აჭარის მთავრობის შენობაც

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს მომავალი წლის პრიორიტეტები გააცნო

32
(განახლებულია 19:27 24.12.2020)
აჭარის მთავრობა ავტონომიის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს, რომლის გამართვაც უახლოეს დღეებში იგეგმება.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს დღეს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან ერთად 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმაც წარუდგინა, იუწყება „პირველი არხი“.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის>>

თორნიკე რიჟვაძემ იმ მთავარ ამოცანებზე ისაუბრა, რომლებსაც აჭარის მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში განახორციელებს.

„პირველი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეპიდემიის მართვა. გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები უკვე გამოიკვეთა. მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური დანაკარგებით შევძლოთ ამ გლობალური გამოწვევის დაძლევა. ამის პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი რეგიონისთვის ეკონომიკის გაძლიერება არის პირველი რიგის ამოცანა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ეკონომიკის აღდგენისა და გაჯანსაღების კუთხითაც მართებს მთავრობას ძალიან ოპერატიულად მთელი რიგი ღონისძიებების გატარება და სწორედ ეს პრიორიტეტებია წარმოდგენილი იმ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც განახორციელებს აჭარის მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში.

აჭარის მთავრობას ავტონომიის უმაღლესი საბჭო უახლოეს დღეებში რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.

აჭარის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება 15 დეკემბრიდან ამოქმედდა. მის შემადგენლობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ 14 და ოპოზიციიდან შესული ერთი წარმომადგენელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ექვსმა დეპუტატმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადა.

აჭარის ახლად არჩეულ უმაღლეს საბჭოში ავტონომიის მთავრობის მეთაურის პოსტზე კვლავ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაა წამოყენებული.

32
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მომავალ კვირაში ბრიუსელს ეწვევა

16
ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობასთან მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობასთან მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

საქართველომ უკვე განაცხადა, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობის მიღების მიზნით განაცხადის შეტანას გეგმავს, და პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამის დიდი ნაწილი ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმობა.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.

აგრეთვე დაგეგმილია ზურაბიშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

16
გიორგი გახარია

„მკაცრად ვიმოქმედებთ“ გახარია რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს შეეხო

77
(განახლებულია 17:29 15.01.2021)
ადამიანები, რომლებიც მსგავსი კონფლიქტების პროვოცირებას ეწევიან, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან, ხაზგასმით განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, უკვე რამდენიმე დღეა, სოფელში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი სკანდალი არ ცხრება.

კონფლიქტი ბუკნარში იმის გამო დაიწყო, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა ტრადიციული პარასკევის ლოცვის წასაკითხად კერძო სახლში სამლოცველოს მოწყობა გადაწყვიტეს. ამის გამო სოფელში გავრცელდა ხმა, რომ ბუკნარში აპირებენ მეჩეთის აშენებას, რამაც ადგილობრივ მართლმადიდებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ორი დღის წინ პირველი დაპირისპირებისა და ჩხუბის შემდეგ სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი მუსლიმთა სათვისტომოდან, საავადმყოფოში გადაიყვანეს იმის გამო, რომ მათ ქვები დაუშინეს. პოლიციამ ერთ-ერთი დამნაშავე დააკავა.

„არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს ჩვენს მოსახლეობას შორის დაპირისპირებას, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ აღნიშნა ასევე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რელიგიური მრავალფეროვნება – ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიის ნაწილია.

ბოლო დღეებში მასმედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სოფელში მყოფი პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრების შეკავებას, რომლებიც იმუქრებიან იმ პირთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ვინც სოფლის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამლოცველოს მოწყობას ცდილობს. ვითარება იმის გამო გართულდა, რომ პირველი ჩხუბის შემდეგ მუსლიმთა სათვისტომოს მხარდასაჭერად ბუკნარში მეზობელი აჭარის რეგიონიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა.

საუბარია ისლამის მიმდევარ ეთნიკურ ქართველებზე – ისინი აჭარის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ. მაღალმთიანი აჭარიდან ოჯახები სტიქიური უბედურებებისა და სხვა არახელსაყრელი საცხოვრებელი პირობების გამო ხშირად გურიისა და სხვა რეგიონების სოფლებში სახლდებიან.

ადგილზე უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მუშაობენ, რათა დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი აღმოფხვრან.

77
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: აუცილებლად ავიცრები და არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით

0
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე აუცილებლად აიცრება, ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა შემოვა, ამის გარანტიებს კი COVAX-პლატფორმა იძლევა.

„რა თქმა უნდა, ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელშიც ვაქცინაციის საჭიროება მექნება და არ ვისარგებლებ პრიორიტეტით… ზუსტად ვიცი, რა ხარისხის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში და ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, რომლის დოზირებაც ორეტაპიანია. მან ასევე აღნიშნა, რომ გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა შემოვა, ამის გარანტიებს კი COVAX-პლატფორმაზე გასაგზავნად დღეს უკვე გამზადდა წერილი ყველა იმ შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელიც საქართველოში ვაქცინაციის მომზადების პერიოდისთვის განხორციელდა.

„მზადდება გარკვეული დოკუმენტაცია როგორც საკანონმდებლო, ასევე საინფორმაციო მიმართულებით. გეგმაზომიერად მივყვებით ყველა იმ პროცესს, რომელიც საჭიროა შეუფერხებელი და უსაფრთხო ვაქცინაციისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების შესანახად დამატებითი მაცივრების შეძენის საჭიროება არ არის.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება >>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

0