განათლების სამინისტრო

გადაწყვეტილია: განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის მიმართულება გამოეყოფა

56
(განახლებულია 21:27 24.12.2020)
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ უწყებად დაშლის საკითხი ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში იდგა.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილება მიღებულია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე.

თბილისის მერია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარს დაუჭერს>>

როგორც გახარიამ აღნიშნა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა.

„ეს პროცესი დამოკიდებულია სამართლებრივ პროცედურებზე. ვფიქრობ, თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება“, – განაცხადა გახარიამ.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ამჟამად პარლამენტში განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

კულტურის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს შეუერთდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ უწყებად დაშლის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში იყო. მაშინ ამ საკითხის წამოჭრა კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა მოითხოვეს. ღია წერილში მათ მოუწოდეს პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოყოფილიყო.

როგორც მიმართვაში ხელოვნების მოღვაწეების მიერ იყო განმარტებული, კულტურის გაერთიანებამ სხვა უწყებებთან არსებითად შეამცირა საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობები, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემის გადაჭრა უწევს.

მიმართვას ხელი მოაწერეს ისეთმა ცნობილმა ხელოვანებმა, როგორებიც არიან რეჟისორები რობერტ სტურუა, ელდარ შენგელაია, თემურ ჩხეიძე, კომპოზიტორები ნიკოლოზ რაჭველი, დათო ევგენიძე, მსახიობები კახი კავსაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, საქართველოს ნაციონალური ბალეტ „სუხიშვილების" დირექტორი ნინო სუხიშვილი და სხვ.

საქართველოში ხელოვანებს კოვიდ–კრიზისის დაძლევაში დაეხმარებიან>>

ცალკე სამინისტროს შექმნას მხარი დაუჭირეს ასევე საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, მხატვართა კავშირმა, არქიტექტორთა კავშირმა, კომპოზიტორთა კავშირმა და სხვა შემოქმედებითმა გაერთიანებებმა.

56
იენს სტოლტენბერგი

ნატომ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების შეწყვეტისკენ მოუწოდა

56
(განახლებულია 19:20 22.01.2021)
ალიანსი ასევე მოუწოდებს რუსეთს, „დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებების დაწყების წინ.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება“, — თქვა მან.

სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ასევე მოუწოდებს რუსეთს, „დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით 20 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების — ზურაბ ჯაფარიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

56
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის შემცირება სთხოვა

53
(განახლებულია 17:37 22.01.2021)
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გათანაბრება სთხოვა, რათა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნებში სწავლისას ჰქონდეთ ისეთივე ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დავიდ სასოლისთან შეხვედრისას შეეხო.

სალომე ზურაბიშვილმა თხოვნით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს – რეკომენდაციით მიმართოს ამ გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის ინსტანციებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის საკითხს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით ევროკავშირს აკისრია არა მხოლოდ მორალური და სიმბოლური, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. პრეზიდენტის აღნიშნული პოზიცია გაიზიარა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა კოვიდ–სოლიდარობის მნიშვნელობას.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, რაზეც დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ მას სურვილი აქვს ევროპარლამენტის დეპუტატების დელეგაციასთან ერთად ესტუმროს ქვეყანას და უკეთ გაიცნოს „ევროკავშირის უახლოესი მეგობარი“.

ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან. კერძოდ, პრეზიდენტი უკვე შეხვდა და შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 23 იანვარს დასრულდება.

53
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
შეჩერდეს COVID-19

მობილური აპლიკაცია Stop Covid გაუქმდა

0
(განახლებულია 22:11 22.01.2021)
აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე გახადა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისთვის ხელმისაწვდომი

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აპლიკაცია Stop Covid–ით სარგებლობის ვადა ამოიწურა და 2021 წლის 20 იანვარს არააქტიური გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებამ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, კვლავ გააქტიურდება თუ არა აპლიკაცია და არც ისაა დაზუსტებული, რამდენი ინფიცირებული გამოვლინდა აღნიშნული პროგრამის საშუალებით.  

მობილური აპლიკაცია Stop covid–ი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გასული წლის აპრილში ამოქმედდა. ინოვაციური პროგრამა  კორონავირუსის ადრეული გამოვლენისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით შეიქმნა. კერძოდ, აპლიკაცია საშუალებას აძლევდა პირებს, რომლებსაც სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან, დროულად მიეწოდებინათ ინფორმაცია შესაბამისი უწყებისთვის, რაც ვირუსის გავრცელების შეჩერების ერთ–ერთი პირობა იყო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 251 ათას შემთხვევას აჭარბებს, გამოჯანმრთელდა 238 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3 ათასზე პაციენტი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები