ეკა ხოფერია

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად, სავარაუდოდ, ეკა ხოფერია დაინიშნება

60
(განახლებულია 19:08 29.12.2020)
თავად ეკა ხოფერიას განცხადებით, მას განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად უახლოეს პერიოდში წარადგენენ.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად, სავარაუდოდ, ჟურნალისტი ეკა ხოფერია დაინიშნება, იუწყება ქართული მასმედია.

ინფორმაციას ადასტურებს თავად ეკა ხოფერია. მისი განცხადებით, შემოთავაზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან რუსლან აბაშიძისგან მიიღო.

„ვფიქრობ, შემოთავაზების წინაპირობა იყო ის პროექტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად დაიწყო – „მე აფხაზეთისთვის". მას შემდეგ რამდენიმე ხანში შემომთავაზა რუსლან აბაშიძემ ეს თანამდებობა. დავთანხმდი, რადგან რთული დროის და დიდი გამოწვევის მიუხედავად, მინდა გუნდთან ერთად ბევრი კარგი გავაკეთო“, – განაცხადა ხოფერიამ.

ხოფერიების ოჯახი აფხაზეთიდანაა.

ეკა ხოფერია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა, მათ შორისაა „იბერია", „რუსთავი2", „იმედი".

ეკა ხოფერია ჟურნალ „სითის“ დამფუძნებელია და მას 11 წელია უძღვება. მინისტრად მისი დანიშვნის შემთხვევაში ამ საქმეს მისი და თეა ხოფერია უხელმძღვანელებს.

60
 ესესპანეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები

კორონავირუსი და პანდემია - რაზე ისაუბრეს საქართველოს და ესპანეთის მთავარმა დიპლომატებმა

36
დავით ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მაგრამ მთავარი თემა იყო მსოფლიო საზოგადოების ბრძოლა ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ესპანეთი უახლოეს მომავალში განაცხადებს „სოლიდარობის გეგმის“ შესახებ, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას და გადანაწილებას გულისხმობს, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონზალეს ლაიამ ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მადრიდის ხელისუფლება ქალაქის კატასტროფის ზონად გამოცხადებას ითხოვს: ვრცელდება ვიდეო >>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ მოქმედებებს გლობალური პანდემიის წინააღმდეგ და სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პანდემიის პერიოდში რთული ეკონომიკური ვითარების დასაძლევად.

„ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივი ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა”, - მოჰყავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები ქართული საგარეო უწყების პრესსამსახურს.

ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ ასევე განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა,  ქალთა უფლებების საკითხები და ბირთვული განიარაღების თემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით ესპანეთში, სადაც 20 იანვრამდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურების შერჩევა მოხდება.

საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV-ის სახელით და მასთან შეხვედრა.

36
გიორგი ვაშაძე

შეხვედრა არ შედგა: რატომ თქვა გიორგი ვაშაძემ უარი

30
(განახლებულია 17:22 18.01.2021)
„გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, რომელთაც 2020 წლის არჩევნების შედეგებით ჯამში ექვსი მანდატი ერგოთ, ოფიციალურად უარი არ უთქვამთ სადეპუტატო მანდატებზე.

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. როდესაც ვთქვით, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრას ვაპირებდით, მას საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია, ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას. 

გასულ კვირას „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“ დაკავშირებით შეთანხმდნენ ორ მოთხოვნაზე: ყველა შემდგომი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება 0%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის ფორმულირება. მათი აზრით, დაგეგმილმა ადგილობრივმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება, უნდა აჩვენოს, თუ რამდენად აუცილებელია ქვეყნისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები. 

როგორც პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში დამარცხდება, მან საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი – პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ შიდა კონსულტაციების ახალ ეტაპს გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ შეხვედრით დაწყებას აპირებდა. კონსულტაციების მთავარი თემა  მმართველ პარტიასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები და ის საკითხი უნდა ყოფილიყო, თუ რა პირობებში იქნება ოპოზიცია თანახმა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. 

აღნიშნულ საკითხს გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ის უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება. ასევე, ის არასწორად მიიჩნევს ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლას  და ფიქრობს, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა იყოს განხილული.

„ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა, მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა და რა შეიცვალა, ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი ვაშაძეს“,- განაცხადა იაგო  ხვიჩიამ. 

ოპოზიციური პარტიების – „გირჩისა" და "მოქალაქეების" მიერ დაწყებულ შიდა კონსულტაციებს სკეპტიკურად უყურებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.  

„არ მგონია, რომ აღნიშნული წინადადების განხილვა ცალ-ცალკე უნდა მოხდეს. ინდივიდუალური შეხვედრები სწორად არ მიმაჩნია.  ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საჯარო სივრცეში ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრის დაწყება მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას „ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ," - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან ხუთმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადა. ესენია ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი). მათ ცესკოში წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმება მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა.

30
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ტრაილერების რიგი ლარსზე

ყაზბეგიდან დამსვენებლების ევაკუაცია გრძელდება

0
(განახლებულია 21:55 18.01.2021)
ყაზბეგიდან მოქალაქეთა ევაკუაციის მიზნით გამონაკლისის წესით საქართველოს ყველაზე გრძელი საბაგირო გზა ჩართეს, რომელსაც მგზავრების კობიდან გუდაურში გადაყვანა შეუძლია

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ყაზბეგის რაიონში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება.

უამინდობის გამო გადაკეტილია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის კობი-გუდაურის მონაკვეთი. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე სატვირთო და მსუბუქი მანქანების გრძელი რიგებია.

ყაზბეგიდან მოქალაქეთა, ძირითადად, დამსვენებელთა ევაკუაციისთვის გამონაკლისის სახით ჩართეს საქართველოს ყველაზე გრძელი საბაგირო, რომელსაც მგზავრების კობიდან გუდაურში გადაყვანა შეუძლია. კორონავირუსის პანდემიის გამო ეს საბაგირო გასული წლიდან არ მუშაობს.

„ჩვენ ყაზბეგში ვიყავით, საკმაოდ კარგად დავისვენეთ, მაგრამ ჩავრჩით. მგონი გზა 10 დღეა ჩაკეტილია. საბაგირო დღეს ამუშავდა, არ იყო ქარი და გამოსვლა შევძელით“, - აღნიშნა ყაზბეგში ერთ-ერთმა დამსვენებელმა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

რაც შეეხება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ჩარჩენილი სატვირთო მანქანების მძღოლებს, ისინი ამბობენ, რომ საკვების მარაგი ეწურებათ, მაღაზიებში პროდუქცია მეტისმეტად გაძვირებულია, ხოლო საქონელი, რომელიც გადააქვთ, ფუჭდება. შესაბამისად, შესაძლოა სერიოზულად იზარალონ.

0