ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

93
(განახლებულია 20:27 19.12.2020)
გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალ თანამდებობას 10 წლით - 2030 წლამდე დაიკავებს.

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

„რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების ასამბლეას მადლობას ვუხდი საქართველოს კანდიდატურისადმი გამოხატული ნდობისთვის. ვულოცავ ჩემს ძველ მეგობარსა და კოლეგას, ახლა მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძეს. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებებს მიაღწევ. ჩემთვის დიდი პატივი იყო და ამაყი ვარ, რომ ამ კამპანიის გუნდის ნაწილი ვიყავი“, - წერს  გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ Twitter-ზე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრად წარადგინა. ის შეცვლის თეა წულუკიანს, რომელიც ამ პოსტს რვა წლის განმავლობაში იკავებდა.

პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა  მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა მოსამართლემ ასეთი მაღალი პოზიცია დაიკავა.

„მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში პარტნიორ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის, ბევრ ჩემს კოლეგას, ვინც პირადი საუბრებისას მიდასტურებდნენ მხარდაჭერას, ასევე საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, რომელთაც დიდი სამუშაო გასწიეს ამ შედეგისთვის“, - დაწერა ზალკალიანმა თავის Facebook-გვერდზე.

ლორთქიფანიძის დანიშვნას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.

„საქართველო ამაყია, რომ მისი კანდიდატი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს“, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა თავის Twitter-აკაუნტში.

ლორთქიფანიძე ახალ თანამდებობას 2030 წლამდე დაიკავებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც განიხილავს ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისათვის: გენოციდი, სამხედრო დანაშაულები, ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულები და აგრესიის დანაშაული.

სასამართლო დაფუძნდა 1998 წელს რომის სტატუტის საფუძველზე, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. 2020 წლისთვის რომის სტატუტის რატიფიცირება 123-მა სახელმწიფომ მოახდინა.

საქართველო რომის სტატუტს 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.

გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. 1991-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში, იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიქტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.

1999-2003 წლებში მუშაობდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ნიუ იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში კი – ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი.

93
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო პრეზიდენტის სასახლეში

საქართველოს პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთ პატივი მიაგო

49
(განახლებულია 15:12 28.01.2021)
სამგლოვიარო ცერემონიაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, ისრაელის კონსულმა მიიღო მონაწილეობა.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას ისრაელის კონსული საქართველოში სმადარ ზემახ-რაზაბი ესწრებოდა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ტრაგედია, რომლის მსხვერპლიც მილიონობით ადამიანი გახდა. მან მათი ხსოვნის ნიშნად სანთლები დაანთო.

კონსულმა პრეზიდენტს ცერემონიისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიის არდავიწყება მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 27 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს, 1945 წელს საბჭოთა ჯარმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა. ყოველი წლის 27 იანვარს ბუნდესტაგში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონია ტარდება.

49
ვაქცინა

პარლამენტი დღეს ვაქცინაციის გეგმას დაამტკიცებს

26
(განახლებულია 14:54 28.01.2021)
საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ითვალისწინებს წლის ბოლომდე 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა 60%-ის აცრას. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმას საქართველოს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.

პარლამენტმა გუშინ რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო შესწორებები, რომლებიც კორონავირუსზე ვაქცინაციას ეხება. საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება, რათა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს.

საკანონმდებლო შესწორებები კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ ითვალისწინებს მოსახლეობის ვაქცინაციას მხოლოდ ჯანმოს მიერ დარეგისტრირებული ვაქცინებით, ასევე ვაქცინის მწარმოებლის მოთხოვნების შესაბამისად, რაც საქართველოს ავალდებულებს, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა შესაძლო ზარალის ან ვაქცინაციის პროცესში გართულებების შემთხვევაში.

კანონში ცვლილებების თანახმად, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა – პარლამენტი ვაქცინაციის გეგმას მხარს უჭერს>>

გავრცელებული ინფორმაციით, თვის ბოლოს ქვეყანას ეცოდინება ვაქცინაციის გრაფიკი და ვაქცინის მიღების თანმიმდევრობა. ვაქცინაციის პროცესი მკაცრად გეგმის მიხედვით ჩატარდება.

სოციოლოგიურმა კვლევებმა, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარდა, აჩვენა, რომ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც თანახმა არიან, აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 50-დან 60 პროცენტამდე მერყეობს.

საქართველო ვარაუდობს, რომ 20 ათას დოზა ვაქცინას თებერვალში მიიღებს. ეს, სავარაუდოდ, Pfizer-ის (ამერიკულ–გერმანული წარმოების) ვაქცინა იქნება.

ეკონომიკის სრული გახსნისთვის მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრაა საჭირო. ამას შეიძლება დაახლოებით 164 მლნ ლარი დასჭირდეს.

ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

26
თემები:
საქართველოს პარლამენტი
თბილისის „დინამო

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში სტარტს 27 თებერვალს აიღებს

0
(განახლებულია 15:42 28.01.2021)
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ახალი სეზონი „დინამო არენაზე“ „დინამო თბილისისა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩით გაიხსნება. პირველი ტურის ბოლო მატჩში კი თბილისური გუნდების დაპირისპირებას ვიხილავთ

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს დაიწყება. ინფორმაციას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი მატჩი „დინამო არენაზე“ ჩატარდება. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ჩემპიონატის პირველ მატჩს ქვედა ლიგიდან დაწინაურებულ წყალტუბოს „სამგურალთან“ გამართავს. „დინამოსა“ და „სამგურალს" შორის შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

ახალი სეზონის პირველ დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ ქუთაისს ესტუმრება, სადაც პირველი ქულების მოპოვებას ქუთაისის „ტორპედოსთან“ შეეცდება. შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

პირველი ტურის კიდევ ორი მატჩი შედგება 28 თებერვალს. გორის „დილა“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე ქობულეთის „შუქურას" მიიღებს (18:00), ხოლო „თელავი“ წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას „კავკასიონი არენაზე“ „სამტრედიასთან“ გამართავს. რაც შეეხება სასტარტო ტურის ბოლო მატჩს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის შედგება. ტურის ბოლო შეხვედრა 1 მარტს 19:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ლიგის წინა სეზონი „დინამო თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა. თბილისელებთან ერთად ევროსაგზურის მოპოვება მეორე–მესამე ადგილებით „დინამო ბათუმმა“ და გორის „დილამ“ შეძლეს. ასევე ევროსარბიელზე ვიხილავთ საქართველოს თასის გამარჯვებულ „გაგრას“. ამასთან ეროვნული ლიგიდან  „ჩიხურა“ და თბილისის „მერანი“ დაქვეითდნენ, მათ ნაცვლად უმაღლეს ლიგაში ქობულეთის „შუქურა“ და წყალტუბოს „სამგურალი“ აღზევდნენ.

0
თემები:
სპორტის ამბები