გახარია: მედიკამენტებზე ფასები უნდა შემცირდეს

გამოწერა
ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდაა დასახელებული.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს და ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ.

მამაკაცი პირბადით აფთიაქთან - Sputnik საქართველო
რატომ ძვირდება პანდემიის დროს საქართველოში წამლები და სამედიცინო მომსახურება?

გახარია ამჟამად პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის წინაშე სიტყვით გამოდის და მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პროგრამას წარმოადგენს.

გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა დღეს არაა იდეალური და მას გაძლიერება და რეფორმირება სჭირდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანა კი, რასაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა უპასუხოს, „ჯიბიდან გადახდის“ შემცირებაა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგმება.

„საბოლოო ჯამში შედეგი უნდა გვქონდეს ისეთი, რომ მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს, და ჯიბიდან გადახდა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან უნდა შემცირდეს. თუ რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ ამისთვის, ეს არის რეფორმის ნაწილი. მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე. ამ ამოცანას ჯანდაცვის სისტემა შეასრულებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისი განმარტებით, მოქალაქეების დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი კრიზისის პირობებში.

სხვადასხვა კვლევის თანახმად, მედიკამენტებზე დანახარჯის წილი „ჯიბიდან გადახდებში“ ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს.

ყველა ახალი ამბავი
0