართვა 4-5 იანვარს იგეგმება, რომლის ფარგლებში იგეგმება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა. ამასთან დეპუტატები იმსჯელებენ „საგადასახდო კოდექსში“ შესატანად მომზადებული ცვლილებების შესახებაც, რომელიც პანდემიის პირობებში შეღავათების დაწესებას გულისხმობს.

594
თემები:
საქართველოს პარლამენტი (243)
მთავრობის სხდომა

გახარიამ ვიცე–პრემიერები დაასახელა ვინ გახდა პრემიერის ახალი მოადგილე

10
(განახლებულია 12:32 21.01.2021)
საქართველოს პრემიერმა მისი მხოლოდ ერთი მოადგილე შეცვალა – აღნიშნულ თანამდებობაზე თეა წულუკიანის ნაცვლად დავით ზალკალიანი დასახელდა

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს ახალ მთავრობაში ვიცე–პრემიერები იქნებიან, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

ცქიტიშვილს აღნიშნული თანამდებობა მთავრობაში მანამდეც ეკავა, ზალკალიანმა კი იუსტიციის ექს–მინისტრი თეა წულუკიანი შეცვალა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.

 „ბატონებო, მინდა მოგილოცოთ! ასეთი კრიზისის პერიოდში დიდი პასუხისმგებლობაა იყო მთავრობის წევრი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყო ვიცე–პრემიერი. დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევის მიღებას და თქვენი მუშაობა წარმატებული იქნება“, – აღნიშნა გახარიამ.

2012 წელს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დიპლომატი დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ექვსი წლის შემდეგ კი მას აღნიშნული უწყების მინისტრის პორტფელი ჩააბარეს.

2014–2018 წლებში მაია ცქიტიშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

მოგვიანებით იგი მინისტრის პოსტზე წარადგინეს – 2018 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. თანამდებობაზე დანიშვნიდან სამი თვის შემდეგ კი მაია ცქიტიშვილი ვიცე–პრემიერი გახდა.

 

 

 

10
თემები:
საქართველოს მთავრობა
მოჰამად ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაგეგმა

102
(განახლებულია 09:53 21.01.2021)
მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ გეგმავს ვიზიტებს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც შეიძლება თანამშრომლობა მშვიდობის დამყარებისა და რეგიონში სტაბილურობის კუთხით

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ვიზიტით ეწვევა საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს, იუწყება სააგენტო Fars.

„შემდეგ კვირაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და კორონავირუსზე ჩვენი ტესტები უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, გავემგზავრო კავკასიასა და რუსეთში“, – განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმავს იმ ქვეყნებში ვიზიტს, რომლებთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მიღწევაში.

მისი თქმით, ვიზიტების თარიღები უკვე შეთანხმებულია.

გარდა ამისა, ზარიფმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთანაც.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირანს შორის 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო–ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ სფეროებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის საქონელბრუნვა 2018 წელს 38,7%–ით გაიზარდა და 251,9 მლნ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ირანიდან საქართველოში 291,1 ათასი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. 2019 წლის 11 თვეში ვიზიტორების რაოდენობამ ამ ქვეყნიდან 132,8 ათასი შეადგინა.

102