საქართველოს პარლამენტმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

© photo: Sputnikპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიებისა და დეპუტატების წახალისებას, რომ მათ საპარლამენტო საბოტაჟზე უარი თქვან, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს იმ პარტიებისთვის დაფინანსების შეჩერებას, რომლებიც უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე, 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, კანონპროექტის შემდგომი განხილვა „ეუთო/ოდირის“ ან ვენეციის კომისიის დასკვნამდე შეჩერდება.

ძირითადი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომლის თანახმად, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი დეპუტატების მინიმუმ ნახევარი უარს არ იტყვის მანდატებზე.

პარტია ასევე ვერ შეძლებს წლიური დაფინანსების მიღებას, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტის წინა სესიის ყველა სხდომას არასაპატიო მიზეზით გააცდენს.

გარდა ამისა, დაფინანსების გარეშე დარჩება ბლოკში შესული პარტია, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტში არ შევა, ან თუ პარლამენტში შესული პირები წინა ექვსი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენენ პარლამენტის სხდომებს.

ამასთან ერთად, პარტიები, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდებათ, ვერ შეძლებენ ახალი საარჩევნო კამპანიის პერიოდში უფასო საეთერო დროით სარგებლობას.

პარლამენტმა ასევე ცვლილებები შეიტანა რეგლამენტში, რომლის თანახმად, დეპუტატები, რომლებიც პლენარულ სხდომებს გააცდენენ, ხელფასს ვერ აიღებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0