ალეკო ელისაშვილი

„სირცხვილი არ არის“ რაში ხედავს კომპრომისს „მოქალაქეების“ ლიდერი

121
(განახლებულია 18:52 16.12.2020)
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი საკანონმდებლო ორგანოში შესვლაა.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თუ ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმების მიღწევას შეძლებენ, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

ახალი პარლამენტი უფლებამოსილების აღსრულებას 11 დეკემბერს შეუდგა, თუმცა იგი ამ დრომდე ერთპარტიულ რეჟიმში მუშაობს – ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბდა. 

თვეზე მეტია ვითარების დარეგულირებას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ცდილობენ, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებენ. ამ დროის მანძილზე დიპლომატები ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების აღიარებაზე, ხელისუფლება კი დათმობაზე დაეთანხმებინათ. გასულ ხუთშაბათს, ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გადამწყვეტი, მეხუთე რაუნდი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

„ჩვენ გვინდა, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს. ჩვენ მოლაპარაკებებისა და შეთანხმების მომხრე ვართ, იმიტომ რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე ძალზე მნიშვნელოვანი საკითხები დევს და თუ ჩვენ მასზე შევთანხმდებით, ეს ქვეყნის განვითარებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, თუ როდის შედგება ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.

„ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. და რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი, რადგან ეს კრიზისი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. ქვეყანამ უნდა ამოისუნთქოს და ჩვენ სხვა კრიზისებით უნდა დავკავდეთ, იქნება ეს კორონავირუსი თუ სიღარიბის პრობლემა“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ „ქართული ოცნება“ გარკვეულ დათმობებზე მიდის, აღნიშნა ელისაშვილმა. 

„ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი და დათმობა პარლამენტში შესვლა იქნება... საკმარისია ამაზე ჩურჩულით ლაპარაკი, ნურავის ნუ შერცხვება ამაზე ხმამაღლა ისაუბროს. პარლამენტში შესვლა ქვეყნის ღალატს არ ნიშნავს, პირიქით – ეს სამშობლოს სამსახურია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს შედეგების მიხედვით, 150-დან 60 ადგილი ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს. მათ პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოაცხადეს და დეპუტატის მანდატებზე უარი განაცხადეს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ოპოზიციიდან პირველი ლიდერი, რომელმაც ოპოზიციაში შესაძლო განხეთქილებისა და ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლაზე განაცხადა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილია.

პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან პროპორციული სიების გაუქმების შესახებ განცხადებით ცესკოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. მათ არც სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით მემორანდუმზე მოუწერიათ ხელი.

 

121
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (255)
 ესესპანეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები

კორონავირუსი და პანდემია - რაზე ისაუბრეს საქართველოს და ესპანეთის მთავარმა დიპლომატებმა

15
დავით ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მაგრამ მთავარი თემა იყო მსოფლიო საზოგადოების ბრძოლა ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ესპანეთი უახლოეს მომავალში განაცხადებს „სოლიდარობის გეგმის“ შესახებ, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას და გადანაწილებას გულისხმობს, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონზალეს ლაიამ ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მადრიდის ხელისუფლება ქალაქის კატასტროფის ზონად გამოცხადებას ითხოვს: ვრცელდება ვიდეო >>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ მოქმედებებს გლობალური პანდემიის წინააღმდეგ და სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პანდემიის პერიოდში რთული ეკონომიკური ვითარების დასაძლევად.

„ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივი ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა”, - მოჰყავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები ქართული საგარეო უწყების პრესსამსახურს.

ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ ასევე განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა,  ქალთა უფლებების საკითხები და ბირთვული განიარაღების თემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით ესპანეთში, სადაც 20 იანვრამდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურების შერჩევა მოხდება.

საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV-ის სახელით და მასთან შეხვედრა.

15
გიორგი ვაშაძე

შეხვედრა არ შედგა: რატომ თქვა გიორგი ვაშაძემ უარი

20
(განახლებულია 17:22 18.01.2021)
„გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, რომელთაც 2020 წლის არჩევნების შედეგებით ჯამში ექვსი მანდატი ერგოთ, ოფიციალურად უარი არ უთქვამთ სადეპუტატო მანდატებზე.

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. როდესაც ვთქვით, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრას ვაპირებდით, მას საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია, ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას. 

გასულ კვირას „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“ დაკავშირებით შეთანხმდნენ ორ მოთხოვნაზე: ყველა შემდგომი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება 0%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის ფორმულირება. მათი აზრით, დაგეგმილმა ადგილობრივმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება, უნდა აჩვენოს, თუ რამდენად აუცილებელია ქვეყნისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები. 

როგორც პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში დამარცხდება, მან საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი – პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ შიდა კონსულტაციების ახალ ეტაპს გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ შეხვედრით დაწყებას აპირებდა. კონსულტაციების მთავარი თემა  მმართველ პარტიასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები და ის საკითხი უნდა ყოფილიყო, თუ რა პირობებში იქნება ოპოზიცია თანახმა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. 

აღნიშნულ საკითხს გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ის უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება. ასევე, ის არასწორად მიიჩნევს ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლას  და ფიქრობს, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა იყოს განხილული.

„ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა, მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა და რა შეიცვალა, ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი ვაშაძეს“,- განაცხადა იაგო  ხვიჩიამ. 

ოპოზიციური პარტიების – „გირჩისა" და "მოქალაქეების" მიერ დაწყებულ შიდა კონსულტაციებს სკეპტიკურად უყურებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.  

„არ მგონია, რომ აღნიშნული წინადადების განხილვა ცალ-ცალკე უნდა მოხდეს. ინდივიდუალური შეხვედრები სწორად არ მიმაჩნია.  ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საჯარო სივრცეში ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრის დაწყება მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას „ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ," - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან ხუთმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადა. ესენია ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი). მათ ცესკოში წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმება მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა.

20
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (255)
მადარინები

საქართველოდან ხუთ თვეში 17.3 მილიონი დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

0
წელს ქართული მანდარინი ექსპორტზე 14 ქვეყანაში გაიტანეს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, თურქმენეთი

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში 17.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 35.4 ათასი ტონა მანდარინი ექსპორტზე გაიტანეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან მიმდინარე წლის 17 იანვრამდე ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (16%) აღემატება 2019-2020 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, 2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (20.5 ათასი ტონა), სომხეთსა (7.6 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). ასევე, მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 40 ათას ტონას შეადგენს.

 

0