პარლამენტის სხდომა

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

194
(განახლებულია 21:33 30.12.2020)
საქართველოში გაზაფხულზე გამოცხადდება საკმაოდ ფართომასშტაბიანი ამნისტია, რომელიც სხვადასხვა დანაშაულებს შეეხება.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტი დღეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, ამნისტია სისხლის სამართლის დანაშაულის 44 მუხლს შეეხება, თუმცა, როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამ წრის კიდევ გაფართოება იგეგმება და ის დამატებით 15-20 მუხლს შეიძლება შეეხოს.

ამჟამინდელი ვერსიით, ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება და ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან. მათგან 680 სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამნისტიის შედეგად საპატიმრო დაწესებულებებს 60 ქალი დატოვებს.

პროექტის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში 16 დეკემბერს დარეგისტრირდა და ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. საქართველოს პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ ახალ კანონს გაზაფხულამდე მიიღებს.

ვის შეეხება ამნისტია

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და განაჩენებისგან სრულად გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით; გაუფრთხილებლობით; შრომის დაცვის წესის დარღვევის შედეგად.

წულუკიანი: „შეწყალების ინსტიტუტი საკმაოდ პასიური გახდა“>>

ასევე გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები ფალსიფიკაციისთვის, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა/გასაღებისთვის; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევისთვის გადახდისუუნარობისას; გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობისთვის გადახდისუუნარობისას; საბაჟო გადაზიდვების წესების დარღვევისთვის; იარაღის დაუდევრად შენახვისთვის; ხულიგნობისთვის; სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის; ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის; სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, სერიოზული ზიანის ან ადამიანის დაღუპვის გარეშე.

გარდა ამისა, ამნისტია შეეხება მსჯავრდებულებს ფსიქოტროპული ნივთიერებების, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების და კანაფის უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის.

ასევე გათავისუფლდებიან ისინიც, ვინც მსჯავრდებულია სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც არ გამოიწვია მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება.

ამნისტია შეეხება ასევე მსჯავრდებულებს უკანონო თევზჭერისა და უკანონო ნადირობისთვის, წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდებისთვის; სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებისთვის; დეზერტირობისთვის; სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებისა ან განადგურებისთვის.

ასევე გათავისუფლდება ისიც, ვინც პირველად ჩაიდინა ისეთი დანაშაული, როგორიცაა ქურდობა და სანადირო და სპორტული იარაღის უკანონო შენახვა.

დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებმაც ჩაიდინეს ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანება, ძალადობა, მომხმარებელთა მოტყუება, უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ასევე დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო იმ მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, ასევე სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება.

ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს გათავისუფლებას მსჯავრდებულის მხრიდან ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, კრედიტის უკანონო მიღებისთვის ანდა ჩეკისა თუ საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენებისთვის.

ამნისტია ითვალისწინებს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობამისჯილთათვის ვადის შემცირებას - ის 20 წლის ვადით პატიმრობით შეიცვლება.

194
გიორგი გახარია

„მკაცრად ვიმოქმედებთ“ გახარია რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს შეეხო

73
(განახლებულია 17:29 15.01.2021)
ადამიანები, რომლებიც მსგავსი კონფლიქტების პროვოცირებას ეწევიან, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან, ხაზგასმით განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, უკვე რამდენიმე დღეა, სოფელში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი სკანდალი არ ცხრება.

კონფლიქტი ბუკნარში იმის გამო დაიწყო, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა ტრადიციული პარასკევის ლოცვის წასაკითხად კერძო სახლში სამლოცველოს მოწყობა გადაწყვიტეს. ამის გამო სოფელში გავრცელდა ხმა, რომ ბუკნარში აპირებენ მეჩეთის აშენებას, რამაც ადგილობრივ მართლმადიდებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ორი დღის წინ პირველი დაპირისპირებისა და ჩხუბის შემდეგ სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი მუსლიმთა სათვისტომოდან, საავადმყოფოში გადაიყვანეს იმის გამო, რომ მათ ქვები დაუშინეს. პოლიციამ ერთ-ერთი დამნაშავე დააკავა.

„არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს ჩვენს მოსახლეობას შორის დაპირისპირებას, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ აღნიშნა ასევე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რელიგიური მრავალფეროვნება – ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიის ნაწილია.

ბოლო დღეებში მასმედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სოფელში მყოფი პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრების შეკავებას, რომლებიც იმუქრებიან იმ პირთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ვინც სოფლის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამლოცველოს მოწყობას ცდილობს. ვითარება იმის გამო გართულდა, რომ პირველი ჩხუბის შემდეგ მუსლიმთა სათვისტომოს მხარდასაჭერად ბუკნარში მეზობელი აჭარის რეგიონიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა.

საუბარია ისლამის მიმდევარ ეთნიკურ ქართველებზე – ისინი აჭარის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ. მაღალმთიანი აჭარიდან ოჯახები სტიქიური უბედურებებისა და სხვა არახელსაყრელი საცხოვრებელი პირობების გამო ხშირად გურიისა და სხვა რეგიონების სოფლებში სახლდებიან.

ადგილზე უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მუშაობენ, რათა დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი აღმოფხვრან.

73
გიორგი გახარია

გახარია: ვაქცინაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ იქნება

46
(განახლებულია 17:15 15.01.2021)
ქვეყანა ემზადება ვაქცინაციისთვის, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაცების მიერ ავტორიზებული ვაქცინა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს დაამტკიცებს გეგმას, რომელშიც ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები იქნება გაწერილი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, ეპიდვითარების შედარებით დასტაბილურობის მიუხედავად, საქართველოსთვის დღეში დაახლოებით 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი რიცხვია, ამიტომ შეზღუდვები მაინც 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

„ჩვენ ამ შემთხვევაში 1 თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რაც დღეს მოქმედებს“, – განაცხადა გახარიამ.

1 თებერვლიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყება, შესაბამის ღონისძიებებზე მთავრობაში მსჯელობენ.

„პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ ერთად შევიმუშაოთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი ვაქცინაციის თემას შეეხო და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური კომისიის მუშაობის მიმართულებებზე ისაუბრა.

„ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, უბრალოდ ვერც ვხდები, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებით დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, პირველი ამოცანაა – ვაქცინის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა.

„მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი. ასევე (კომისიის ამოცანაა) მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად – დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია“, – განაცხადა გახარიამ.

მეორე საკითხი – იმ მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში უნდა დაიწყოს.

„მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, ასევე სხვა საშუალებითაც“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს.

„ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ გეგმას, რომელიც შემდგომ უკვე მთავრობაზე დამტკიცდება. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველომ COVAX-ის პლატფორმაზე Pfizer-ის ვაქცინა შეუკვეთა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია ეჭვქვეშ დააყენეს – პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომ COVAX-ის პლატფორმასა და Pfizer-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ პრეპარატის გარანტირებული იმპორტის შესახებ საუბარი ვერ იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდება, როდის მიიღებს ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, მანამდე კი მოქმედი შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია.

 

46
„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა

აშშ კვლავ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს მიუბრუნდა

0
ინტერესთა კონფლიქტი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პერსპექტივა: რუსეთი აშენებს, გერმანია დაზღვევის ფონდს ქმნის, შვედეთს „გაზის ომის“ ეშინია, აშშ სანქციებს აწესებს, ბრიტანეთი კი მას მხარს უჭერს

დანიური კომპანია Ramboll-ი, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მონაწილეა, ვაშინგტონის სანქციების გამო შეშფოთებულია, იუწყება მასმედია. მართლაც, 1 იანვრიდან აშშ-მა პროექტში ჩართული ყველა სუბიექტის წინააღმდეგ ზომები გააძლიერა. თუმცა მშენებლობა გრძელდება. ევროპაში ამ საკითხის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება: სანამ გერმანელები ამზადებენ ფონდს სანქციებისგან თავის დასაცავად, ბრიტანელებს სურთ, ამერიკელების მაგალითს მიბაძონ, შვედებს კი „გაზის ომის“ დაწყების ეშინიათ. რა ელის მილსადენს - ამის შესახებ РИА НОВОСТИ-ს მიერ მომზადებულ ნატალია დემბინსკის მასალაში წაიკითხავთ.

ძველი მეთოდები

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სახმელეთო ნაწილის მშენებლობა სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე დასრულებულია. ახლა მილები გაჰყავთ გერმანიის წყლებში, შემდეგ სამუშაოები დანიის წყლებში გაგრძელდება. პროექტი დადასრულს უახლოვდება. თუმცა ვაშინგტონში ამის აღიარება არ სურთ. 1 იანვრიდან მოქმედებს ახალი კანონი თავდაცვითი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც რუსული გაზსადენის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ითვალისწინებს. 

კერძოდ, საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც ტესტირების, ინსპექციის ან სერტიფიცირების მომსახურებით არიან დაკავებული. ნორვეგიულმა კომპანია DNV GL-მა უკვე განაცხადა, რომ წყვეტს გაზსადენის შემოწმებას და მის სერტიფიცირებას ვერ შეძლებს.

როგორც ამას წინათ აშშ-ის სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, კანონს თავდაცვითი ბიუჯეტის შესახებ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და „ისეთი ზესახელმწიფო-მეტოქეების შესაკავებლად, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი“. ეს დოკუმენტი გაამყარებს აშშ-ის უპირატესობას „ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერში, კიბერსივრცესა და კოსმოსში“.

„გაზპრომს“ დაახლოებით 150 კილომეტრის სიგრძის მილების ჩაყრა დარჩა. 120-დანიაში და 30-ზე ოდნავ მეტი - გერმანიაში. სამუშაოების 94% დასრულებულია.  სამუშაოებს ევროპის ხუთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია აფინანსებს. ვაშინგტონის ხელის შეშლის მიუხედავად, 11 იანვარს, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, განახლდა მუშაობა გერმანიის ტერიტორიულ წყლებში. 15 იანვრიდან მილების გაყვანას დანიის სანაპიროსთანაც დაიწყებენ.

მილგამყვან „ფორტუნას“ დაეხმარებიან რუსეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის გემები „მურმანი“ და „ბალტიის მკვლევარი“, ასევე სხვა ხომალდები. ზღვაში მილსადენის გაყვანის ხაზიდან ორივე მხარეს დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში დროებით აკრძალული ზონა გამოცხადდება.

როგორც ამას წინათ „გაზპრომ ექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ელენა ბურმისტროვამ განაცხადა, მილსადენის საზღვაო ნაწილის მშენებლობის დასრულების ვადა დამოკიდებულია გარკვეულ გარემოებებზე, კერძოდ, ამინდზე.

დაცვითი მექანიზმი

ამასობაში, აშშ-ში ევროპულ კომპანიებს, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, რუსეთს მილსადენის გაყვანაში ეხმარებიან, კვლავ ემუქრებიან.

„ჩვენ ვცდილობთ მათ რისკები გავაცნოთ და მოვუწოდოთ, უარი თქვან თანამშრომლობაზე, ვიდრე გვიანი არ არის“, - მოჰყავს Reuters-ს სახელმწიფო დეპარტამენტში თავისი წყაროს სიტყვები. უახლოეს დღეებში თეთრი სახლი, ამ სააგენტოს ინფორმაციით, არასასურველი ორგანიზაციების სიას გამოაქვეყნებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აცხადებენ: მოსკოვს ეჭვი არ ეპარება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წარმატებაში, როგორც არ უნდა ეცადოს ვაშინგტონი „გაზპრომის“ დასავლეთ ევროპელ პარტნიორებზე ზეწოლას.

გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს კვლავაც ეკონომიკურ პროექტად მიიჩნევენ. მათთვის მიუღებელია აშშ-ის სანქციები, რის შესახებაც ამ დღეებში გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე ულრიკე დემერმაც ისაუბრა. მეტიც, იანვრის დასაწყისში გერმანიის მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეგიონული მთავრობის ინიციატივას, შეიქმნას ეკოლოგიური ფონდი „კლიმატისა და გარემოს დაცვა MV“.

ეს ფონდი ამერიკული სანქციების გასანეიტრალებლად შეიქმნა. ორგანიზაცია შეძლებს მშენებლობისთვის საჭირო მოწყობილობის შეძენას. და უპირველეს ყოვლისა მილსადენს ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვან პროექტად აღიარებს.

როგორც გერმანული Bild აზუსტებს, ეს შესაძლებელს გახდის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს „გარემოს დაცვის პრინციპული ელემენტის“ კლასიფიკაცია მიენიჭოს.

ფონდი აპირებს კომერციული საწარმოს დარეგისტრირებას, რომელიც მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით იქნება დაკავებული. კომპანიები, რომლებსაც სანქციებით დაემუქრებიან, რუსულ მხარესთან ითანამშრომლებენ იმ ეკონომიკური ინსტრუმენტების მეშვეობით, რომლებსაც აღნიშნული საწარმო უზრუნველყოფს.

დრო არ ითმენს

მოასწრებენ თუ არა გერმანელები თავის დაცვას სანქციებისგან? დამკვირვებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი მხრივ, ფონდმა მიიღო ინვესტიციები და უფლებამოსილება, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ვაშინგტონს ძალისხმევა წყალში ჩაუყაროს, აღნიშნავს კომპანია ТМТ-ს დირექტორი დანილ როსტოვცევი.

„თუმცა ფონდის შექმნის ინიციატივამ საზოგადოების, განსაკუთრებით „მწვანეთა“ უკმაყოფილება გამოიწვია. ეკოლოგები არაეთიკურად და აღმაშფოთებლად მიიჩნევენ ამგვარი მეთოდებით ისეთი პროექტის ხელშეწყობას, რომელიც, მათი აზრით, სულაც არ არის „მწვანე“, არამედ სახიფათოა გარემოსთვის“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მხარდამჭერები საზოგადოებასთან მოლაპარაკებას.

ამავდროულად, დამოუკიდებელი სამრეწველო ექსპერტის, ლეონიდ ხაზანოვის აზრით, ბერლინი არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობს ვაშინგტონს: გერმანიას სჭირდება რუსეთის ცისფერი საწვავი, უფრო იაფი, ვიდრე ამერიკული თხევადი აირი. და მით უფრო აუცილებელია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნება: ეს ბაზარი სტრატეგიულია გერმანული კომპანიებისთვის.

რასაკვირველია, ფონდზე სანქციები გავრცელდება, მაგრამ ისინი არაეფექტური იქნება. მისი ქვეკონტრაქტორების წინააღმდეგ კი საჭირო გახდება ახალი კანონპროექტის მომზადება, მისი გატანა კონგრესზე, ლოდინი, ვიდრე პრეზიდენტი ხელს მოაწერს. ამ პროცედურას შესაძლოა ნახევარი წელიწადი დასჭირდეს. ამ დროის განმავლობაში კი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაც დასრულდება“, - მსჯელობს ექსპერტი. თუმცა არ გამორიცხავს გართულებებს მილსადენის ამუშავების ეტაპზე - სწორედ აშშ-ის თავდაცვით ბიუჯეტში გათვალისწინებული სანქციების გამო. 

შიში და სიძულვილი

ბრიტანელებს უნდათ, ამერიკელების მაგალითს მიბაძონ. როგორც ბრიტანეთის კონსერვატორმა პარლამენტარმა დანიელ კოჩინსკიმ განაცხადა, რუსული გაზსადენი „მეტისმეტად სახიფათოა“ - იმით, რომ ნატოს ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი ყველა გაზისა და ნავთობის ქსელის გვერდის ავლით, „პირდაპირ რუსეთში“ მიდის. მისი სიტყვებით, ბრიტანელებს აღარ აკავებს ევროკავშირის წევრობა, ამიტომ „საჭიროა ამერიკელ მეგობრებს მივყვეთ და დავაწესოთ სანქციები ყველა იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობს“.

შვედეთში კი შიშობენ, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა ნიადაგს შექმნის „გაზის ომისთვის“, თანაც ქვეყნის მილსადენთან უშუალო სიახლოვის პირობებში. როგორც Svenska Dagbladet აღნიშნავს, ამერიკელი დემოკრატი ამ პროექტის „უფრო სასტიკი მოწინააღმდეგეც კია, ვიდრე დონალდ ტრამპი“. ხოლო თავად სკანდინავიური სამეფოსთვის ეს საკითხი უკვე გადაჭრილია: მთავრობამ მოიწონა შვედეთის ეკონომიკურ ზონაში მილსადენის გაყვანა.

„გაზპრომისთვის“ ბაიდენის პრეზიდენტობის ნეგატიურ ასპექტად მიიჩნევა მისი ენერგეტიკული პოლიტიკა, ე.წ. მწვანე კურსი. დემოკრატები გეგმავენ ორი ტრილიონი დოლარის გამოყოფას, რათა ქვეყანა 2035 წლამდე ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკაზე, 2050 წლისთვის კი - ნულოვან გამონაბოლქვზე გადავიდეს. თუმცა რუსეთისთვის მწვანე ენერგეტიკაც ხელსაყრელია: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით შესაძლებელია არა მხოლოდ ბუნებრივი აირის გადატანა, არამედ წყალბადისაც. ევროპაში წყალბადის საწვავზე მოთხოვნილება პოტენციურად ძალიან მაღალია.

თავად აშშ-ში ეჭვი ეპარებათ, რომ ყველაფერი შესრულდება, რასაც თეთრი სახლი „ნაკადს“ ჰპირდება. როგორც ვირჯინიის შტატის ყოფილი სენატორი რიჩარდ ბლეკი ირწმუნება, მოსკოვთან მოლაპარაკება მშენებლობის დასრულებაზე ბაიდენს უხმაუროდ ურჩევნია. სანაცვლოდ კი იგი ვაშინგტონისთვის რაიმე სარგებლის გამოძალვას შეეცდება.

 

ავტორის თვასაზრისი შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

0