აჭარის უმაღლესი საბჭო

„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადეს

58
(განახლებულია 19:27 21.12.2020)
ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ექვსი წარმომადგენლის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხს აჭარის საკანონმდებლო ორგანო ახალი წლის შემდეგ განიხილავს.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. შვიდიდან ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვა.

სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის შესახებ შესაბამისი განცხადებები უკვე შესულია ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სახელზე.

მხოლოდ ერთმა დეპუტატმა ბლოკიდან ირაკლი ჩავლეიშვილმა გადაწყვიტა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა და „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვება, რომელიც შედის ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ დაკმაყოფილდება, განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

„აჭარის უმაღლესი საბჭო არ არის ერთპარტიული, ვინაიდან ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაგრძო საქმიანობა, ზოგადად კი უმაღლესი საბჭო მაშინ იქნებოდა ერთპარტიული, თუ ამომრჩეველი მხოლოდ ერთ პარტიას გამოუცხადებდა ნდობას. იმუშავებს თუ არა ოპოზიცია, ეს მათი ნებაა. ვფიქრობ, ოპოზიციის გადაწყვეტილება არის შეცდომა“, – განაცხადა გაბაიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. არჩევნების შედეგებით მმართველ პარტიას 14 მანდატი შეხვდა, ხოლო ოპოზიციას – შვიდი.

58
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (259)
პარლამენტი

რა უფლებამოსილება მიენიჭებათ ოპოზიციონერ დეპუტატებს: კომიტეტში ცვლილებებს დღეს განიხილავენ

13
(განახლებულია 09:43 26.01.2021)
რეგლამენტში ცვლილებების მიღების შემდეგ უფრაქციო დეპუტატებს  შესაძლებლობა ექნებათ  დაიკავონ საპარლამენტო თანამდებობები

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებას შეეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს დამატებითი უფლებები მიენიჭებათ.

კანონპქროექტი, რომელიც უმრავლესობამ მოამზადა, უფრაქციო დეპუტატებს საშულებას მისცემს, საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთონ. რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებში ნათქვამია, რომ აღნიშნული გამონაკლისები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტს შეეხება.

„უფრაქციო დეპუტატებს მიეცემათ საშუალება იმისა, რომ საპარლამენტო ცხოვრების ყველა სრულფასოვანი ბერკეტი მათ ხელშიც იყოს, მათ შორის დებატები ინტერპელაციის წესით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცვლილებების მიხედვით, ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს. ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას, ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს.

ამასთან, უფრაქციო დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტის განხილვების დროს, აგრეთვე ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში.

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა, პარტიის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტეს. ამის შემდეგ ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ, ავთანდილ ენუქიძემ და დავით ზილფიმიანმა ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს.

წილოსანი: იმედი გვაქვს, რომ პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატები შეემატებიან>>

თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც განაცხადეს. მათ ხმების 1,33% მიიღეს და ორი სადეპუტატო სავარძელი ერგოთ. „გირჩის“ კიდევ სამი წარმომადგენელი აცხადებს, რომ გააგრძელებს დიალოგს როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან, მაგრამ პარლამენტში შესვლას ჯერ არ აპირებს.

13
თემები:
საქართველოს პარლამენტი
არჩილ თალაკვაძე

„პარლამენტი ისეთი უნდა იყოს, როგორიც ის ხალხმა აირჩია“ - თალაკვაძე

41
(განახლებულია 09:14 26.01.2021)
საპარლამენტო უმრავლესობა იმედს არ კარგავს, რომ ოპოზიცია გონს მოეგება და ის 51 დეპუტატი, რომელმაც უფლებამოსილების დათმობის შესახებ განცხადება დაწერა, გადაიფიქრებს და მანდატებს არ დათმობს

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის, შემდეგ კი ბიუროს მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვის ვადა იწურება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევის პროცედურას იწყებს >>

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სურს, პარლამენტი დაკომპლექტებული იყოს და იმუშაოს იმ სახით, როგორითაც ის ხალხმა აირჩია - ოპოზიციასთან ერთად.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს და დღესაც ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მიცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და საქართველოს პარლამენტი მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს 27 და 28 იანვარს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს. შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, საკითხს ბიუროს სხდომაზე გაიტანენ, 2 თებერვალს კი საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭს უყრიან.

უფლებამოსილების დათმობას 51 ოპოზიციონერი დეპუტატი აპირებს. მათ საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით გასული წლის ბოლოს მიმართეს.

ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ბლოკის (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტიის“ (1 მანდატი) წარმომადგენლები, ასევე, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კენჭს იყრიდა პარტია „გირჩიდან“.

პარლამენტში დეპუტატების უფლებამოსილების შესაწყვეტად საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

41
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 26 იანვარს

0
(განახლებულია 21:33 24.01.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის და რიგის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას, ხომლის, უჩა ჯაფარიძის, ტოტო გუდავას და თევდორე მხატვრის ქუჩის მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩერქეზიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს