ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს" ტოვებს

74
(განახლებულია 17:50 28.12.2020)
ელენე ხოშტარია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარტიას ტოვებს, იუწყება „რუსთავი2“.

ელენე ხოშტარია საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე 15:00 საათზე პარტიის ოფისში ბრიფინგზე ისაუბრებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, პარტიაში დაპირისპირება არ ყოფილა.

„როგორც ვიცი, ელენე ხოშტარია თვითონ აპირებს განცხადების გაკეთებას. დავუტოვოთ უფლება, თვითონ თქვას, რას აპირებს და როგორ აპირებს. ნამდვილად არ ვაპირებ სხვის მაგივრად ვილაპარაკო. უაღრესად დადებითი პიროვნება, ჩემი ახლო ადამიანი და მეგობარია და ასეთად დარჩება, მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა, რასაც დღის განმავლობაში გაიგებთ“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ევროპული საქართველოდან" წასვლის შემდეგ ელენე ხოშტარია არც ერთ პარტიაში არ აპირებს გაწევრიანებას და ის თავად შექმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. ერთ-ერთი ვერსიით კი, ის არასამთავრობო ორგანიზაციაში გააგრძელებს საქმიანობას.

ელენე ხოშტარია 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს თბილისის მერობის კანდიდატი იყო „ევროპული საქართველოდან“, იყო ამავე პარტიის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარულ ოლქში.

74

საპროტესტო აქცია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

46
(განახლებულია 21:15 26.01.2021)
სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

კვირის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მომხრეები აკრძალვებსა და შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

46
დროშები ოცნების ოფისთან

NDI-სა და „ქართული ოცნების“ ომი დასრულდა კვლევითმა ორგანიზაციამ მისი წარმატება აღიარა

127
(განახლებულია 16:28 26.01.2021)
ხელისუფლებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის მრავალწლიანი დავა, როგორც ჩანს, დასრულდა. გუშინ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლებას იმდენად კარგი შედეგები აქვს, რომ საეჭვოა, რომელიმე სახელისუფლებო პოლიტიკოსმა NDI გააკრიტიკოს.

არადა, ეს ტრადიციად იყო დამკვიდრებული ბოლო წლების საქართველოში. ახლა კი, NDI-ს კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად ფასებს, 38% – ცუდად, გიორგი გახარიას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 17% – ცუდად.

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება". 5%-ის აზრით – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი", "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "ლეიბორისტული პარტია"), ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა.

როგორც ირკვევა, ბოლო ერთ წელიწადში შემცირებულია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მათ პოზიციასთან ახლოს მდგომ პარტიად ოპოზიციურ ძალას ასახელებდა. კერძოდ, NDI-ს მიერ 2020 წლის იანვარში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, იგივე კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს – პასუხები ასე ნაწილდებოდა: მოსახლეობის 19% თვლიდა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარი პარტია „ქართული ოცნება“ იყო, 14%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურდა, ხოლო მოსახლეობის 13%-სთვის ყველაზე ახლოს მდგომი პარტია „ნაციონალურ მოძრაობა” იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ამბობს მამუკა მდინარაძე. თუმცა არც პარლამენტის ნდობაა ისტორიულ მაქსიმუმზე ამ კვლევის მიხედვით. საქმე ისაა, რომ მთავრობის ნდობის ზრდის პარალელურად პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის რეიტინგი მეტად შემცირებულია. მის საქმიანობას კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 15% აფასებს, 80% კი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, თუ პარლამენტის საქმიანობაში ოპოზიცია ჩაერთვებოდა.

თუმცა ამ კვლევას ეჭვის თვალით უყურებს მთავარი ოპოზიციური არხის მთავარი წამყვანი ნიკა გვარამია: „NDI-ს სატელეფონო კვლევები არაფერს გვაჩვენებს, გარდა იმისა, როგორი შეშინებულია ხალხი უზურპატორი რეჟიმით. ყველაზე მძიმე პერიოდში - „ოცნების“ ყველაზე მაღალი რეიტინგი - ეს რომ სტატისტიკური, ლოგიკური და პოლიტიკური აბსურდია, ამას ვინც ვერ ხვდება, სერიოზული პრობლემები აქვს, ან მკაფიო მიზანმიმართულობა“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქ-სტატუსში.

თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალბათ, ჯობს გააანალიზონ, რამ გამოიწვია მათი რეიტინგის ასეთი კატასტროფული დაცემა, ან NDI-ს შედეგები არ აღიარონ, როგორც ამას ადრე „ქართული ოცნება“ აკეთებდა.

კიდევ ერთი საინტერესო შეფასება კვლევის შედეგებს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მისცა. ის ფიქრობს, რომ მთავრობას „გახარია ქაჩავს“.

„ჩემის აზრით, კვლევის შედეგები კანონზომიერია. ოპოზიცია არ წარმოადგენს არანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს იმ პრობლემებთან დაკავშირებით... მაშინ, როდესაც მთავრობა რაღაცას მაინც ფაფხურობს ამ პრობლემებთან დაკავშირებით. კერძოდ გახარია, რომელიც "ჭაობის კაბინეტს" მთლიანად ქაჩავს. ის ობიექტურად ყველა ოპოზიციურ ლიდერზე ბევრად უფრო ადეკვატურად გამოიყურება. ასევე კანონზომიერია პარლამენტის გაკოტრება, ანუ სრული უფუნქციობა და დელეგიტიმაცია“, – წერს ხუხაშვილი.

საერთო ჯამში, ეს კვლევა ბევრ რამეზეა – კორონაზე, ნატოზე, ჩვენს წარმოდგენებსა და ღირებულებებზე. ირკვევა, რომ ნატოში 80%-ს უნდა, ამასთან, იმავე გამოკითხულთა 41% ვაქცინას არ გაიკეთებს...

შიშის ფაქტორი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ყოველთვის არსებობს, მაგრამ არც ამით თავის დაიმედებაა კარგი. ავტორიტეტული ძალა, რომელიც ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს, ამ კვლევებშიც არ ჩანს, ხოლო მომავალში რა იქნება, ეს ძნელი სათქმელია.

ოპოზიციას ახლა ახალი, გაუსვრელი ძალა და დიდი ფინანსები სჭირდება, რათა თავისი სიტყვა თქვას, და ეს კვლევის გარეშეც კარგად ჩანს.

 

127
აქცია კომენდანტის საათის დროს

თბილისში კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

0
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დედაქალაქში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვენ

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თბილისში პარლამენტის შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორია „მოძრაობა საქართველოსთვის“. მოძრაობის წევრებმა საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთი აქცია დაანონსეს. მათი განცხადებით, ოთხშაბათს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია ქუთაისში გაიმართება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსული აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

0