გიორგი გახარია

გახარია: აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს

41
მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი გახდა 2013 წელს ემბარგოს მოხსნა ქართულ საქონელზე. იმ დროიდან სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის წლიდან წლამდე უმჯობესდება.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისისა და რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინს შორის დიალოგის ფორმატი უნდა გაგრძელდეს, მას თავისი თავი ჯერ არ ამოუწურავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას. 

„აბაშიძე–კარასინის ფორმატს საკუთარი თავი ჯერ არ ამოუწურავს.  ეს  არის პირდაპირი დიალოგის ერთადერთი არხი ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად... მასზე უარის თქმა არ შეიძლება და ჩვენ იგი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.

პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამოქმედდა. აბაშიძე და კარასინი განიხილავენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებშია შენარჩუნებული. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

41
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის შემცირება სთხოვა

36
(განახლებულია 10:51 22.01.2021)
ბრიუსელში ვიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი მაღალი რანგის ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს.

 

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი სთხოვა, რათა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნებში სწავლისას ჰქონდეთ ისეთი ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ,  ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

 ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი იყო ერთ–ერთი მთავარი თემა, რომელსაც ზურაბიშვილი ბრიუსელში  ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლისთან შეხვედრისას შეეხო.

სალომე ზურაბიშვილმა  თხოვნით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს  რეკომენდაციით მიმართოს ამ გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის ინსტანციებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე  კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის საკითხს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  ამ კუთხით ევროკავშირს აკისრია  არა მხოლოდ მორალური და სიმბოლური, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. პრეზიდენტის აღნიშნული პოზიცია გაიზიარა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა კოვიდ–სოლიდარობის მნიშვნელობას.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, რაზეც დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ მას სურვილი აქვს ევროპარლამენტის დეპუტატების დელეგაციასთან ერთად ესტუმროს ქვეყანას და  უკეთ გაიცნოს „ევროკავშირის უახლოესი მეგობარი“.

ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან. კერძოდ, პრეზიდენტი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 23 იანვარს დასრულდება.

36
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში შევა: ისევ ერთი ყველას წინააღმდეგ

510
(განახლებულია 23:29 21.01.2021)
პარტიამ „მოქალაქეები“ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 25,5 ათასი ხმა მიიღო, რაც 1,33%-ს შეადგენს

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში შევა და მის კუთვნილ ორ სავარძელს დაიკავებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

პარტიამ „მოქალაქეები“ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 25,5 ათასი ხმა მიიღო, რაც 1,33%-ს შეადგენს.

„ორი კაცის კი არა, გაცილებით მეტი დეპუტატის გასაკეთებელს გავაკეთებთ. რასაც ხალხს ვპირდებოდით, რომ ხალხის პრობლემების მთქმელები და გამხმოვანებლები ვიქნებოდით, იმას გავაკეთებთ... ყველაფერზე ვილაპარაკებთ, ხალხის რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკებთ, ვიბრძოლებთ, ვიჩხუბებთ იქ. არ შევდივართ გასართობად და სასეიროდ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამავე დროს ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციებს წყვეტს და მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მიმართავს თხოვნით, დაიწყოს დიალოგი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე.

ამასთან მმართველ პარტიაში მკაფიოდ განაცხადეს, რომ მხოლოდ ელისაშვილთან დიალოგის წარმართვას არ აპირებენ.

„ალეკო ელისაშვილს ისევე როგორც ნებისმიერ დეპუტატს, რომელიც არის არჩეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან, აქვს სრული არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ შევიდეს პარლამენტში“, - აღნიშნა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის შეასრულოს თავისი პირობა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და საარჩევნო კოდექსის რეფორმის თემაზე დიალოგი მთელს ოპოზიციურ სპექტრთან გააგრძელოს.

„ასეთ ცალკეულ ინიციატივებზე, ცალკეულ დეპუტატებთან „ქართული ოცნების" დიალოგი ალბათ, არ იქნება სწორი ფორმა. ეს არის პოლიტიკური პროცესი და დიალოგის პროცესი, რომელიც წარიმართება, მე იმედი მაქვს, რომ დანარჩენ ოპოზიციასთანაც დიალოგის მეხუთე რაუნდიც შედგება ადრე თუ გვიან“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მოლაპარაკებები

ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების დასრულებისთანავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით დიალოგი წამოიწყეს.

შუამავლების როლი შეასრულეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა - აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებმა.

ოპოზიცია მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს, საარჩევნო კოდექსის შეცვლას, საარჩვენო ადმინისტრაციის განახლებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

მმართველი პარტია მზადაა აწარმოოს დიალოგი მხოლოდ საარჩევნო რეფორმაზე. გარდა ამისა, „ქართული ოცნება" ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არჩევნების შესასწავლად და მზადაა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ კომისია კონკრეტულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად 1-2%-იან ცდომილებას გამოავლენს.

ოპოზიცია არ ეთანხმება კომისიის პრინციპს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" მიერ მართულმა ადმინისტრაციებმა უკვე ჩაასწორეს უზუსტობები და გადათვლა უშედეგო იქნება. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ შედეგები არ ასახავს არჩევნებზე და საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებს, როდესაც მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა.

ამასობაში, მოლაპარაკებების შუამავლებმა აღნიშნეს, რომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის პოზიციების დაახლოება დიალოგის ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს, ხოლო მოლაპარაკებები მოლაპარაკებების გულისთვის არ გაიმართება.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა უკვე დაწერა მანდატების მოხსნის შესახებ განცხადებები, რომლებსაც მმართველმა პარტიამ თებერვალში უნდა განიხილოს. ამრიგად, დიალოგისა და მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის დარჩენილი დრო თანდათან იწურება.

510
მრიცხველი

მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებაზე უარის თქმა 31 იანვრამდე შეუძლიათ

0
(განახლებულია 15:52 22.01.2021)
2021 წლიდან ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის გამო, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ძველ ტარიფსა და მოქმედ ტარიფს შორის სხვაობა დაფაროს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე, იუწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი). 

საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით) გაიზარდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის (ძველ და მოქმედ ტარიფს შორის) სუბსიდირებას მოახდენს. გაზრდილი ტარიფი სრულად დაიფარება ელექტროენერგიის თვეში 300 კვტ/სთ-მდე მომხმარებლებისთვის.

პლატფორმაზე საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა 31 იანვარია.

„პლატფორმაზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის იგზავნება ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სუბსიდირება 2021 წლის განმავლობაში იმოქმედებს, მოქალაქეებს შეუძლიათ შეღავათზე უარი დააფიქსირონ როგორც თითოეულ თვეზე, ისე ერთიანად - 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით“, - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი და სხვ., ამიტომ მოსალოდნელია უმუშევართა რაოდენობის ზრდა. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ჯერჯერობით უცნობია. პრობლემა შეეხო დასაქმებულებსაც და თვითდასაქმებულებსაც. სახელმწიფო მათ და მთლიანად მოსახლეობას დახმარებას შეჰპირდა უმუშევრობისა და პროდუქტებზე ფასების ტოტალური მომატების პირობებში.

 

0