სამთავრობო ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება ექვსი თვით გაუხანგრძლივდა

138
სიტუაციიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, მთავრობას აქვს უფლება შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური აქტივობა

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში იმ ცვლილებების მოქმედება, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას ანიჭებს, 2021 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

ნორმის მოქმედების გახანგრძლივებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილებები, რომლებიც მთავრობას ანიჭებს უფლებას – პანდემიის დროს დროებით დააწესოს შეზღუდვები და პარლამენტის თანხმობის გარეშე დაარეგულიროს საჯარო უწყებების საქმიანობის საკითხები, არის მიღებული 22 მაისს, როდესაც კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა იწურებოდა. მაშინ ამ უფლების ხანგრძლივობა განისაზღვრა 15 ივლისამდე ვადით. ივლისში საკანონმდებლო ორგანომ ცვლილებების მოქმედება 2021 წლის 1 იანვრამდე გაახანგრძლივა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით პარლამენტი ამ უფლებამოსილებას მთავრობას 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე უხანგრძლივებს. კერძოდ: სიტუაციიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, მთავრობას აქვს უფლება შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა, აკრძალოს მასობრივი სოციალური ღონისძიებების გამართვა და ა.შ.

ამავე დროს მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და იყოს განპირობებული კანონით ან ნორმატიული აქტით. მათი შემოღება იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ისინი აუცილებელია საზოგადოებისთვის და არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს.

შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული, ხოლო მათი შემოღებით მიღებული სარგებელი აჭარბებდეს ზარალს, ასევე შეზღუდვები არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას.

ხელისუფლებას ასევე ადამიანების კარანტინსა ან იზოლაციაში გამწესების უფლება ექნება. თუმცა თითოეული ასეთი ადამიანი შეძლებს აიყვანოს ადვოკატი, ახლობლებსა და დამსაქმებელს აცნობოს თავისი ადგილმდებარეობა. ასევე ექნება უფლება იცოდეს კარანტინში გამწესების მიზეზები.

დღეისათვის საქართველოში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ქვეყანაში გაჩერებულია საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავალდებულოა პირბადეების ტარება, არ მუშაობს სპორტდარბაზები, კაფეები, რესტორნები, აკრძალულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება.

უფრო გამკაცრდება შეზღუდვები 3 იანვრიდან, როდესაც დაიკეტება მაღაზიები, რომლებიც დროებით საახალწლო დღესასწაულებზე გაიხსნა.

138
მეათე მოწვევის პარლამენტი

ქართველ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას გაუზრდიან

15
საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე დამოუკიდებელი დეპუტატები მეტ უფლებამოსილებას მიიღებენ

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერთა მცირე ჯგუფის უფლებებს აფართოებს.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება ცხრა დამოუკიდებელი დეპუტატით, თავად საკანონმდებლო ორგანოს კი შეზღუდული უფლებამოსილებები ექნება.

შესწორებების თანახმად, დამოუკიდებელ დეპუტატებს ვიცესპიკერის, ასევე, კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ.

გარდა ამისა, დებატების დროს ან კანონპროექტის განხილვისას მათ ფრაქციისთვის ანალოგიურ დროს გამოუყოფენ.

შესწორებების მიზეზი გახდა დამოუკიდებელი დეპუტატების შეზღუდული უფლებამოსილებები, რომელთაც დღემდე არა აქვთ შესაძლებლობა, სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში და დაიკავონ ხელმძღვანელი თანამდებობები.

ვინაიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 2 თებერვალს დააკმაყოფილებს ოპოზიციის წარმომადგენელთა დიდი ნაწილის უარს მანდატებზე, ოპოზიციური ფრთა პარლამენტში წარმოდგენილი იქნება „ევროპელი სოციალისტების“ ოთხი, პარტია „მოქალაქეების“ ორი და პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ სამი დეპუტატით. ამასთან, პარტია „გირჩი“ არ აპირებს სხდომებში მონაწილეობას და აგრძელებს ბოიკოტს.

უფრო მეტი უფლებამოსილება?

შესწორებების განხილვისას მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ბეჟან კახაძემ კოლეგებს შესთავაზა, დამოუკიდებელ დეპუტატებს სამწევრიანი ფრაქციის შექმნისა და ბიუროს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ არსებობს კონსტიტუციის ჩარჩოები, რომლებიც მკაცრად განსაზღვრავს პარლამენტის ბიუროს შემადგენლობას, ასევე ფრაქციების შესაძლებლობებსა და შემადგენლობას.

პროექტის ავტორმა ლევან მგალობლიშვილმა კი აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების უფლებამოსილება შესაძლოა გაფართოვდეს რეგლამენტის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ისე რომ არ დაზარალდეს კონსტიტუცია.

„ჩვენ არ წავალთ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტის ფრაქციების შესაძლებლობებს განსაზღვრავს, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობებზე გარკვეულ პირთა დანიშვნისას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რეგლამენტის ფარგლებში ოპოზიციონერებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის დამუშავდება და განსახილველად იქნება წარდგენილი.

რატომ „გაღარიბდა“ პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში არჩევნების შედეგად 60 ოპოზიციონერი და 90 მმართველი პარტიის დეპუტატი მოხვდა. თუმცა ოპოზიციონერების უმრავლესობა დღემდე უარს აცხადებს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ამბობს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაყალბდა.

პარლამენტში მოხვედრილმა დეპუტატებმა პარტიებიდან - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვება გადაწყვიტეს.

ექვსიდან ხუთმა სუბიექტმა გააუქმა პარტიული სიები, რათა თავიანთი პარტიებიდან უფრო ლოიალური წარმომადგენლებით მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა მოესპო.

ერთადერთი, ვინც ეს არ გააკეთა, პარტია „პატრიოტთა ალიანსია“, რის წყალობითაც პარლამენტში მისი ოთხი ყოფილი წარმომადგენელი მოხვდა. მათ „პატრიოტების“ ადგილები დაიკავეს და შექმნეს საკუთარი პარტია „ევროპელი სოციალისტები“.

პარლამენტის შემცირებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციის შეცვლის, კონსტიტუციური კანონების მიღებისა და მიწის შესახებ კანონის შეცვლის შესაძლებლობას უკარგავს.

15
ზურაბ აბაშიძე

აბაშიძე: საქართველო მზადაა რუსეთთან საზღვრის გახსნის საკითხზე იმსჯელოს

48
(განახლებულია 18:31 27.01.2021)
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ და რუსეთმა სახმელეთი საზღვარი გასული წლის მარტში ჩაკეტეს.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველო და რუსეთი სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხზე მსჯელობას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდვითარება დარეგულირდება, განაცხადა ერუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრისსპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ „Sputnik საქართველოსთან“ ინტერვიუში. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, 2020 წლის 16 მარტიდან შეწყვიტა – საზღვრის გადმოკვეთის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ტრანზიტული ტვირთების გადამზიდავებს აქვთ. საქართველოში მოქმედი წესების თანახმად, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თანამემამულეებ 12–დღიან კარანტინს გადიან. მკაცრ კონტროლს გადიან სატვირთოს მძღოლებიც.

„თუ  ეპიდვითარება დასტაბილურდება, ჩვენ საზღვრების გახსნის თაობაზე მსჯელობასაც შევძლებთ. საზღვარი პანდემიის გამო დაიკეტა და როგორც კი ვითარება საშუალებას მოგვცემს, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯების განხილვისთვის მზად ვართ. საზღვარი ორივე მხრიდან დაიკეტა, ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. სხვა მიზეზი არ ყოფილა“, – განაცხადა აბაშიძემ.

დიპლომატის თქმით, რუსეთის მხრიდან საზღვრის გახსნის შესახებ წინადადება ჯერ არ ყოფილა.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, მარტის ბოლომდე გაიმართება მისი და რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინის პირისპირ შეხვედრა, რომელიც პრაღის მოლაპარაკებებზე რუსეთს წარმოადგენს. 

 „ჩვენ ნოემბერში ონლაინ–შეხვედრა გავმართეთ და მაშინ ვთქვით, რომ შემდეგი შეხვედრა 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართება. კონკრეტულ თარიღზე არ გვისაუბრია, თუმცა, ვფიქრობ თებერვალში ან მარტში. დღის წესრიგში სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული საკითხები იქნება. ვფიქრობ, იმ დროისთვის აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული.

ჟენევაში მხარეები პოლიტიკურ პრობლემებს, ჟენევაში კი სავაჭრო–ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ და ა.შ. საკითხებს განიხილავენ. მოლაპარაკებების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად უმჯობესდება.

 

48
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები
დოლარები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წელს ვალუტა უკვე მეორედ გაყიდა

0
იანვარში ორ აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით უკვე 80 მილიონი დოლარი გაყიდა

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წელს მეორე სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3,2964 GEL/$1.

რეგულატორმა გასაყიდად გაიტანა 40 მილიონი დოლარი.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, 2021 წელს - ორი. გასულ წელს რეგულატორმა მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა, წელს კი უკვე 80 მილიონი.

 

ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

ეროვნულმა ბანკმა 28 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3,2969 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

მანამდე სებ–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად — მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ცდება, სებ–ი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ინტერვენციებისთვის ასევე გამოიყენებს ვალუტას რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღო კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის შედეგების დასაძლევად.

0