პარლამენტის სხდომა

ცნობილია, როდის გამოუცხადებს პარლამენტი ნდობას ახალ მინისტრთა კაბინეტს

98
(განახლებულია 19:26 18.12.2020)
კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ავტომატურად გადადგა.

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 21 დეკემბერს დაიწყება და 24 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება. ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამჟამად ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მეათე მოწვევის პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დღეს გააცნო. ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის ბიუროს წარედგინა, რომელმაც უკვე შეიმუშავა განრიგი.

ამ განრიგის მიხედვით, მოსმენები კომიტეტებში 21 დეკემბერს დაიწყება. ამასთან გაიმართება თემატური კომიტეტების გაერთიანებული სხდომებიც. 23 დეკემბერს მთავრობის წევრობის კანდიდატები ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდებიან, 24 დეკემბერს კი პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს ეყრება კენჭი. 

აღსანიშნავია, რომ მომავალ მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი ახალი სახეა. კერძოდ, ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის პორტფელს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს, რომელიც 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება უწყების ყოფილ ხელმძღვანელ თეა წულუკიანს, ის, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. 

მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილი  არიან: 

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
  • თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
  • იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.

ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.

 

98
თემები:
საქართველოს მთავრობა (104)
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს

12
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში დღეს გაიხსნა და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარლამენტის დეპუტატი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს.

კენჭისყრა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდა.

ამასთან, სესიაში მონაწილეობის პარალელურად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი სტრასბურგში. ის პირისპირ შეხვდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დაემსს, რომელიც დღევანდელ სესიაზე პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს.

ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება ადამიანთა უფლებების საკითხებში ევროკომისარს დუნია მიატოვიჩს.

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

PACE: საქართველოში ამომრჩეველთა სიებს ენდობიან>>

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციაში 47 სახელმწიფო შედის.

12
აქცია პარლამენტის წინ

ყველაზე რეიტინგული ქართული პარტია NDI–ს გამოკითხვა

24
(განახლებულია 15:16 25.01.2021)
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვაში მონაწილეთა თითქმის მესამედი უპირატესობას „ქართულ ოცნებას“ ანიჭებს

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უჭერს მხარს, ამაზე აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვა მეტყველებს.

კითხვაზე: „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ რესპონდენტების 31%–ის პასუხი იყო „ქართული ოცნება“.

გამოკითხულთა მეოთხედმა აღნიშნა, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა არაა მის მოსაზრებებთან ახლოს, პასუხზე უარი განაცხადა 24%–მა, ხოლო 5%–ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ გუნდებს, გამოკითხვის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათია გამოკითხულთა მხოლოდ 5%–ს აქვს

დანარჩენმა პარტიებმა – „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“ – ერთად 9% პროცენტი დააგროვეს.

NDI–ს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2020 წლის 17–24 დეკემბერს ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 2 ათასზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა.

ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია NDI მსგავს კვლევებს საქართველოში 2009 წლიდან ატარებს. გამოკითხვა ამ ორგანიზაციის შეკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (СRRС) ჩაატარა.

გამოკითხვის ცდომილებაა +/–1,1%.

24
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

0
(განახლებულია 16:53 25.01.2021)
ელისო ბოლქვაძემ არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებსა და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში.

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ცნობილ ქართველ პიანისტს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა, ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და  იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის მიანიჭა.

იუნესკოს საპატიო ტიტულს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი ფლობს. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვ.

ქართველ პიანისტს აღნიშნული სტატუსი პირველად  2015 წელს პარიზში მიენიჭა  და პირველი ქართველი ხელოვანია, რომელიც პრესტიჟულ ჯილდოს ფლობს. 

ელისო ბოლქვაძე 1967 წლის 2 იანვარს თბილისში დაიბადა. მუსიკალური ნიჭი ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა. პირველი კონცერტი ორკესტრთან ერთად შვიდი წლის ასაკში დაუკრა, ხოლო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს დაამთავრა.

მან პროფესიული მოღვაწეობა საფრანგეთიდან და ავსტრიიდან დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად გამოდის ევროპისა და აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გერმანიაში, პორტუგალიასა და აშშ-ში. 2012 წელს ჩამოაყალიბა ფონდი „ლირა", რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს უწევს დახმარებას. მან ასევე 2013 დააფუძნა "ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი".

ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ.

საფრანგეთის ეროვნულმა სატელევიზიო კომპანია LCI-მ სრულმეტრაჟიანი ფილმი მიუძღვნა ქართველი ხელოვანის ცხოვრებას საქართველოსა და პარიზში.
ელისო ბოლქვაძე მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა.

0