დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან საუბრისას

სერგეენკო:  საბედნიეროდ, საქართველოში რევოლუციის პირობები არ არის

130
(განახლებულია 19:46 18.12.2020)
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტიებისთვის განკუთვნილი სავარძლები ამ დრომდე თავისუფალია

თბილისი, 18 დეკემბერი -  Sputnik. საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა პოზიციისა და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ.

დღეს ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ  ქვეყანაში მხოლოდ ორი გზა რჩება — ან დიქტატურისკენ სვლასთან შეგუება, ან ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუცია. მისი მტკიცებით, ოპოზიციას არცერთი გზა არ სურს და სწორედ ამიტომ მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს.

სერგეენკო გამოეხმაურა ბოკერიას განცხადებას ლეგიტიმური რევოლუციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოში ამის პირობები არ დგას.

„ლეგიტიმური რევოლუცია — ამის სპეციალისტი არ ვარ. ისევ იმ მოსაზრებაზე ვრჩები, რომ მოლაპარაკება... და საპარლამენტო ტრიბუნა უნდა იყოს გამოყენებული პოზიციისა და ოპოზიციის პაექრობისთვის. მჯერა, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ეს არის სწორი გზა“, — აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ახალი პარლამენტი უფლებამოსილების აღსრულებას 11 დეკემბერს შეუდგა, თუმცა იგი ამ დრომდე ერთპარტიულ რეჟიმში მუშაობს, ვინაიდან ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბდა. 

ცნობილია, როდის გამოუცხადებს პარლამენტი ნდობას ახალ მინისტრთა კაბინეტს>>

უკვე თვეზე მეტია, რაც  31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების დარეგულირებას აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებიც ცდილობენ. ისინი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებენ. ამ დროის განმავლობაში დიპლომატებმა არაერთხელ სცადეს, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების აღიარებაზე, ხელისუფლება კი დათმობაზე დაეთანხმებინათ. აღსანიშნავია, რომ გასულ ხუთშაბათს, ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მოლაპარაკებების გადამწყვეტი, რიგით მეხუთე რაუნდი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

 

130
თემები:
საქართველოს მთავრობა (100)
გიორგი გახარია

„მკაცრად ვიმოქმედებთ“ გახარია რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს შეეხო

70
(განახლებულია 17:29 15.01.2021)
ადამიანები, რომლებიც მსგავსი კონფლიქტების პროვოცირებას ეწევიან, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან, ხაზგასმით განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, უკვე რამდენიმე დღეა, სოფელში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი სკანდალი არ ცხრება.

კონფლიქტი ბუკნარში იმის გამო დაიწყო, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა ტრადიციული პარასკევის ლოცვის წასაკითხად კერძო სახლში სამლოცველოს მოწყობა გადაწყვიტეს. ამის გამო სოფელში გავრცელდა ხმა, რომ ბუკნარში აპირებენ მეჩეთის აშენებას, რამაც ადგილობრივ მართლმადიდებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ორი დღის წინ პირველი დაპირისპირებისა და ჩხუბის შემდეგ სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი მუსლიმთა სათვისტომოდან, საავადმყოფოში გადაიყვანეს იმის გამო, რომ მათ ქვები დაუშინეს. პოლიციამ ერთ-ერთი დამნაშავე დააკავა.

„არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს ჩვენს მოსახლეობას შორის დაპირისპირებას, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ აღნიშნა ასევე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რელიგიური მრავალფეროვნება – ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიის ნაწილია.

ბოლო დღეებში მასმედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სოფელში მყოფი პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრების შეკავებას, რომლებიც იმუქრებიან იმ პირთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ვინც სოფლის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამლოცველოს მოწყობას ცდილობს. ვითარება იმის გამო გართულდა, რომ პირველი ჩხუბის შემდეგ მუსლიმთა სათვისტომოს მხარდასაჭერად ბუკნარში მეზობელი აჭარის რეგიონიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა.

საუბარია ისლამის მიმდევარ ეთნიკურ ქართველებზე – ისინი აჭარის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ. მაღალმთიანი აჭარიდან ოჯახები სტიქიური უბედურებებისა და სხვა არახელსაყრელი საცხოვრებელი პირობების გამო ხშირად გურიისა და სხვა რეგიონების სოფლებში სახლდებიან.

ადგილზე უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მუშაობენ, რათა დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი აღმოფხვრან.

70
გიორგი გახარია

გახარია: ვაქცინაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ იქნება

44
(განახლებულია 17:15 15.01.2021)
ქვეყანა ემზადება ვაქცინაციისთვის, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაცების მიერ ავტორიზებული ვაქცინა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს დაამტკიცებს გეგმას, რომელშიც ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები იქნება გაწერილი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, ეპიდვითარების შედარებით დასტაბილურობის მიუხედავად, საქართველოსთვის დღეში დაახლოებით 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი რიცხვია, ამიტომ შეზღუდვები მაინც 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

„ჩვენ ამ შემთხვევაში 1 თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რაც დღეს მოქმედებს“, – განაცხადა გახარიამ.

1 თებერვლიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყება, შესაბამის ღონისძიებებზე მთავრობაში მსჯელობენ.

„პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ ერთად შევიმუშაოთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი ვაქცინაციის თემას შეეხო და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური კომისიის მუშაობის მიმართულებებზე ისაუბრა.

„ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, უბრალოდ ვერც ვხდები, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებით დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, პირველი ამოცანაა – ვაქცინის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა.

„მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი. ასევე (კომისიის ამოცანაა) მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად – დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია“, – განაცხადა გახარიამ.

მეორე საკითხი – იმ მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში უნდა დაიწყოს.

„მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, ასევე სხვა საშუალებითაც“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს.

„ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ გეგმას, რომელიც შემდგომ უკვე მთავრობაზე დამტკიცდება. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველომ COVAX-ის პლატფორმაზე Pfizer-ის ვაქცინა შეუკვეთა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია ეჭვქვეშ დააყენეს – პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომ COVAX-ის პლატფორმასა და Pfizer-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ პრეპარატის გარანტირებული იმპორტის შესახებ საუბარი ვერ იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდება, როდის მიიღებს ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, მანამდე კი მოქმედი შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია.

 

44
საპატრულო პოლიცია

თბილისის ზღვაზე მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

0
ბრალდებულმა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაპირისპირებას წინ უძღოდა შელაპარაკება.

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 38 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0